iBooks.Ge - ელექტრონული წიგნების ონლაინ მაღაზია
შემოგვიერთდით:

სტატიები

მოსე და მონოთეიზმი
10 მარ, 2021

მოსე და მონოთეიზმი

მოსე და მონოთეიზმი“ (Der Mann Moses und die monotheistische Religion, 1939) ფროიდის უკანასკნელი ნაშრომია, რომელსაც ის სიცოცხლის ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ქმნიდა. ეს წიგნი არის მისი ანტირელიგური ფილოსოფიის გაგრძელება (საკმარისია მისი კიდევ ერთი ნაშრომი გავიხსენოთ, „ილუზიის მომავალი“, სადაც „ილუზიის“ ქვეშ სწორედ რელიგია იგულისხმება) და თითქმის ნახევარსაუკუნოვანი ფსიქოანალიტკური გამოცდილების გამოყენება ცალკე აღებული ერის ანალიზისთვის.

არელიგიური, ანტირელიგიური, ათეისტი ფროიდი ამ წიგნს სასიკვდილო სარეცელზე ასრულებდა. მიუხედავად რელიგიისადმი ასეთი დამოკიდებულებისა, მას არასოდეს უარუყვია, მეტიც, ამაყობდა თავისი ებრაული წარმომავლობით, რომელიც, თუ ამ წიგნს ვენდობით, სინამდვილეში... ეგვიპტურია.

ეგვიპტოლოგების, ჯეიმს ბრესტედისა და ედუარდ მეიერის მიგნებებზე დაყრდნობით ფროიდი გამოთქვამს მოსაზრებას, რომ მოსე იყო არა ებრაელი, არამედ ეხნატონის ეპოქის დიდგვაროვანი ეგვიპტელი. ეს აძლევს საშუალებას ფროიდს, მონოთეისტური რელიგიების წარმოშობის საკუთარი თეორია განავითაროს და „გამოსვლის“ წიგნის თავისი ვერსია შემოგვთავაზოს.

ეხნატონისა და მისი ახლად შემოღებული რელიგიის, ატონიზმის (მზის ღმერთის თაყვანისცემა; ეს პირველი მონოთეისტური რელიგიაა, რომელიც ჩვენთვის არის ცნობილი), მიერ პოპულარობის დაკარგვის შემდეგ, მოსე, სურს რა თავისი რწმენისა და პრივილეგირებული მდგომარეობის შენარჩუნება, ეგვიპტეში მცხოვრებ სემიტ მონათა ტომის ბელადი ხდება, რომელიც ატონიზმს იღებს. ამასთანავე, მოსეს შემოაქვს ეგვიპტის თავისუფალ მოქალაქეთა შორის გავრცელებული წინადაცვეთის ადათი და, სარგებლობს რა ქვეყანაში გამეფებული არეულობით (ეხნატონის სიკვდილის შემდეგ, ჩვ. წ.ა. დახლოებით 1350 წ.), დაუბრკოლებლად გამოჰყავს ებრაელები ეგვიპტიდან.

შემდგომ ამისა, ფროიდის ვარაუდით, ამბოხების დროს მოსე მოკლულ იქნა, ტომი კი შეუერთდა კიდევ ერთ მონოთეისტურ ტომს მიდიიდან, რომელიც თაყვანს სცემდა ვულკანის ღმერთ იაჰვეს.

ფროიდი ვარაუდობს, რომ ეგვიპტელი მოსეს მზის ღმერთი შერწყმულ იქნა მიდიელთა იაჰვეს, ხოლო მოსეს საქმეები მიდიელთა მღვდელმთავარს მიაწერეს, რომელსაც ასევე მოსე ერქვა. ამგვარად, მოსე კომპოზიტური, შედგენილი ფიგურაა.

მკვლელობის შემდეგ თაობათა განმავლობაში მოსეს რელიგიას ადამიანთა მხოლოდ მასთან დაახლოებული ჯგუფი უჭერდა მხარს. განიცდიდნენ რა დანაშულის გრძნობას ბელადის მკვლელობის გამო, ებრალებმა მესიას კონცეფცია შეიმუშავეს, როგორც იმედი მოსეს დაბრუნებისა ისრაელიტთა მხსნელად. ატონის სახელმა „ადონაის“ ჟღერადობა (ებრ. אדני) მიიღო.

მრავალი მიმართებით ეს წიგნი თეოგონიის „ტოტემსა და ტაბუში“ გადმოცემულ შეხედულებებს იმეორებს. მაგალითად, ფროიდი წერს: „მას შემდეგ არასოდეს შემპარვია ეჭვი, რომ რელიგიური მოვლენები უნდა განვიხილოთ პიროვნების ჩვენთვის ცნობილ ნევროტულ სიმპტომთა ნიმუშის მიხედვით - როგორც ადამიანთა ოჯახის პირველყოფილი ისტორიის დიდი ხნის წინ დავიწყებული მნიშვნელოვანი მოვლენების დაბრუნება“. ასეთია დაბრუნება დანაშაულის კოლექტიური გრძნობისა მოსეს მკვლელობისთვის, რომელიც თაობიდან თაობას გადაეცემოდა და ებრაელები რელიგიური გრძნობების ნევროტულ გამოვლენასთან მიიყვანა, რათა მემკვიდრეობით მიღებული ტრავმა და დანაშაულის გრძნობა გადაელახათ.

ეს წიგნი, როგორც ავტორი ამბობს, არის „მინიშნება შესაძლებლობაზე იმისა, რომ მოსეს რელიგიამ ებრაელ ერზე ზემოქმედება მოახდინა, როგორც მხოლოდ თქმულებამ“ და ამ თქმულების საფუძველზე შეიძინა ამ ერმა თავისი სპეციფიკური თვისებები, თუმცა პასუხის გარეშე რჩება კითხვები იმის შესახებ, თუ რატომ „არ სურთ ჭეშმარიტების სახით იმის მიღება, რომ ღმერთი მოკლეს“ და როგორ შეინარჩუნეს ებრაელებმა თავისი ინდივიდუალობა დღევანდელ დღემდე.

წიგნი მრავალი მკითხველისათვის შოკისმომგვრელი იყო, ზოგი თეოლოგის შეფასების მიხედვით, „სრულიად აბსურდულიც“ კი, თუმცა მსოფლიოში პირველი მონოთეისტური რელიგიის კვალის მიგნება და ჰიპოთეტური „აღდგენა“, შემდეგ კი მისი ევოლუცია იუდაიზმად, მოგვიანებით კი ქრისტიანობად, ყურადღებას, განსჯასა და, საბოლოოდ, მოქმედებას მოითხოვს. წიგნში მრავალი ისეთი იდეა და დასკვნაა, რომელიც ჯერ კიდევ საჭიროებს ღრმა განხილვას.

ნახვების რაოდენობა: 1643