მე შვიდ თვლაში გეტყვი მიზეზს, რის გამოც გიჭირს ამ ქვეყანაში
დაშლის პირას მისულო,
ამაყობ, რომ გადარჩი,
თავი ცოცხლად რომ იგრძნო,
მიდი ისევ კლდის პირას.
აქ ამბობენ, რომ გვყავს. მე დიდი ხანია ეს არ მითქვამს და მსგავსი ეჭვი წლებია არც მქონია. ამიტომ დღეს ჩემთვის ყველაზე საინტერესოა ამ სიტყვის ფილოსოფიური გაგება. ცხადია, რომ მტერია ჩემს ახლოს მცხოვრები, თუკი მე, როგორც ჩემი ოჯახის, სამეზობლოსა თუ სამეგობრო წრის წევრსა და თვით „მე“-ს ცუდს გვიქადის. ავტობუსით მგზავრობისას მძღოლიც მტერია, თუკი გეგმაში ტრანსპორტის გადაჩეხვა აქვს. ეს განმარტებები ალბათ უფრო მეცნიერული ან პოლიტიკურია. ყველას შეგვიძლია ქართული ენისა თუ პოლიტიკურ მეცნიერებათა განმარტებით ლექსიკოში ცხადად ვნახოთ სიტყვის დეფინიცია. თუკი ჩვენს თანაცხოვრებაში ცდილობს ვიღაც ფიზიკურ-მატერიალური ზიანის მოყენებას, ის აშკარა მტერია. სიმართლე გითხრათ ძალიან ბუნდოვანია, როდესაც მესმის მსგავსი წყობები: ამერიკა წყვეტს ყველაფერს ან რუსები იმპერიალისტები არიან. იმ წამშივე მიჩნდება კითხვა: ამერიკა, ანუ ვინ? რუსები, ანუ ვინ?
ჯგუფებს შორის ხომ იდილია არ არსებობს! ადამიანთა გაერთიანების წევრებს არაპროგნოზირებადი მისწრაფებები აქვთ. ზოგს უეცრად ღალატი მოუნდება, ზოგიერთს სხვის მხარეზე გადასვლა, ბატონობა, შურისძიება, მთელი ჯგუფის ამოხოცვა, მონობა თუ სხვა. არავინ ვიცით სად გასკდება ბომბი და რატომ დაიღუპებიან ადამიანები. ჩვენ ისიც კი ვერ გვეცოდინება ვისი გამოისობით დაიწყება ომი და ვინ დაასრულებს მას. ვერასოდეს გვექნება წარმოდგენა მიზეზზე, რომელმაც დაასადგურა შური, ზიზღი თუ თავგანწირული დაპირისპირება ამა თუ იმ ეთნოსებს შორის. გამოდის, რომ „მტერს“ ვერავინ გაგვაცნობს. ის პიროვნება არ არის. არც რაიმე კონკრეტულია. „მტერი“ არა ავტობუსის მძღოლი, არამედ მთაა, რომლის დაკავებაც ომის დაწყების მიზეზი ხდება. ჩემი მიწაც „მტერია“, რადგან ის სულიერ შეიარაღებულ მოწინააღმდეგეებს ჰბადებს. აქვე დავაზუსტებ, რათა გამოვრიცხო გაუგებრობა. თუკი რაიმე ცხადად მებრძვის და ვამჩნევ, ვხედავ მისი ბრძოლის ხერხებს, ესე იგი მტერი თვალწინაა. და რადგან მას ვერ ასცდება ჩემი მზერა, გამოდის, რომ ვიცი, როგორ ვიბრძოლო. ყველაფერი დანარჩენი აურზაურია და ბოდიშს ვიხდი იმისთვის, რომ მტრის გარდა სხვა სიტყვა არ მომეპოვება. ახლა გავიმეოროთ კითხვა: ჰყავს თუ არა საქართველოს „მტრები“? გვყავს და თან ბევრნაირი.
მიმიფურთხებია სახელმწიფოებისათვის. მათ შორის ბრძოლა არ არსებობს. ყოველი დაპირისპირება მილიონობით ადამიანს შორის, რომელსაც მოწინაამღდეგე მხარეთა მცირე ჯგუფები მართავენ, ფიქციაა. რუსეთი ან იქნება ან არა. ალბათ ამერიკაც დაინთქება ატლანტის ოკეანეში. ისეთი საზღვარი ხომ არ არსებობს, რომელსაც სიგრძე, სიგანე და სიმაღლე აქვს. ჩვენ ერთმანეთისგან გვყოფენ მესაზღვრეები და არა საზღვრები. თვალით აღებული ზოლები არ არსებობენ. ვარსებობთ ჩვენ და საზღვრის მცველები. ბოლოს და ბოლოს მატერიკის ცვლილებებიც ცვლის კონტინენტთა განლაგებას. იცით პანგეა რამდენად ერთიანი იყო?! ეს სუპერკონტინენტი დაიშალა. აფრიკა ისე გამოეხლიჩა სხვა მიწებს, როგორც თითებით განცალკევებული ნაპობი ფიცარი. დაიჯერებთ, რომ ავსტრალია აქვე იყო და რომ არა ეს „მიწათა მიგრაციები“ ავსტრალიაში 1-2 საათში მანქანით ან მატარებლით ჩახვიდოდით. სუპერკონტინენტის დაშლით დღევანდელ დღემდე უამრავი სახელმწიფო ჩამოყალიბდა. შეიქმნა მრავალნაირი კანონიკა, თავდასხმისა და თავდაცვის უამრავი საშუალება, საზღვრის დაცვის ბევრნაირი ხერხი, დიპლომატიური ურთიერთობების ხელოვნება, გერბები, ჰიმნები და სხვა მრავალი ატრიბუტი. ქვეყნებს აქვთ საზღვრები, რომლებსაც ადამიანები ცურვით ლახავენ. ზოგიერთი მატარებლიდან ხტება და თვალის გახელისას უკვე სხვის მიწაზეა. აქვე მინდა ვიკითხო: მსგავს გაურკვეველ ვითარებაში რა ადგილი აქვს საქართველოს?
ჩვენი ქვეყანა ნამდვილადაა ცათა სივრცეში მიბნეული პატარა ნამცეცი, თუმცა შემოქმედის განსაკუთრებული ყურადღების ღირსები ვართ. თუკი სამყაროს ცეცხლი გაუჩნდება, ჩვენ არავითარ შემთხვევაში არ დავიწვებით. და მტერია ის, ვინც ჩვენი ქვეყნის ასეთ დანიშნულებას არღვევს. ქართველები ვემტერებით იმათ და იმას, ვინც და რაც პირდაპირ გვეუბნება, რომ ყოვლად ძლიერის განსაკუთრებული დაკვირვების ქვეშ არ ვართ და შემოაქვს ისეთი ეჭვი, რომ თითქოს არც არასოდეს ვყოფილვართ.
ახლა გამახსენდა ჩემი კლასელის მიერ მოწყობილი აქცია. ლოზუნგი ასეთი იყო: „ენგურს გაღმა ჩემი სამშობლოა“. ბევრი ახალგაზრდა შეიკრიბა რუხის ციხეში, მაგრამ მე არ ვყოფილვარ. რამდენიმე კლასელი დაესწრო და მათ შორის ჩემი მეგობარიც იყო. ერთ-ერთი სკოლელისთვის ასეთი რამ უკითხვას: ღმერთმა შექმნა ადამიანი? (მაშინ მე-8 კლასელები ვიყავით). მას (დღეს ცოცხალია და ანდრო ჰქვია) უთქვამს, რომ პირველი ადამიანი ღმერთმა შექმნა და ის ქართველი იყო. ჩვენი სახელმწიფო ღვთაებრივ კოსმოსს ჰგავს. აქ კამეჩების გადარეკვისას ბევრჯერ უნახავთ კლდის ქიმზე კოცონს მიმსხდარი ანგელოზთა და ღმერთთა ლანდები. ჩემი მეზობელი ბავშვი დღესაც იჩემებს, რომ სიმინდის ყანების ქვეშ უზარმაზარი ჯვარია, რომელიც მთელ დედამიწას ამოძრავებს.
მტერია ის, ვინც ამ მყუდრო ბინაში ფეხების ბაკუნით შემოდის და ამბობს, რომ სხვანაირი ღმერთი ჰყავს. ჩვენი კოხტად მორთული ქვეყანა უფალმა შექმნა. სხვა მიწები თავისით შეიქმნენ, მაგრამ თუკი ღმერთი არსებობს, ის ნამდვილად საქართველოში ცხოვრობს. სამოთხისთვის განკუთვნილი ადგილიც არ დაგვითმეს?! მტერია თემურ ლენგი, რადგან ამ კოზირის ხელში ჩაგდება მოინდომა. 8-ჯერ ილაშქრა და ვერ ხედავთ რა მოხდა?! გალილეი, კოპერნიკი, კეპლერი, კანტი, პასკალი, შოპენჰაუერი, მამარდაშვილი - ჩვენი მტრები არიან. ისინი ამბობდნენ, რომ ღმერთი საქართველოში არ ცხოვრობს. სამყარო, რომელიც არ ცნობს ჩვენი ქვეყნის წილხვედრობას - მტერია.
მაგრამ რა ვუყოთ იმას, რომ არსებობს „მტერი“, ვისაც ვერ ებრძვი. სავსებით დასაშვებია, რომ არსებობდეს ისეთი რამ, რაც საერთოდ არც არსებობს. ხმალი, პისტოლეტი, ტყვიამფრქვევი თუ ბომბდამშენი ამ დროს უფუნქციოა. იმას, რასაც თვალებში შეხედვით ვერ დაუპირისპირდები, არც არის. უბრალოდ არ არის! ასეთი „მტერი“ კი მღვიმეში შერეკილი ხარის რქებზე წაკიდებული ცეცხლია.
იაკობ თოდუა