iBooks.Ge - ელექტრონული წიგნების ონლაინ მაღაზია
შემოგვიერთდით:

სტატიები

რასელი მორალური ტაბუს შესახებ
25 სექ, 2017

რასელი მორალური ტაბუს შესახებ

ვუდრო ვაიათი: ლორდ რასელ, როგორ გესმით თქვენ „მორალური ტაბუს“ ცნება?

რასელი: მე მხედველობაში მაქვს მორალის განსაზღვრული სახესხვაობა, რომელიც იმაში მდგომარეობს, რომ შევიმუშაოთ კრებული წესებისა იმ ქმედებებთან მიმართებით, რომლებიც არ უნდა ჩავიდინოთ, თუმცა ამ წესების დასაბუთება არ ხდება. ზოგ შემთხვევაში ასეთი საფუძვლის მოძიება შეუძლებელია, სხვა შემთხვევებში - შესაძლებელია, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში წესი განიხილება, როგორც აბსოლუტური, ხოლო ის, რასაც ეს კანონები კრძალავს, თქვენ არ უნდა ჩაიდინოთ.

 

ვუდრო ვაიათი: რა სახის ქმედებებს კრძალავს მორალური ტაბუ?

რასელი: ეს ცივილიზაციის განვითარების დონეზეა დამოკიდებული. მორალური ტაბუ ადამიანისა და ცნობიერების განვითარების დაბალ საფეხურზე მიუთითებენ. ვფიქრობ, რომ ეს ერთადერთი შესაძლო მორალია პრიმიტიულ ტომებში, სადაც, მაგალითად, წესად შეიძლება იქნას დადგენილი ის, რომ თქვენ არ უნდა გადაიღოთ საკვები ბელადის თეფშიდან. თუ ამას გააკეთებთ, შესაძლოა მოკვდეთ კიდეც; სხვა თუ არაფერი, ასე ფიქრობენ ამ ტომის წარმომადგენლები. ამ რიგის წესთა რაოდენობა დიდია. მახსოვს, ბენინის მეფემ შემოიღო წესი, რომლის თანახმად ის დიდხანს არ უნდა იმზირებოდეს ერთი მიმართულებით, რადგან თუ ეს ასე მოხდება, მისი სამფლობელოს ამ ნაწილში გრიგალი ამოვარდება. ამიტომ მან შემოიღო წესი, რომლის შესაბამისად ის ყოველთვის საკუთარი თავის გარშემო უნდა იყურებოდეს, სხვადასხვა მიმართულებით.

 

ვუდრო ვაიათი: როგორც მე ვხვდები, თქვენ საუბრობთ პრიმიტიული საზოგადოებისთვის დამახასიათებელ ტაბუზე. რას იტყვით ჩვენი საკუთარი მორალური ტაბუს შესახებ?

რასელი: ჩვენი მორალი სწორედაც რომ სავსეა სხვადასხვა სახის ტაბუთი, თვით ყველაზე ღირსეულთან მიმართებითაც კი. დღეისათვის არსებობს მხოლოდ ერთი ცოდვა, რომელიც საზოგადოდ ცოდვადაა მიჩნეული და რომელიც მე არასოდეს ჩამიდენია. ამბობენ: „არ ინდომო შენი თვისტომის ცოლი“. არასოდეს მინდომია.

 

ვუდრო ვაიათი: კარგი, მაგრამ რას იტყვით უფრო არსებითი ყოველდღიური ტაბუს შესახებ? შეგიძლიათ რაიმე მაგალითების მოტანა?
რასელი: რასაკვირველია. ცნობილია, რომ მორალური ტაბუს დიდი ნაწილი შედარებადია იმასთან, რასაც რაციონალური მორალი შეგვიძლია ვუწოდოთ. მაგალითად, თქვენ არ უნდა იქურდოთ და არ უნდა ჩაიდინოთ მკვლელობა. ეს განაწესები სრულ შესაბამისობაშია კანონთან, მაგრამ ფორმულირებულია ტაბუს სახით და ამდენად აქვთ შედეგები, რომლებიც არ უნდა ჰქონდეთ. მაგალითად, მკვლელობას რაც შეეხება, ეს ტაბუ კრძალავს ევთანაზიას, თუმცა, მე ვფიქრობ, რაციონალური ადამიანი არ უნდა იყოს ევთანაზიის წინააღმდეგი.

 

ვუდრო ვაიათი: განიხილავთ თუ არა მორალურ ტაბუდ ჰინდუთა განაწესებს იმის შესახებ, რომ საქონლის ხორცით არ უნდა იკვებოთ?

რასელი: დიახ, ჰინდუთა მორალისთვის ტიპიურია ის, რომ მათ არ უნდა ჭამონ საქონლის ხორცი. მუსულმანები და ებრაელები თვლიან, რომ არ შეიძლება ღორის ხორცის ჭამა. შეუძლებელია საფუძვლის მოძიება ასეთი აკრძალვებისთვის, ეს უბრალოდ ტაბუა.

 

ვუდრო ვაიათი: იქნებ ასეთი ტაბუ სარგებლის მომტანია? რას ფიქრობთ?

რასელი: ზოგი - კი, სხვები - არა, ყველაფერი შედარებითია. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, თუ თქვენ იპოვით რაციონალურ დასაბუთებას საკუთარი მორალისთვის, შემდეგ შეძლებთ სხვადასხვა ტაბუს გაანალიზებას და იმის განსაზღვრას, თუ რომელი მათგანია სასარგებლო. თუმცა, უნდა აღვნიშნო, რომ საქონლის ხორცის ჭამის აკრძალვა დანამდვილებით არ მოგვიტანს სარგებელს.

 

ვუდრო ვაიათი: კარგი, თუ თქვენ არ წარმოადგენთ რომელიმე რელიგიის მიმდევარს - თქვენ კი ასეთს არ წარმოადგენთ - და არცთუ ღრმად უფიქრდებით უშინაარსო მორალურ ტაბუს, გჯერათ თუ არა ეთიკის რომელიმე ზოგადი სისტემის არსებობა?

რასელი: რასაკვირველია. თუმცა ძალიან რთულია ეთიკისა და პოლიტიკის გამიჯვნა. ჩემის აზრით ეთიკის ფესვები იქაა. ადამიანს აქვს მიდრეკილება გააკეთოს ის, რისგანაც სარგებელს მიიღებს და რისგანაც მისი გარშემომყოფები დაზარალდებიან. თუ მისი ქმედებისგან ადამიანთა მნიშვნელოვანი რაოდენობა შეიძლება დაზარალდეს, მათ ძალუძთ გაერთიანება და მისთვის თქმა: „იცი რა, ჩვენ ეს არ მოგვწონს, ჩვენ ვთვლით, რომ ეს სარგებლობას არ მოგვიტანს“. შედეგად ხდება იურიდიული კანონის ფორმულირება, რომელიც წმინდად რაციონალურ შეხედულებას წარმოადგენს. ჯამში ესაა საზოგადოებრივ და პირად ინტერესთა ჰარმონიზების მეთოდი.

 

ვუდრო ვაიათი: კი მაგრამ, ეს ხომ მოუხერხებელი იქნება, თუ ყოველი ადამიანი ეთიკის საკუთარ სისტემას წამოაყენებს, ნაცვლად იმისა, რომ საყოველთაო მოდელი აღიაროს?

რასელი: დიახ, ასე რომ იყოს, ეს მოუხერხებელი იქნებოდა. სინამდვილეში კი ასეთი სისტემები სრულიად ინდივიდუალურს არ წარმოადგენენ, რადგან, როგორც ეს მე უკვე აღვნიშნე, ისინი უფლებრივი ურთიერთობების შემადგენელია და, გარდა ამისა, საზოგადოებრივი მოწონება/არმოწონების საგანს წარმოადგენენ. ადამიანებს არ უყვართ საკუთარ თავზე საზოგადოების რისხვის დატეხვა. ამგვარად, მორალის ერთიანი სისტემის მიღება სავსებით რეალურ და გავრცელებულ მოვლენად შეიძლება იქცეს.

 

ვუდრო ვაიათი: როგორ ფიქრობთ, არსებობს თუ არა ცოდვა?

რასელი: არა. ვფიქრობ, უკიდურესად რთულია მისი რაობის განსაზღვრა. თუკი თქვენ წმინდად არასასურველ ქმედებებს გულისხმობთ, რასაკვირველია, ასეთები არსებობს. „არასასურველებს“ ისეთ ქმქედებებს მივაკუთვნებ, რომლებსაც, ჩემი ვარაუდით, მეტი ზიანი მოაქვთ, ვიდრე სარგებელი; ასეთი ქმედებები არსებობს. მაგრამ არ ვთვლი, რომ ცოდვის ცნებას რაიმე სარგებლობა მოჰქონდეს. ცოდვა - ესაა რაღაც, რაც სასჯელს ექვემდებარება, სასჯელი კი ცალსახად სათანადო და მართებული ქმედებაა. მაგალითად, სასჯელი მკვლელობისთვის. ეს მართებული არა მხოლოდ იმიტომ არის, რომ თქვენ მკვლელობის აღკვეთას ისახავთ მიზნად, არამედ უბრალოდ იმიტომ, რომ მკვლელი სასჯელს იმსახურებს.

 

ვუდრო ვაიათი: შესაბამისად, მიგაჩნიათ თუ არა თქვენ, რომ ცოდვის იდეა ერთგვარ თეჯირს წარმოადგენს სისასტიკისა და უსამართლობის მრავალი შემთხვევისათვის?

რასელი: დიახ. თანაც, საკმაოდ ხშირად. მიმაჩნია, რომ მხოლოდ სასტიკ ადამიანებს შეეძლოთ ჯოჯოხეთის გამოგონება. ადამიანებს, ვისაც ნორმალური ადამიანური გრძნობები გააჩნია, არ მოეწონებათ ის აზრი, რომ ისინი, ვინც ამქვეყნიურ ცხოვრებაში მათი თემის მორალის მიერ დაგმობილ ქმედებებს სჩადის, მუდმივად გაიტანჯება და გამოსწორების ერთი შანსიც არ ექნება. არა მგონია, პატიოსანმა ადამიანმა ოდესმე მიიღოს ეს იდეა.

 

ვუდრო ვაიათი: თქვენ მართლაც ფიქრობთ, რომ ცოდვის იდეა ვიღაცის აგრესიული ემოციის გამოხატვის საშუალებას იძლევა?

რასელი: დიახ, მე ასე ვთვლი. ეს შეხედულება დევს იმის საფუძვლად, რასაც თქვენ სასტიკი მორალი შეგიძლიათ უწოდოთ. იგი საშუალებას გაძლევთ ულმობლად მიაყენოთ სხვას ტანჯვა და ტკივილი, შესაბამისად კი, ეს ცუდი შეხედულებაა.

როგორღა დავძრახოთ რაიმე, თუ არ გავაკეთებთ იმ დაშვებას, რომ არსებობს ისეთ რამ, როგორიც ცოდვაა?

დაძრახვა თავისთავად, და სამართლებრივ კანონმდებლობასთან შეხამება - ვთვლი, რომ ერთადერთია, რისი გაკეთებაც შეგიძლიათ. თქვენ იძულებული ხართ გარკვეული სახის საზოგადოებრივი აზრი გაგაჩნდეთ. დღეს ჩვენ გვესმის, რამდენად მნიშვნელოვანია ეს, როდესაც იტალიური აღორძინების ისტორიას ვკითხულობთ, რომელმაც მაკიაველის მსგავსი თეორიები შვა. საზოგადოებრივი აზრი იტანს იმას, რასაც შემთხვევათა უმრავლესობაში არ აიტანდა.

 

ვუდრო ვაიათი: იმას მაინც თუ ეთანხმებით, რომ ზოგი ქმედება ამორალურია?

რასელი: მე არ გამოვიყენებდი ამ სიტყვას. ვიტყვი, რომ ზოგ ქმედებას მეტი ზიანი მოაქვს, ვიდრე სარგებელი; ხოლო თუ თქვენ იცით, რომ მას მეტი ზიანი მოაქვს, ვიდრე სარგებელი, უკეთესი იქნება, თუ თქვენ ასე არ მოიქცევით. თუ თქვენ მოგწონთ სიტყვა „ამორალურის“ გამოყენება, შეგიძლიათ ასე მოიქცეთ, მაგრამ არ ვთვლი, რომ ეს ცნება მართებული და სასარგებლოა.

 

ვუდრო ვაიათი: მორალური ტაბუს მნიშვნელოვანი ნაწილი სქესობრივ ურთიერთობას ეხება. თქვენი შრომების დიდი ნაწილიც ასევე სქესობრივ ურთიერთობებს განიხილავს. რას ურჩევდით ისეთ ადამიანებს, ვინც ცდილობს გონივრულად მოიქცეს ყველაფერში, რაც სექსს ეხება?

რასელი: პირველ რიგში, შესავლის სახით, იმას ვიტყოდი, რომ ჩემი შრომების მხოლოდ ერთი პროცენტი თუ ეხება სქესობრივ ურთიერთობებს, მაგრამ უბრალო ადამიანები იმდენად არიან დაინტერესებული სახელდობრ ამ პრობლემით, რომ ჩემი შრომების დანარჩენი 99% ვერ შეამჩნიეს. ახლა კი, ვიწყებ რა ამ პრობლემის განხილვას, ვიტყვი, რომ ჩემი აზრით ერთი პროცენტია ადამიანის ინტერესთა ის გონივრული წილი, რაც სექსუალურ ურთიერთობებს უნდა დაუთმოს. თუმცა ამ სფეროშიც ზემოთ ჩამოყალიბებული მიდგომის ერთგული ვარ. სხვა სიტყვებით, თუ თქვენი საქციელი არ არის ზიანის მომტანი სხვა ადამიანებისთვის, მისი გაკიცხვის საფუძველი არ გაგვაჩნია. არც იმ საფუძვლით შეიძლება მისი გაკიცხვა, რომ რომელიმე უწინ არსებული მორალური ტაბუ გმობდა მას, როგორც მცდარს. თქვენ მისი არსი უნდა შეაფასოთ, დაადგინოთ, შეუძლია თუ არა ასეთ ქმედებას ადამიანებისთვის ზიანის მოტანა. სწორედ ეს დევს სქესობრივ ურთიერთობათა მორალის საფუძვლად, ისევე, როგორც ნებისმიერი ზნეობრივი კანონებისა.

 

ვუდრო ვაიათი: სხვა სიტყვებით, გაუპატიურება უნდა გაიკიცხოს, მაგრამ ჩვეულებრივი სიძვა, რომელსაც არავისთვის მოქვს ზიანი, შეიძლება უყურადღებოდაც კი დავტოვოთ?

რასელი: გაუპატიურება, რასაკვირველია, უნდა გაიკიცხოს, ისევე, როგორც ნებისმიერი სხვა სახის ფიზიკური ძალადობა ადამიანზე. რაც შეეხება მრუშობას, გაანალიზებულ უნდა იქნას კონკრეტული სიტუაცია, რათა საშუალება მოგვეცეს გამოვიტანოთ მსჯავრი მის მხარდასაჭერად ან საწინააღმდეგოდ. გაკიცხვის იარლიყი განსაზღვრულ სიტუაციას ერთხელ და სამუდამოდ არ უნდა მოარგოთ.

 

ვუდრო ვაიათი: მართებულად მიგაჩნიათ თუ არა კანონების არსებობა იმასთან მიმართებით, რისი გამოქვეყნება დაშვებულია და რისი - არა?

რასელი: ამ საკითხთან მიმართებით მე უკიდურესი პოზიციის მომხრე ვარ, რომელსაც, ვფიქრობ, მრავალი არ დაეთანხმება. მე ვთვლი, რომ არ უნდა არსებობდეს წესები, რომლებიც რაიმეს გამოქვეყნებას აკრძალავენ. ერთის მხრივ მსგავს შეხედულებას იმიტომ ვიზიარებ, რომ თუ ასეთი წესები იარსებებს, არაშორსმჭვრეტელმა ჩინოვნიკებმა შესაძლოა მართლაც მნიშვნელოვან ნაწარმოებებს დაადონ აკრძალვა მხოლოდ იმიტომ, რომ ისინი მათთვის შოკისმომგვრელი აღმოჩნდა. ეს პირველი მიზეზია. მეორე მიზეზი იმაში მდგომარეობს, რომ აკრძალვამ წარმოუდგენლად გაზარდა ინტერესი პორნოგრაფიისადმი. მშრალი კანონის დროს მე ბევრჯერ ვიყავი ამერიკაში და ვხედავდი, რომ იმ პერიოდში მეტს სვამდნენ, ვიდრე კანონამდე. ასეთივეა მდგომარეობა პორნოგრაფიასთან მიმართებით. მაგალითს მოვიტან იმის საილუსტრაციოდ, თუ რას ვფიქრობ აკრძალვაზე. ძველი ბერძენი ფილოსოფოსი ემპედოკლე თვლიდა, რომ დაფნის ფოთლების ჭამა ცოდვას წარმოადგენდა და ჩიოდა, რომ შესაძლოა ჯოჯოხეთში აღმოჩენილიყო, რადგან ის დაფნის ფოთლებს ჭამდა. დღეს მე ვერავინ მეტყვის, რომ დაფნის ფოთლების ჭამა ცოდვაა, მაგრამ მე ისინი არასოდეს მიჭამია, ემპედოკლე კი, ვისაც უთხრეს, რომ ეს ცოდვა იყო, ჭამდა მათ. ვფიქრობ, ეს მაგალითი კარგი ილუსტრაციაა პორნოგრაფიასთან მიმართებით შექმნილი სიტუაციისა.

 

ვუდრო ვაიათი: თქვენ თვლით, რომ თუ დაიბეჭდება ყველაფერი, რაც უხამსობის შესახებ დაწერილა, ამ საკითხისადმი ადამიანთა ინტერესი არ გაიზრდება?

რასელი: ვფიქრობ, რომ ის დაიკლებს. დავუშვათ, რომ ნებადართული იყო უხამსი საფოსტო ბარათების დაბეჭდვა. ერთი-ორი წლის განმავლობაში ისინი ინტერესს გამოიწვევდნენ, შემდეგ კი თავს მოაბეზრებდნენ ადამიანებს და მათ აღარავინ მიაქცევდა ყურადღებას.

 

ვუდრო ვაიათი: თვლით, რომ იგივე მართებულია წიგნებთან და სხვა ბეჭდვით პროდუქციასთან მიმართებითაც?

რასელი: ვფიქრობ, რომ ასეა. გონიერების ფარგლებში, რასაკვირველია. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, თუკი რაღაც წარმოადგენს ხელოვნების ნაწარმოებს ან კარგ წიგნს, ადამიანები შეხედავენ მას, წაიკითხავენ ამ წიგნს, მაგრამ არა იმიტომ, რომ ის პორნოგრაფიად იყო შეფასებული.

 

ვუდრო ვაიათი: იმას დავუბრუნდეთ, რითიც დავიწყეთ - მორალური ტაბუს წარმოუდგენელ წესებს. როგორ ფიქრობთ, რა ზიანი მოაქვთ მათ ადამიანისთვის დღევანდელ დღეს?

რასელი: ორი სახის ზიანი უნდა გამოვყოთ. ერთი იმაში მდგომარეობს, რომ მორალურ ტაბუს, ჩვეულებრივ, ფესვები ძველ დროში აქვს გადგმული, ჩვენისაგან სრულიად განსხვავებული ფორმაციის საზოგადოებებში, რომლებსაც სხვა მორალური კანონები შეესაბამებოდა, მაგრამ რომლებიც თანამედროვე საზოგადოებისთვის ხშირად გამოუსადეგარია. კერძოდ, ეს ეხება ხელოვნურ განაყოფიერებას, რასაც ძველი დროის მორალისტები ვერც კი წარმოიდგენდნენ. ესაა ერთი სახის ზიანი. მეორე იმაში მდგომარეობს, რომ ტაბუზე დაფუძნებულ მორალურ სისტემებში, როგორც წესი, შენარჩუნებულია წარსულისთვის დამახასიათებელი დანაშაულები. რამდენიმე მაგალითს მოვიტან. ადამიანის მსხვერპლად შეწირვა განვიხილოთ. განვითარების ძალიან ადრეულ სტადიაზე ბერძნებმა უარი თქვეს ადამიანის მსხვერპლად შეიწრვაზე და მისი გაუქმება სცადეს. მაგრამ არსებობდა ინსტიტუტი, რომელიც ადამიანის მსხვერპლად შეწირვის გაუქმების წინააღმდეგი იყო, კერძოდ კი დელფოს მისანი. ამ მსხვერპლშეწირვის გაუქმება მრავალ ცრურწმენაზე უარის თქმას გამოიწვევდა, ეს კი მას არ აწყობდა. ამიტომაც იყო, რომ ადამინის მსხვერპლად შეწირვის პრაქტიკა დელფოში კიდევ დიდხანს იყო შენარჩუნებული მას შემდეგ, რაც დანარჩენ საბერძნეთში მასზე უარი თქვეს. ეს ერთი მაგალითია. სხვა, არანაკლებ მნიშვნელოვან მაგალითს მოვიტან. გვამების გაკვეთა ყოველთვის უკიდურესად დიდ ცოდვად ითვლებოდა. კარლოს მეხუთის ეპოქის დროინდელი ცნობილი ექიმი ვეზალიუსი მივიდა დასკვნამდე, რომ გვამის გაკვეთის გარეშე შეუძლებელი იქნებოდა ადამიანთა მკურნალობა და სხვადასხვა დაავადებათა კვლევა. ის კვეთდა გვამებს. ვინაიდან კარლოს მეხუთე სნეული იყო, ხოლო ვეზალიუსი - ერთადერთი ექიმი, რომელიც მას რეალურად შველოდა, იმპერატორი ყოველნაირად იცავდა მის ექიმს მკრეხელურ ცდებში. მაგრამ მას შემდეგ, რაც კარლოს მეხუთემ უარი თქვა ტახტზე, ვეღარავინ გამოესარჩლებოდა ვეზალიუსს. იგი გაასამართლეს გვამის გაკვეთისთვის, რომელიც, როგორც სასამართლოზე ითქვა, ჯერ კიდევ არ იყო მკვდარი. სასჯელის სახით იგი მოსალოცად გაგზავნეს წმიდა მიწაზე. გზად მისი გემი კატასტროფაში მოყვა და ვეზალიუსი დაიღუპა. ყველაფერი კი იმიტომ, რომ არსებობდა მორალური ტაბუ, რომელიც გვამების გაკვეთას კრძალავდა. რასაკვირველია, მორალურ ტაბუს დღევანდელ დღესაც მოაქვს ზიანი. მაგალითისათვის შობადობის კონტროლის საკითხი განვიხილოთ. საზოგადოების გარკვეულ ფენებში გაბატონებულია მორალური ტაბუ, რომელსაც დიდი ზიანი მოაქვს. უდიდესი. იგი გამოიხატება სიღარიბისა და ომების გამრავლებით. იგი შეუძლებელს ხდის მრავალი სოციალური პრობლემის გადაწყვეტას. ალბათ ეს ყველაზე მნიშვნელოვანია, მაგრამ არსებობს ზიანის სხვა მაგალითებიც, რომლებიც მორალურ ტაბუს სდევს თან. უდაო ზიანი მოაქვს განქორწინების ტაბუს; ის მხოლოდ ძველ ტრადიციებს ეყრდნობა და არა თანამედროვე სიტუაციის ანალიზს.

 

ნახვების რაოდენობა: 2624