iBooks.Ge - ელექტრონული წიგნების ონლაინ მაღაზია
შემოგვიერთდით:

სტატიები

სასრული და უსასრულო ანალიზი
17 მაი, 2024

სასრული და უსასრულო ანალიზი

„სასრული და უსასრულო ანალიზი“ ფროიდმა 1937 წელს შექმნა. იგი არსებითად მთელ მის სამეცნიერო და პრაქტიკულ საქმიანობას აჯამებს.

მართლაც, მიღებულია, რომ ამ ნამუშევარში დავინახოთ ერთ-ერთი ელემენტი სურათისა, რომელიც „გვირგვინის“ სახით ადგას ფროიდის მთელ კლინიკურ მემკვიდრეობას. მასში აისახა ფსიქოანალიზის, როგორც თერაპიული მეთოდის, არსებული და უპირობო პოტენციალი და მისი შეზღუდვები, რომლებიც პრაქტიკის მიმდინარეობისას გამოვლინდა. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი მკვლევარი ამ ნაწარმოების ტონს საკმაოდ პესიმისტურად მიიჩნევს, უმეტესობა ავტორის მიერ მასში ასახულ რეალიზმსაც აფასებს, მის მცდელობებს, მიუკერძოებლად გაერკვეს იმაში, თუ რატომ არის კლინიკურ პრაქტიკაში დაფიქსირებული ფსიქოანალიტიკური თერაპიის რეალური შედეგები, როგორც წესი, შორს იმ იდეალისგან, რომელიც ფსიქოანალიზის მამას თავის თეორიულ კონსტრუქციებში წარმოედგინა.

ეს ნაშრომი ისტორიული თვალსაზრისით უნდა იქნეს განხილული. ალბათ მართლაც შესაძლებელია მასში პესიმისტური ჟღერადობის მოხელთება. გერმანიაში ხელისუფლებაში მოვიდა ადოლფ ჰიტლერი და იმავე 1933 წელს, ნაცისტებმა, ფროიდის წიგნებში სექსუალური საკითხების მეტისმეტად გულწრფელი განხილვის საბაბით, მისი წიგნების მთელი გროვა დაწვეს ბერლინში. თავად ფროიდი უკვე მძიმედ იყო დაავადებული კიბოთი, მან განიცადა საყვარელი ადამიანების სიკვდილი... და, მაინც, ის არ ამბობს უარს მთელი ცხოვრების საქმეზე და მხოლოდღა მცდელობას ახორციელებს, გააცნობიეროს წარუმატებლობის ძირითადი მიზეზები, რომლებიც ხშირად გრძელვადიან ფსიქოანალიტიკურ თერაპიას ახლავს თან.

ამასთან დაკავშირებით ის ფსიქოანალიზზე საუბრობს, როგორც პროფესიაზე, რომელიც (აღზრდასა და მენეჯმენტთან ერთად) „შეუძლებელ“ პროფესიებს შორის უნდა იყოს დასახელებული. ამაში შეიძლება დავინახოთ ფროიდის მიერ ფსიქოანალიზის უფრო როგორც ხელოვნების და არა მეცნიერების აღიარება. ადრე მისგან ასეთი აღიარება უბრალოდ წარმოუდგენელი იქნებოდა – ფროიდმა ხომ მთელი თავისი შეგნებული ცხოვრება ფსიქოანალიზის როგორც მეცნიერული მეთოდის განვითარებას მიუძღვნა.

ეყრდნობოდა რა საკუთარ მრავალწლიან კლინიკურ გამოცდილებას და თავისი მრავალი სტუდენტისა და მიმდევრის გამოცდილებას, ფროიდი ერთობ საკრალურ კითხვას სვამს: შესაძლებელია თუ არა რომელიმე კონკრეტული პაციენტის ანალიზის „დასრულება“ ანუ  მასთან ფსიქოთერაპიული სესიების დასრულება, გვექნება რა საკმარისი საფუძველი იმის დასამტკიცებლად, რომ ჩატარებული თერაპია ნამდვილად დაეხმარა პაციენტს და თავის მთავარ მიზანს მიაღწია?

სხვა მრავალ დაბრკოლებასთან ერთად, რომელიც ხელს უშლის ფსიქოთერაპიის ჩატარებას, უმთავრესი, ფროიდის აზრით, ადამიანური ლტოლვების ფაქტორია. ყველაზე მძაფრ ადამიანურ ლტოლვებს შორის, რომლებიც, ამავდროულად, ყველაზე სერიოზულ დაბრკოლებებს წარმოადგენს ანალიტიკური თერაპიის წარმატებისთვის, ფროიდი ასახელებს მამაკაცების პასიურ („ქალურ“) პოზიციას და ქალებში არსებულ „პენისის შურს“. მათი ინტენსივობა და პათოლოგია, უპირველეს ყოვლისა, განპირობებულია იმ პაციენტების წინააღმდეგობის მაღალი ხარისხით, რომლებსაც არ სურთ აღიარონ ლტოლვები, რომლებიც მათი რეალური სქესობრივი კუთვნილების „საპირისპიროა“. ამ წინააღმდეგობას იმის საპირისპირო შედეგებამდე მივყავართ, რასაც თავად პაციენტები ელოდნენ: ქალებში „მამრობითი კომპლექსის“ დათრგუნვა იწვევს ქალურობის ნაკლებობას, „ქალის კომპლექსს“ მამაკაცებში, რაც ჩვეულებრივ გამოიხატება საკუთარი მამაკაცური თვისებების ჰიპერტროფირებული ხაზგასმით. თუმცა, ეს კომპლექსები იმდენად ძლიერია და, შესაბამისად, მათთან დაკავშირებული წინააღმდეგობა ამ შემთხვევაში იმდენად ღრმაა, რომ პაციენტებს არ სურთ ამის აღიარება; ფაქტობრივად, მათ „არ ესმით“ ამ წინააღმდეგობის დასაძლევი არგუმენტები. და, სწორედ ამაში ხედავს ფროიდი ფსიქოანალიტიკური მკურნალობის წარუმატებლობისა და, შესაბამისად, „დასრულებული“ ანალიზის შეუძლებლობის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს და უცვლელ ფაქტორს.

ნახვების რაოდენობა: 1538