iBooks.Ge - ელექტრონული წიგნების ონლაინ მაღაზია
შემოგვიერთდით:

სტატიები

სულიერი დაბადების წინ
29 იან, 2023

სულიერი დაბადების წინ

უპირველესი, რაც დიმიტრი უჩანეიშვილის პიესაში „ველბის ცხოვრება“ („ჩვენი მწერლობა“, – 4, III, 2011) დავინახე, ეს არის ახალგაზრდა კაცის ფიქრი ცხოვრების საზრისზე, – საკუთარ სულზე, საკუთარ „მე“-ზე, – პიესის გმირი, სახელად – ველბი, სულში საკუთარი „მე“-ს გაღვიძებას ცდილობს.

შეიძლება ითქვას, რომ პერსონაჟს მისი ცხოვრების იმ პერიოდში წარმოგვიჩენს ავტორი, როცა გმირი ჯერ დაბადებულიც არ არის, ცოლ-ქმარი ბავშვის დაბადებას ელოდება. დედა დარწმუნებულია, რომ გოგონა ეყოლება, მის გარეგნობას აღწერს, თმის ფერსაც კი ხედავს და ძალიან უყვარს იგი. ფანტაზიით გარეგნობას, ალბათ, – ხასიათსაც ქმნის, უნდა, რომ ასეთი იყოს შვილი.

ეს ადამიანი თითქოს დაბადებით უკვე ბრძოლას იწყებს, – ბიჭი იბადება და თითქოს უკვე ამ ფაქტით ხდის ავტორი საცნაურს, რომ მისი გმირი წუთისოფელში შემოსვლისთანავე შეუდგა ბრძოლას წუთისოფელთან, რომელმაც დაბადებამდე თავისებური სახის გამოძერწვა დაუწყო. ბიჭი, რომელსაც პიერი დაარქვეს, მთელი ცხოვრება იბრძვის, – ცდილობს საკუთარი ნამდვილი სული, ნამდვილი „მე“ იპოვოს, – მისი მსოფლაღქმით, ნამდვილი პიროვნულობა ამქვეყნად მცხოვრებს ყველას დაკარგული აქვს. უჭირთ მისი გაგება. მამას უფრო ესმის შვილის.

ცდილობს პიესის მთავარი გმირი, რათა სულიერად ამაღლდეს და წუთისოფლისგან, მის მიერ მორგებული სახისგან გათავისუფლდეს, ნამდვილი „მე“ მოიპოვოს, – ისეთი, რომელიც წუთისოფლისგან, ამქვეყნად დროის რომელიღაც მონაკვეთში გამეფებული სოციალურ ურთიერთობათა ფორმის, არამარადიული ინტერესებისაკენ სწრაფვისა და სხვა პირობითობებისაგან არ იქნება ფორმირებული, – ამ პირობითობებისგან გათავისუფლებული, ამაღლებული, ცოცხალი „მე“ უნდა, რომ გააღვიძოს სულში. ამისათვის პოეტობას გადაწყვეტს, – ლექსების წერას იწყებს, – ჩანს, სურს, რომ ამ ქვეყანას „ცათა სიმაღლეთაგან“, სულიერი წიაღებიდან გადმოხედოს და მალე ხდება კიდეც მსოფლიოში სახელგანთქმული პოეტი. მაგრამ ეს, წინანდელთან შედარებით მართლა ამაღლებული სული, მალე ხვდება, რომ ნამდვილმა ცოცხალმა „მე“-მ, ცოცხალმა პიროვნულობამ მაინც ვერ გაიღვიძა მასში, რადგან ეს ამაღლებული „მე"-ც სხვამ, – სამყარომ, ღმერთმა დაბადა, – ნიჭი, რამაც დიდი პოეზია შეაქმნევინა, თავიდანვე იყო მასში ჩადებული და ეს ნიჭი წარმოჩნდა სამყაროში. მართალია, თვითონ შეუწყო ხელი ნიჭის განვითარებას, მაგრამ ხელშეწყობის უნარიც თავიდანვე ჰქონდა მოცემული.

და ეს ადამიანი, რომელსაც მიაჩნია, რომ თავის ნამდვილ, – ცოცხალ „მე“-ს ვერ მიაგნო, რომ ასეთი რამ არ არსებობს, და ადამიანი თავისი სწრაფვებიანად სათამაშოს ჰგავს, ცხოვრების ინტერესს კარგავს, – ცოცხალმკვდარს ემსგავსება და ბოლოს იღუპება. საფლავი დატოვონ მისი თუ დაწვან სხეული, ესეც კი კითხვის ნიშნით დატოვა ავტორმა. თითქოს გვეკითხება, – არსებობდა კი ეს კაცი, რომ თუნდ საფლავი მაინც დარჩეს მისი?

ვკითხულობ ფატალისტური ფილოსოფიიდან აღმოცენებულ ამ ძველთაძველი კითხვებით შთაგონებულ პიესას და მგონია, რომ თვით ავტორს მოსძალებია კითხვები, – არაფერს გვასწავლის, – მხოლოდ კითხვებს სვამს. ამ ფილოსოფიურ წიაღსვლებში, ალბათ, ასეთი მარადიული კითხვაც დგას მის წინაშე, – ღმერთმა ხომ იცის წინასწარ, რას გავაკეთებ, რა გზას ავირჩევ, – სიცოცხლისას თუ ცოდვისას, წინასწარგანზრახულია უკვე ყველაფერი და რაღაა ჩემი დამსახურება? ალბათ, ეს კითხვაც შემოქმედებით ხალისს უკლავს ადამიანს. აქვე მეორე კითხვა წარმოდგება ჩვენს წინაშე: და თუ არ იცის ღმერთმა, გადავრჩები თუ – ვერა, — მაშ ჩემს არმცოდნე ღმერთზე უფრო მაღალი ძალა სხვა ყოფილა, – ის, რომელსაც მე არ ვიცნობ?! პოლითეიზმზე ხომ არ უნდა ვილაპარაკოთ?

როცა დიმიტრი უჩანეიშვილის ამ პიესას გავეცანი, ვიგრძენი, რომ ავტორი გულწრფელად დაუფიქრებია ამ კითხვებს, არაფერს გვასწავლის, – მხოლოდ კითხვებს სვამს. რა უნდა უპასუხო ამ დროს ავტორსა თუ პიესის მთავარ გმირს? „ნების თავისუფლებაზე“ საუბარი ვერ დააკმაყოფილებს. შეიძლება უთხრა, რომ მასში მდაბალი, წარმავალი „მე"-ს ადგილი მაღალ „მე“-ს დაუკავებია, რომ ეს მაღალი „მე“ ჯერ ისეთ დონეზე არ არის გაზრდილი, რომ შეიცნოს სამყარო და ამიტომ, რადგან ძველი აღარ არსებობს და ახალი კი ჯერ ბოლომდე არ დაბადებულა, სულიერ სიბნელეშია ადამიანი მოქცეული, – იმ სიბნელეში, რომელსაც ეზოთერულ მეცნიერებებში ინიციაციის ერთ-ერთ უმაღლეს საფეხურად განიხილავენ და რომლის გადალახვის შემდეგ ახალი ადამიანის სულიერ დაბადებაზე, ახალ ფასეულობათა დანახვის უნარზე საუბრობენ... წარმავალი სულიერი ფასეულობათა განადგურებისას თუ ამ ფასეულობებს ადრევე არ ჩაენაცვლა სულში წარუვალი, მაშინ შესაძლოა დაიღუპოს ადამიანი და შემდეგ ლაზარესავით უნდა გააცოცხლოს იგი ღმერთმა, ღვთაებრივმა სიტყვამ გაუღვიძოს სულში სიცოცხლის ინტერესი, რომ სიკვდილში არ ჩარჩეს ადამიანი.

პოლითეიზმზე არ უნდა ვილაპარაკოთ. როცა არეოპაგეტიკის აღმოცენებიდან და გაცილებით უფრო ადრეული ხანიდან ამ კითხვებზე ცდილობდნენ პასუხთან მიახლოებას, როცა ღვთის შეცნობის აპოფატიკურ-კატაფატიკური გზების შესახებ გვასწავლიდნენ, ჯერ კიდევ მაშინ წერდნენ, რომ ღმერთი შეიმეცნება კიდეც და შეუცნობელიც არის. მისი შეუცნობლობის გაცნობიერება უკვე გარკვეულწილ შეცნობას გულისხმობს. თუ ღმერთი ყოვლისშემძლეა, მაშ რად გვიკვირს, რომ იგი უფრო მაღლა იდგეს, ვიდრე ჩემს ცნობიერებაში არსებული წარმოდგენაა წინასწარგანზრახულობასა და არცოდნაზე?! ღმერთი ჩემგან შემოქმედებას, ახლის წარმოქმნას ითხოვს, ასეთ განზომილებაში მომაქცია და, თუ მიყვარს იგი, უნდა აღვასრულო მისი მცნება, რადგან მე ჯერ არ ვიცი, რა დგას მისი ცოდნისა თუ არცოდნის მიღმა. ჩემი შეუცნობლობის სიბნელემ არ უნდა შემაშინოს, უნდა ვიცოდე, რომ, თუ ღმერთი მშობელია, მამაა, არ დაფარავს ჩემთვის სინათლეს და ეს სინათლე მატებას დაიწყებს ჩემში. ცნობიერებაში ბნელით მოცული უსასრულო წიაღები ხვალ განათდება. უსასრულობის შეუცნობლობით გამოწვეულმა სიბნელემ არ უნდა შემაშინოს, რადგან ვიცი, რომ ყოველივეს მიღმა, ამ სიბნელის მიღმა, ჩემი მამაა და ნელ-ნელა შევიცნობ მისი შვილი შეუცნობელს. ასეთმა ცოდნამ ნათლით უნდა ამივსოს სული და, რადგან ვიცი, რომ უსასრულო სამყაროს მიღმა ჩემი შემქმნელი ღმერთია, უსასრულობის შეუცნობლობის სიბნელემ არ უნდა შემაშინოს, – სიბნელე არ უნდა ეწიოს ნათელს. დღესვე ბევრს ხვდება ადამიანი, – სამყარო სიტყვაა, ფორმისმიერად განფენილი, და მე ამ ფორმებში, დროსა და სივრცეში ვფიქრობ და მავიწყდება, რომ სიტყვა მარადიული არსია და დროისა და სივრცის მიღმაა...

შეუცნობლობის მიუხედავად, სიცოცხლის უნარი არ უნდა წაერთვას ადამიანს, – „მკვდარს არ უნდა ემსგავსოს ცოცხალი“ კაცი და უნდა „ესმას მშობლისა“. როცა ბარათაშვილი ამბობს, – „რადგანაც კაცნი გვქვია, შვილნი სოფლისა, უნდა კიდეცა მივსდიოთ მას“, – საეჭვოა, რომ სიტყვა – „სოფელში“ „წუთისოფელსა“ და მისადმი მიდევნებას გულისხმობდეს. ღმერთმა იმ სულიერ წიაღში, სამყაროში, იმ განზომილებაში მომაქცია, რომელშიც ვერ შემიცვნია, თუ რას ნიშნავს წინასწარგანზრახულობასა და ნების თავისუფლებაზე მაღლა დგომა, ასეთ სამყაროში მცხოვრებს მცნებანი მომცა გადასარჩენად და სწორედ ამ სამყაროზე უნდა წერდეს ბარათაშვილი და არა – წარმავალ წუთისოფელზე. „ჩემი არს სოფელი და სავსება მისი“ — გვეტყვის ფსალმუნი (4, 11) და ძნელი მისახვედრი არ არის, რომ ბარათაშვილის „სოფელშიც“ ღვთის შექმნილი სამყარო იგულისხმება და წარმავალი წუთისოფლის მიდევნებაზე არ არის საუბარი. როგორც ითქვა, ამ სამყაროში, ამ განზომილებაში ვცხოვრობთ, მასში მოგვაქცია ღმერთმა ადამიანები და ჩვენც უნდა მივსდიოთ აქ მოცემულ მცნებებს, – სიცოცხლე მოგვეთხოვება, მცნებანი გვაქვს მოცემული და მართლა უნდა გვესმას მშობლისა, რადგან ამ განზომილებაში ასეთია ცხოვრების წესი და მკვდრებს მართლა არ უნდა ვემსგავსოთ; – ხვალ კი, – ხვალ ეგებ ნათლის წიაღებში აღგვიყვანოს მამამ, თუ დავიმსახურეთ, და მაშინ მეტი ცოდნა მოგვეცემა. დღესვე შეიძლება მოეცეს ადამიანს ცოდნა...

ეს ყოველივე ფატალისტურ ფილოსოფიასთან არის დაკავშირებული. როცა ამ საკითხებზე წერს მწერალი, დიდი რისკის ქვეშ დგას, – ან ახალი ფილოსოფიური კითხვა უნდა დასვას, ან ძველზე გასცეს ჭეშმარიტებასთან მცირედად მაინც მიახლოებული პასუხი, თუ არადა, – ფილოსოფიაზე მეტად მხატვრულ ასპექტზე უნდა გადაიტანოს ყურადღება, საჭიროა, ვთქვათ, ადამიანებისკენ, პერსონაჟებისაკენ მიმართოს აქცენტი, გვიჩვენოს, – დღეს რა ემართებათ ამ ძველი კითხვებისაგან გაწამებულ ადამიანებს, თორემ, თუ უმთავრესი ყურადღება ფილოსოფიურ კითხვებზე გადავიდა, ძველ ცნობილ თემებზე ერთგვარ „შინაურ წრეში“ მსჯელობას დაემსგავსება პიესა... ცოცხლად უნდა დაიხატონ ეს ტანჯვითა თუ სიხარულით სავსე ადამიანები, მათი თავისთავადი პიროვნებანი უნდა დავინახოთ, თორემ პიესა სქემატური გამოვა და პერსონაჟებიც მხოლოდ სქემატურ სახეებად წარმოგვიდგებიან, ერთი ადამიანის ისეთ ფიქრებს წარმოგვიჩენენ, რომლებზედაც საუკუნეთა განმავლობაში უკვე უფიქრიათ და დღესაც ფიქრობენ. ან ის უნდა სცადოს ავტორმა, რომ სიუჟეტს მისცეს ახლებური ფორმა.

დიმიტრი უჩანეიშვილი თავს აღწევს ძველ ფილოსოფიურ კითხვათა მხოლოდ გამეორების საშიშროებას, იქნებ უპირველესად იმით, რომ იგრძნობა – გულწრფელი განცდით არის დაწერილი მისი ტექსტი და ეს კი, როცა ნიჭი საკმარისია, სიცოცხლეს მატებს ამ ტექსტს. პიესაში ის მომეწონა, რომ ჯერ კიდევ მაშინ ჩნდება პერსონაჟი ჩვენს წინაშე, სანამ დაიბადებოდეს, – ჯერ არდაბადებულს უკვე სახელს არქმევენ და თავისებური სახის შექმნას და თავიანთი შეხედულებებით აღზრდას ჯერ კიდევ მის დაბადებამდე ცდილობენ ამქვეყნიურნი. ნათელმხილველი უნდა იყოს ადამიანი, რომ დაუბადებელს ხედავდეს და მისი ხასიათი მართლა იცოდეს, – პერსონაჟები კი ასეთები არ არიან და ავტორი კარგად გვიხატავს, – როგორ ბრძოლას უცხადებს ჯერ კიდევ დაბადებამდე ადამიანს ეს ქვეყანა და როგორი მებრძოლი სული აპირებს ქვეყნად მოსვლას.

დიმიტრი უჩანეიშვილისათვის ლიტერატურა გართობა არ არის და, ვფიქრობ, თვითმიზნური პოსტმოდერნული თამაშით, უსიცოცხლო ტექსტებით (ხაზს ვუსვამ – თვითმიზნურობაზეა საუბარი) არ დაღლის ნამდვილ მკითხველს.

დიმიტრი უჩანეიშვილი მართლა მაძიებელი მწერალია, პერსონაჟების დახატვაც შეუძლია და ფილოსოფიური განსჯაც და ასეთ ადამიანს კი, თუ ძალუმად გაისარჯა, ღირებული წიგნები შეუძლია დაგვიწეროს, დაგვანახებს, რომ შემოქმედებით ძალას ჭეშმარიტებასთან მიახლოებაც ძალუძს და სულის განმაცოცხლებელი ტექსტის შექმნაც ხელეწიფება.

 

გოჩა კუჭუხიძე, 2011

ნახვების რაოდენობა: 3644