iBooks.Ge - ელექტრონული წიგნების ონლაინ მაღაზია
შემოგვიერთდით:

სტატიები

თომას მანის სიტყვა ნობელის ბანკეტზე
18 ოქტ, 2026

თომას მანის სიტყვა ნობელის ბანკეტზე

თომას მანის სიტყვა ნობელის პრემიის გადაცემისადმი  მიძღვნილ ბანკეტზე სტოკჰოლმის „გრანდ ოტელში“ 1929 წლის 10 დეკემბერს

აი, დადგა ჩემი ჯერიც, მადლობა გადაგიხადოთ. არც კი არის საჭირო იმის თქმა, თუ როგორი მოუთმენლობით ველოდი ამ წუთს. თუმცა, ვაი რომ, ჭეშმარიტების ამ მომენტში ვშიშობ, სიტყვები ვერ გადმოსცემს ჩემს გრძნობებს. ასეც ხდება ხოლმე მათ შემთხვევაში, ვისაც ბუნებით არ ძალუძს ორატორობა.

ყველა მწერალი სწორედ იმ კატეგორიას მიეკუთვნება, ვისაც ორატორობა არ ეხერხება. მწერალი და ორატორი არა მხოლოდ განსხვავდებიან ერთმანეთისგან, არამედ ერთმანეთის საპირისპირონიც არიან, რადგან მათი საქმიანობა და მიზნის მიღწევის გზები რადიკალურად განსხვავდება. კერძოდ, მწერალს, თავისი ლიტერატურული ბუნებიდან გამომდინარე, ინსტინქტურად აფრთხობს ზეპირმეტყველებისთვის დამახასიათებელი იმპროვიზაციულობა და არასავალდებულო ხასიათი ისევე, როგორც ის „ეკონომიურობის პრინციპი“, რომელიც უამრავ, თანაც გადამწყვეტ სიცარიელეს ტოვებს და რომელიც მხოლოდ თავად მომხსენებლის ზემოქმედებით თუ შეიძლება, შეივსოს. ჩემს შემთხვევაში კი საქმეს ისიც ართულებს, რომ გარკვეული დროებითი დაბრკოლებები მიჩნდება, რამაც, ფაქტობრივად, თავიდანვე განწირა ჩემი, ისედაც მოუმზადებელი ორატორული მცდელობა. რა თქმა უნდა, ვგულისხმობ იმ ვითარებას, რომელშიც თქვენ ჩამაყენეთ, შვედეთის აკადემიის წევრებო, ვითარებას, რომელიც სავსეა საოცარი დაბნეულობითა და აღმაფრენით. მართლაც, წარმოდგენაც არ მქონდა, რაოდენ გრანდიოზული პატივის მიგება შეგეძლოთ! მე ეპიკური ბუნების ადამიანი ვარ და არა დრამატულის. ჩემი ბუნება და სურვილები სიმშვიდეს მოითხოვს, რათა მშვიდად ვქსოვო ჩემი თხრობის ძაფი, რათა ცხოვრებასა თუ ხელოვნებაში მყარი რიტმი სუფევდეს. გასაკვირი არ არის, რომ ამ მყარ რიტმში ჩრდილოეთიდან შემოჭრილმა დრამატულმა „ფოიერვერკმა“ ჩემი ორატორული უნარები ჩვეულ, ისედაც შეზღუდულ ზღვარს ქვემოთაც კი დასწია. მას შემდეგ, რაც შვედეთის აკადემიამ თავისი გადაწყვეტილება გამოაცხადა, სადღესასწაულო ეიფორიაში, ერთგვარ მომხიბლავ ამოყირავებულ მდგომარეობაში ვცხოვრობ. ამ მდგომარეობის გავლენა ჩემს გონებასა და სულზე ყველაზე უკეთ შეიძლება აღიწეროს გოეთეს ერთი ლამაზი და უცნაური სასიყვარულო ლექსით. ლექსი თავად კუპიდონს ეძღვნება და მასში არის ასეთი სტრიქონი: „შენ არიე და თავდაყირა დააყენე ჩემი ცხოვრება“. ამგვარად, ნობელის პრემიამ დიდი არეულობა შეიტანა ჩემს „ეპიკურ“ ყოფაში და, ალბათ, უხეშობად არ ჩამეთვლება, თუ ამ პრემიის გავლენას ჩემზე იმ ცვლილებებს შევადარებ, რომლებსაც ვნება იწვევს მოწესრიგებულ ადამიანურ ცხოვრებაში.

და მაინც, რა ძნელია ხელოვანისთვის, ყოველგვარი უნდობლობის გარეშე მიიღოს ისეთი პატივი, როგორიც ახლა მე მხვდა წილად! განა არსებობს ღირსეული და საკუთარი თავის მიმართ კრიტიკული ხელოვანი, რომელსაც ამის გამო სინდისი არ აწუხებდეს? ასეთ დილემაში მხოლოდ პიროვნულობისა და ინდივიდუალობის მიღმა გასული ხედვა თუ დაგვეხმარება. ყოველთვის უმჯობესია, თავი დააღწიო საკუთარ „მე“-ს, მით უმეტეს, ასეთ ვითარებაში. გოეთემ ერთხელ ამაყად თქვა: „მხოლოდ ნაძირლები არიან თავმდაბალნი“. ეს სიტყვები ნამდვილ დიდგვაროვანს ეკუთვნის, რომელსაც სურდა, გამიჯვნოდა ქვეშევრდომთა და თვალთმაქცთა მორალს. მაგრამ, ქალბატონებო და ბატონებო, ეს, ალბათ, მთელი სიმართლე არ არის. თავმდაბლობაში სიბრძნე და გონიერებაა. და, მართლაც, სულელი იქნებოდა ის, ვინც ისეთ პატივში, რომელიც მე მერგო, ამპარტავნებისა და ქედმაღლობის საბაბს იპოვიდა. სწორად ვიქცევი, როდესაც ამ საერთაშორისო ჯილდოს – რომელიც, რაღაც შემთხვევის წყალობით, მე მერგო – ჩემი ქვეყნისა და ხალხის ფერხთით ვდებ, იმ ქვეყნისა და ხალხის ფერხთით, რომელთანაც მე და ჩემი მსგავსი მწერლები დღეს უფრო ახლოს ვგრძნობთ თავს, ვიდრე ოდესღაც, მისი ხმაურიანი იმპერიის აყვავების ხანაში.

მრავალი წლის შემდეგ სტოკჰოლმის საერთაშორისო პრემია კვლავ მიენიჭა გერმანულ გონებას, კერძოდ, გერმანულ პროზას. ალბათ, ძნელი წარმოსადგენია, რაოდენ მძაფრად აღიქვამენ მსოფლიო სიმპათიის ამგვარ გამოვლინებებს ჩემს იავარქმნილ და ხშირად არასწორად გაგებულ ქვეყანაში.

ნება მომეცით, უფრო მეტად ჩავუღრმავდე ამ სიმპათიის არსს. ბოლო თხუთმეტი წლის განმავლობაში გერმანული ინტელექტუალური და მხატვრული მიღწევები ისეთ პირობებში იქმნებოდა, რომლებიც სულისა და სხეულისთვის სულაც არ იყო ხელსაყრელი. არცერთ ნაწარმოებს არ ჰქონია შესაძლებლობა, მშვიდ და უსაფრთხო გარემოში განვითარებულიყო და მომწიფებულიყო. პირიქით, ხელოვნებასა და ინტელექტს უწევდა არსებობა უკიდურესად რთულ და პრობლემურ პირობებში – გაჭირვების, არეულობისა და ტანჯვის ფონზე, ვნებათა ისეთ ქაოსში, რომელიც თითქმის აღმოსავლურსა და რუსულს მოგაგონებთ. და სწორედ ამ ქაოსში შეძლო გერმანულმა აზროვნებამ, შეენარჩუნებინა დასავლური, ევროპული პრინციპი – ფორმის ღირსება. ევროპელისთვის ხომ ფორმა ღირსების საკითხია? მე კათოლიკე არ ვარ, ქალბატონებო და ბატონებო. ჩემი ტრადიცია თქვენსას ჰგავს – მე ღმერთთან პროტესტანტულ, უშუალო ურთიერთობას ვემხრობი. მიუხედავად ამისა, მყავს საყვარელი წმინდანი. გეტყვით მის სახელსაც: ეს წმ. სებასტიანია – ის ჭაბუკი ბოძზე, რომელიც, ყველა მხრიდან ხმლებითა და ისრებით განგმირული, აგონიის პირასაც კი იღიმის. წყალობა ტანჯვაში – აი, რა გმირობას განასახიერებს წმ. სებასტიანი. შესაძლოა, ეს შედარება გაბედული იყოს, მაგრამ მინდა, ეს გმირობა გერმანულ სულსა და გერმანულ ხელოვნებას მივაკუთვნო, ვივარაუდო, რომ გერმანიის ლიტერატურული მიღწევებისთვის მინიჭებული საერთაშორისო აღიარება სწორედ ამ ამაღლებული გმირობის გათვალისწინებით მოხდა. თავისი პოეზიით გერმანიამ ტანჯვაში წყალობის გამოვლენა შეძლო. მან შეინარჩუნა ღირსება: პოლიტიკურად იმით, რომ არ დანებდა მწუხარების ანარქიას და შეინარჩუნა ერთიანობა; სულიერად კი იმით, რომ ტანჯვის აღმოსავლური პრინციპი ფორმის დასავლურ პრინციპს შეუხამა და ტანჯვისგან სილამაზე შექმნა.

დასასრულს, ნება მომეცით, პირადულ თემას შევეხო. გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ პირველივე დელეგატებს, რომლებიც ჩემთან მოვიდნენ, ვუთხარი, თუ რაოდენ ამაღელვებელი და სასიამოვნო იყო ჩემთვის ასეთი პატივის მიღება ჩრდილოეთიდან, იმ სკანდინავიური სივრციდან, რომელთანაც, როგორც ლიუბეკის მკვიდრს, ბავშვობიდანვე მაკავშირებს ცხოვრების წესის მრავალი მსგავსება, ხოლო როგორც მწერალს – ლიტერატურული სიმპათია და აღტაცება ჩრდილოეთის აზროვნებითა თუ ატმოსფეროთი. ახალგაზრდობაში დავწერე ნაწარმოები, რომელიც დღესაც მოსწონთ – „ტონიო კროგერი“. ის მოგვითხრობს სამხრეთსა და ჩრდილოეთზე, რომლებიც ერთ პიროვნებაშია შერწყმული, შერწყმულია ისე, რომ ეს ერთდროულად პრობლემატურიცაა და ნაყოფიერიც. ამ ნაწარმოებში სამხრეთი განასახიერებს სენსუალურ და ინტელექტუალურ თავგადასავალს, ხელოვნების „ცივ ვნებას“, ჩრდილოეთი კი, თავის მხრივ, გულს, ბურჟუაზიულ კერას, ღრმად ფესვგადგმულ გრძნობებსა და გულწრფელ, ადამიანურ სითბოს უკავშირდება. და აი, ეს „გულის კერა“ – ჩრდილოეთი – ახლა გრანდიოზული ზეიმით მეგებება და გულში მიკრავს. ეს ჩემს ცხოვრებაში მშვენიერი და მნიშვნელოვანი დღეა, ნამდვილი დღესასწაული – შვედურად მას „högtidsdag“-ს უწოდებენ, რაც ნებისმიერ საზეიმო, მხიარულ დღეს აღნიშნავს. ნება მომეცით, სწორედ ამ სიტყვას – რომელიც ასე მოუხერხებლად ვისესხე შვედური ენიდან – დავუკავშირო ჩემი უკანასკნელი თხოვნა: მოდით, ქალბატონებო და ბატონებო, ერთად გამოვხატოთ მადლიერება და მივულოცოთ ნობელის ფონდს – ორგანიზაციას, რომელიც ესოდენ სასარგებლო და მნიშვნელოვანია მთელი მსოფლიოსთვის და რომლის წყალობითაც დღეს ამ შესანიშნავ საღამოს ვესწრებით. შვედური ტრადიციის თანახმად, შემომიერთდით და ოთხჯერ შესძახეთ „ვაშა!“ ნობელის ფონდის სადიდებლად!

________________________________________

სიტყვით გამოსვლამდე პროფესორმა ი. ე. იოჰანსონმა შემდეგი კომენტარი გააკეთა: „თომას მანმა ისეთი მოვლენები აღწერა, რომელთა აღსაქმელადაც არ გვჭირდება ელექტრონებისა თუ ატომების მოდელები. მისი ნაშრომები ეხება ადამიანურ ბუნებას – ისეთს, როგორიც ის სინდისის შუქზე წარმოგვიდგება. შესაბამისად, მისი კვლევის სფერო მრავალი საუკუნისაა, თუმცა თომას მანმა გვაჩვენა, რომ ეს სფერო დღესაც უამრავ ახალ და უაღრესად საინტერესო საკითხს გვთავაზობს. ვფიქრობ, ის თავს უცხოდ არ იგრძნობს იმ ჯგუფში, სადაც ყველა – ალფრედ ნობელის მსგავსად – მოვლენათა შორის კავშირების შესწავლისკენ მიმართულ ადამიანურ ძალისხმევას მთელი ცივილიზაციის საფუძვლად მიიჩნევს. დარწმუნებული ვარ, ის არც იმ ქვეყანაში იგრძნობს თავს უცხოდ, რომელიც მის სამშობლოსთან ასე ახლოსაა“.

ნახვების რაოდენობა: 83