iBooks.Ge - ელექტრონული წიგნების ონლაინ მაღაზია
შემოგვიერთდით:

სტატიები

უკმაყოფილება კულტურით
8 მაი, 2024

უკმაყოფილება კულტურით

ზიგმუნდ ფროიდმა „უკმაყოფილება კულტურით“ (Das Unbehagen in der Kultur) 1929 წელს დაწერა. ნაშრომის სამუშაო სახელწოდებაა „უბედურება კულტურაში“ (Das Unglück in der Kultur). ფსიქოანალიტიკოსი წიგნს იწყებს რელიგიის შესახებ კითხვით, პასუხობს რა თავის მეგობარ რომენ როლანს. ფროიდს მიაჩნდა, რომ რელიგიურ აღმსარებლობათა უმეტესობა ილუზიაა, ხოლო რელიგიურობის ჭეშმარიტი წყარო არის „მარადიულობის“ და რაღაც უსაზღვროს „ოკეანური“ განცდა. იგი წერს, რომ თავად არ განიცდის მსგავს რამეს, ამიტომ მას არ შეუძლია უარყოს ამ გრძნობის არსებობა სხვებში, თუმცა ფსიქოანალიზს ძალუძს, ახსნას მისი წარმოშობა.

ამ „ოკეანური“ განცდის წყაროდ ის ინფანტილურ ნარცისიზმს ასახელებს. ადრეულ ასაკში ადამიანი ჯერ კიდევ არ არის დაშორებული გარე სამყაროს, მისი „მე“ მოგვიანებით ყალიბდება. ამ ინფანტილურ განცდასთან დაბრუნება, რომელიც ზრდასრულთა ფსიქიკის შორეულ კუთხეებშია შემორჩენილი, იწვევს კიდეც რელიგიური გრძნობების წარმოქმნას. ისინი აიხსნება ფსიქიკის მიერ განვითარების ადრეული საფეხურების მემკვიდრეობით მიღებით, როდესაც „მე“ ჯერ კიდევ არ არის მთლიანად გამოყოფილი Id-ისგან.

შემდეგ ფროიდი რელიგიის წარმოშობის შესახებ მსჯელობს. მას ყველაფერი ადამიანურ ბუნებამდე დაჰყავს: ჩვენ ბედნიერებისკენ, სიამოვნებისკენ ვისწრაფვით და ვცდილობთ, თავი ავარიდოთ ტკივილსა და ტანჯვას. ცხოვრების მიზანს სიამოვნების პრინციპი განსაზღვრავს, მაგრამ სამყარო გამუდმებით ცდილობს ყველაფრის აწეწვას – ბედნიერების მიღწევა არც ისე ადვილია, ცხოვრება კი მწუხარებით არის აღსავსე: ომები, ავადმყოფობები და სხვა უბედურებები ადამიანის ცხოვრებაში დაბადების წუთიდან იჭრება. ამიტომ ადამიანები ნუგეშს რელიგიაში ეძებენ, რომელიც ტანჯვისგან განთავისუფლებას და მარადიულ ნეტარებას სთავაზობს მათ.

უბედურების თავიდან აცილების მრავალი ასეთი „მეთოდი“ არსებობს: ფილოსოფია (მაგალითად, სტოიციზმი), მეცნიერება, შემოქმედება და ა.შ. მაგრამ ფროიდს მხოლოდ მეცნიერული შემეცნება და შრომა მიაჩნდა სამყაროს მტრული დამოკიდებულებისთვის წინააღმდეგობის გაწევის საუკეთესო საშუალებად. რელიგიის მიმართ მას ნეგატიური დამოკიდებულება ჰქონდა და ნარკოტიკებზე დამოკიდებულებაც კი „ხსნის“ საუკეთესო პრაქტიკად მიაჩნდა. ფროიდის აზრით, რელიგია აკნინებს ცხოვრებისეულ ღირებულებებს და ამახინჯებს სამყაროს რეალურ სურათს. მას მიაჩნდა, რომ ცივილიზაციამ ადამიანებს არამხოლოდ სიკეთე მოუტანა, არამედ გამაღიზიანებელ ჩარჩოებშიც მოაქცია. კულტურამ ადამიანს წაართვა ბუნებრივი თავისუფლება და მასში ფესვგადგმული აგრესია.

ფროიდი ადამიანისა და თანამედროვე კულტურის ანტაგონიზმს აანალიზებს, რომელშიც ადამიანები უფრო ნევროტულები ხდებიან, რადგან კულტურა საზოგადოებას გამუდმებით ახალ საზღვრებში აქცევს და სხვადასხვა ტაბუს აწესებს. კულტურა მრავალი მიდრეკილების უარყოფას მოითხოვს, რაც ზღუდავს ინდივიდის ბუნებრივ თავისუფლებას, მის თანდაყოლილ ბუნებას (ნახსენებ Id-ს). ადამიანის სწრაფვა თავისუფლებისკენ მიმართულია ან კულტურის გარკვეული ფორმებისა და პრეტენზიების, ან მთლიანად მის წინააღმდეგ.

ლტოლვა შეიძლება იყოს დესტრუქციული და აგრესიული. „ადამიანი ადამიანისთვის მგელია“, – ასეთი აზრის იყო ფროიდი. ის სკეპტიკურად უყურებდა მარქსისტულ თეზისს, რომ კერძო საკუთრების გაუქმება ხელს შეუწყობდა აგრესიის დაძლევას, რადგან ეს ბუნებით არის შეუძლებელი. ფსიქოანალიტიკოსი პატივს მიაგებდა თანამედროვე კულტურას, რომელიც ადამიანებს უსაფრთხოებას ანიჭებს, სანაცვლოდ კი აგრესიულ ლტოლვაზე (მაგალითად, სექსუალურზე) უარის თქმას მოითხოვს.

კულტურა სიცოცხლისა და სიკვდილის ინსტინქტების ბრძოლის ველად წარმოდგება. ეროსი ხელს უწყობს ადამიანთა გაერთიანებას კავშირებში, ხოლო ტანატოსი – მათ განადგურებას. ეს დაპირისპირება არის ცხოვრების არსი და შინაარსი, ამიტომ კულტურული განვითარება შეიძლება შეფასდეს, როგორც კაცობრიობის ბრძოლა გადარჩენისთვის. ფროიდის აზრით, აგრესია ვლინდება ნევროტულ შიშსა და დანაშაულის გრძნობაში, ხოლო „ზე-ეგო“ ენერგიას იღებს ასეთი განდევნიდან.

„უკმაყოფილება კულტურით“ მთავრდება თეზისით, რომ ადამიანის ინდივიდუალურ განვითარებასა და კულტურას მრავალი აქვთ საერთო. ორივე შემთხვევაში საქმე გვაქვს ცოცხალ ბუნებაში გაბატონებულ კანონებთან. კულტურული პროცესი არის ცხოვრების გარკვეული მოდიფიკაცია, მაგრამ მასში ასევე მჟღავნდება ბრძოლა ეროსსა და ტანატოსს შორის. ფროიდი ამტკიცებს, რომ არსებობს სოციალური „ზე-ეგო“, რომელიც ასევე განვითარების პროცესშია და განსხვავდება სხვადასხვა ისტორიულ ეპოქასა და კულტურაში.

ნაშრომმა „უკმაყოფილება კულტურით“ მრავალი ფილოსოფოსისა და სოციოლოგის (ძირითადად „ფროიდო-მარქსისტების“ – მარკუზეს „ეროსი და ცივილიზაცია“ და სხვ.) მიიპყრო და დიდი როლი ითამაშა ამერიკული კულტურული ანთროპოლოგიის განვითარებაში (მოძღვრება „პიროვნების საბაზისო ტიპის“ შესახებ). ნეოფროიდიზმის ჩარჩოებში ფროიდის ინსტინქტების თეორიის გადახედვამ ხელი შეუწყო აგრესიულობის განსხვავებულ ინტერპრეტაციას (ე. ფრომის „ადამიანის დესტრუქციულობის ანატომია“).

ნახვების რაოდენობა: 332