iBooks.Ge - ელექტრონული წიგნების ონლაინ მაღაზია
შემოგვიერთდით:

სტატიები

უკვდავების პრობლემა
16 ნოე, 2017

უკვდავების პრობლემა

თამამად შეიძლება ითქვას, რომ ადამიანის წინაშე მდგარი ყველაზე დიდი პრობლემა ოდითგანვე სიკვდილია. მასვე უკავშირდება ადამიანის უკვდავების თემაც, რომელიც ერთი შეხედვით შესაძლოა აღნიშნული პრობლემის გადაწყვეტადაც კი მოგვეჩვენოს.

 უმთავრესად ამ ორ, ერთიმეორისგან გამომავალ საკითხს ეძღვნება დიმიტრი უჩანეიშვილის 2012 წელს გამოქვეყნებული რომანი “In Homo”. მისი მთავარი გმირი, დიმიტრი ჯაფარიძე, გაზეთში შემთხვევით ნეკროლოგს წააწყდება, რომელიც მავანი დიმიტრი ჯაფარიძის გარდაცვალებას იუწყება. ჩნდება კითხვა: „ხომ შეიძლებოდა ეს მე ვყოფილიყავი?“ და იწყება ღრმა შინაგანი ბრძოლით აღსავსე ეგზისტენციალური თავაგდასავალი, თუმცა მის ყველა პერიპეტიაზე აქ არ შევჩერდებით და შემოვიფარგლებით მხოლოდ ერთი, სათაურში გამოტანილი პრობლემის განხილვით.

 რეფლექსიური ბრძოლის ერთ-ერთ ეტაპზე მთავარი გმირი უკვდავების შესახებ დაფიქრდება, და მოითხოვს კიდეც მას თავისთვის (მაგალითიც კი აქვს ნაპოვნი - უკვდავი მედუზა turritopsis nutricula). მაგრამ შემდეგ უფრო ღრმად მიდის საკითხის არსში და აი, რა აღმოჩნდება: უკვდავება, თუკი ის ისევე იქნება მოცემული, როგორც, ვთქვათ, წარსული ანუ თუკი ის გარდუვალი იქნება, ის გამორიცხავს სიკვდილს, რაც ადამიანის ენაზე იმას ნიშნავს, რომ მე ვერ დავტოვებ ცხოვრებას, თუკი ის აღარ მომეწონება, მომბეზრდება, მომყირჭდება, აუტანელი გახდება და ა.შ. ეს ერთგვარად რელიგიური თავსმოხვეული მარადი ცხოვრების ამქვეყნიური ალტერნატივაა, რასაც თავს ვერ დააღწევ - გინდა თუ არ გინდა, უნდა იყო, სხვა საკითხია, კარგად იქნები თუ ცუდად. მთავარი გმირი ხვდება ამას და ასეთი ფორმით უკვდავებაზე უარს ამბობს, რითიც უარყოფს უკვდავების უპირობო სარგებლიანობას, რადგან ყოფა არ არის უპირობო სიქველე. ერთი სიტყვით: „მე შეიძლება წასვლა ვისურვო“.

ხოლო თუ უკვდავება იქნება მხოლოდ შესაძლებლობა და არა გარდუვალობა, ეს არაფერს შეცვლის, რადგან ადამიანი სიკვდილისადმი მოწყვლადი დარჩება. ეს მხოლოდ გადავადებაა. შედეგად მივიღეთ, რომ პირველი მოდელი გამორიცხავს სიკვდილს, მეორე კი უკვდავებას.

 ხომ არ გამორჩა ავტორს რაიმე, ხომ არ გააკეთა მან ნაჩქარევი დასკვნა? იქნებ შესაძლოა, არსებობდეს მესამე მოდელი, ადამიანისთვის მეტად მისაღები? ეს კი, ანუ ის, რაც ადამიანისათვის მეტად მოსახერხებელი უნდა იყოს, ჩვენი ვარაუდით, შემდეგია: მე ვიყო უკვდავი, მაგრამ სურვილის შემთხვევაში შემეძლოს სიკვდილი. ერთი შეხედვით, კი, ასეა, ეს არის მოდელი, რომელიც დიმიტრი ჯაფარიძეს და, შესაბამისად, მის შემქმნელს მხედველობიდან გამორჩა. კიდევ უფრო ღრმად ჩავიხედოთ. თუ მე აღჭურვილი ვარ უკვდავების ფუნქციით, ასევეა აღჭურვილი სხვაც, ანუ ყველა ადამიანი, რადგან ეს არა პრივილეგია, არამედ საყოველთაო წესია. შესაბამისად, თუ მე შემიძლია „გამოვრთო“ უკვდავების ფუნქცია, ის ექვემდებარება „გამორთვას“ და ამის განხორციელება სხვასაც შეუძლია. ხომ წარმოუდგენელია, რომ გასაღები მხოლოდ მე მქონდეს? ის ყველას აქვს. მაშასადამე, უკვდავების ფუნქციის ფლობა ისევ და ისევ მხოლოდ შესაძლებლობა ყოფილა უკვდავების, ის არაფერს იძლევა, ეს მხოლოდ დროის მოგებაა, ისიც არა ყველა შემთხვევაში.

 აი, აქ ისრისება მკითხველი, თურმე მას ოცნების საშუალებაც კი არ ჰქონია. ის უკიდურესად რთული ლოგიკური უტოლობის წინაშე აღმოჩნდება, რომელიც რაღაცის დაშვებასაც კი შეუძლებელს ხდის. გონება ეწინააღმდეგება მის მყისიერ გაცნობიერებას, მაგრამ საბოლოოდ რწმუნდება, რომ ჩვენს სამყაროში, აზროვნების ჩვენეული წესის გამოყენებით, ეს ასეა. დგება სასოწარკვეთა.

 ალბათ ეს არის ამ რომანის ერთ-ერთი (და არა ერთადერთი) ღირსება - აღმოჩენა იმისა, რომ არამც თუ უკვდავება არ არსებობს, ის თეორიულად შეიძლება იყოს, მაგრამ ჩვენს ყოფას არ ერგება, როგორც პატარა ქანჩი  დიდ ჭანჭიკს.

 დიახ, დასკვნა სასოწარმკვეთია: ჩვენთვის სასურველი უკვდავება არამც თუ შესაძლებელია, წარმოუდგენელიც კია. მაშ, რაღა დარჩენია ადამიანს, თუკი უკვდავებაზე ოცნებასაც აღარ აქვს აზრი? და საერთოდ, რჩება კი რაიმე? დიმიტრი ჯაფარიძე აქ არ ჩერდება, ის განაგრძობს ბრძოლას, ცდილობს იპოვოს გამოსავალი, თუნდაც ბანალური. სად მივა? 

ნახვების რაოდენობა: 2167