იმ უამრავ გამოცანასა და თავსატეხს შორის, რომელიც ბერძენი ავტორის ფილოსოფიამ წარმოშვა, ერთ-ერთი ყველაზე დიდი უდავოდ პლატონის „პოლიტიკოსია“. პლატონის დიალოგების ცნობილი მკვლევარი და მთარგმნელი ბ. სეტი აღნიშნავს, რომ „არც ერთი დიალოგი არაა იმაზე უფრო ცუდად ჩაფიქრებული, ვიდრე პლატონის „პოლიტიკოსი“. სხვა ცნობილი მკვლევარებიც დიდი ხნის განმავლობაში აკრიტიკებდნენ ამ დიალოგს (როვი, ტეილორი, რაილი დ. ა. შ.). თავი რომ დავანებოთ „პოლიტიკოსის“ შინაარსს, უამრავ შეკითხვას ბადებს თავად მისი ფორმა. მეცნიერებაში არაერთგზის აღნიშნულა ის ფაქტი, რომ ეს დიალოგი არაა კარგად ორგანიზებული, აგებულია უცნაური გზით და უფრო მეტად ჰგავს ტრაქტატს, ვიდრე ფილოსოფიურ დიალოგს.
პლატონი (428/427 ან 424/423 – 348/347 ჩვ. წ.ა.) - ძველი ბერძენი ფილოსოფოსი, ათენის აკადემიის, დასავლეთ ევროპის უმაღლესი განათლების პირველი დაწესებულების დამფუძნებელი. საყოველთაოდ არის მიჩნეული ცენტრალურ ფიგურად დასავლური ფილოსოფიის განვითარებაში, რომლის გავლენა დღემდე იგრძნობა.