iBooks.Ge - ელექტრონული წიგნების ონლაინ მაღაზია
შემოგვიერთდით:

სტატიები

ეგზისტენციური შიშის ანატომია
7 ივლ, 2018

ეგზისტენციური შიშის ანატომია

ეგზისტენციური შიში ცხოვრებისეულ ცეცხლსა და ცხოვრებისეულ სითბოს როდი ნიშნავს, არამედ საწინააღმდეგო პრინციპს, სიკვდილის დამანგრეველ პრინციპს, რომელზეც გაკანკალებს. ამ თვალსაზრისით და, არა მარტო ამიტომ, სამართლიანობა მოითხოვს ითქვას, - რომ ნებისმიერი განგაში - ეს სიკვდილის განგაშია.

მეოცე საუკუნის ცნობილი შვეიცარიელი ფსიქოლოგის ლუდვიგ ბინსვანგერის სიტყვები, მკვლევრისა, რომელიც ეგზისტენციური ფსიქოლოგიის მამამთავრად არის მიჩნეული, კარგად გამოხატავს დიმიტრი უჩანეიშვილის მოთხრობის IN HOMO გმირის სულიერ მდგომარეობას, კანკალსა და ძრწოლას, რომლის ფონზეც ადამიანის შინაგანი სამყარო გაიხსნება და მწერლის ძიებათა და დაკვირვებათა მრავალფეროვანი სპექტრი გამოჩნდება.

ადამიანის არსებობის ფუნდამენტური სტრუქტურის ხედვა, მისი არსებითი ელემენტების გამოყოფა და მხატვრულად აღწერა დიმიტრი უჩანეიშვილის შემოქმედების ნიშან-თვისებაა. მწერალი მიზანმიმართულად სცდება ვიწრო ფსიქო-ანალიტიკური კვლევის ჩარჩოებს და განზოგადებათა ველში შეყავს მკითხველი, რათა მახვილ მწერლურ დაკვირვებათა მრავალფეროვნებით კიდევ უფრო ხელშესახები გახადოს ადამიანურ სწრაფვათა ვექტორები უხსოვარი დროიდან დღემდე.

მწერალი შეგნებულად გაურბის რეალურ სამყაროს და ქმნის სურრეალისტურ გარემოს, მოდელს, რომელიც საშუალებას იძლევა მარტოსულის, ეგოისტურ ინტერესებში ჩაძირული და უკვდავების იდეით შეპყრობილი ადამიანის დამოკიდებულება გარესამყაროსადმი მიმზიდველ მხატვრულ ქსოვილში მოაქციოს.

ინტროვერსული ფსიქოტიპის, მოთხრობის არაორდინარული პერსონაჟის დიმიტრი ჯაფარიძის ეგოს მეშვეობით მკითხველი ცხოვრების სოციალურ-ანალიტიკური კვლევის თანამონაწილე ხდება და მწერალთან ერთად განიცდის სიკვდილის შიშით შეპყრობილი ადამიანის შემაძრწუნებელ, აბსურდამდე მისულ მდგომარეობას.

თანდათან მკითხველისთვის ახლობელი ხდება ნიჭიერად დაწერილი მოთხრობის ფიქრებისა და განცდათა მორევში ჩაკარგული გმირის სულიერი თავგადასავალი და იოლად მიყვებით მწერალს ამ ერთობ ძნელ, უჩვეულო მოგზაურობაში, რომელიც საუკუნეებს მოიცავს. ანტიკური მითებით გამდიდრებული წიაღსვლები, ისევე როგორც ბიბლიური რემინისცენციები ავტორს საშუალებას აძლევს ზოგადი სურათი წარმოაჩინოს, ყველა დროისა და ეპოქის მახასიათებლები, მუდმივი სიდიდეები, გმირის, ადამიანის მიმართება სამყაროსადმი, მსოფლაღქმის ძირეული ორიენტირები.

სიკვდილის შიში უფრო მტანჯველია, ვიდრე თვით სიკვდილი, დასძენს ჟან ლაბრუერი, მე-17 საუკუნის ცნობილი ფრანგი მორალისტი. ადამიანი ტირილით სტოვებს ვიწრო საშოს და შეშინებული გამოდის უკიდეგანო სამყაროში. ამ სამყაროს შეგუებული ის ტირის და ვაებს, რადგან წინასწარ გრძნობს, რომ კვლავ ვიწრო ყუთში ჩაჭედავენ. და ჩვენ ზუსტად ვერ ვიტყვით, ადამიანს ეშინია სივიწროვისა თუ მისკენ მიისწრაფის.

მე-19 ს. ჩინელი მწერლისა და პოეტის, სათავგადასავლო რომანების ავტორის ში იუნ კუნის სიტყვები კარგად გამოხატავს დიმიტრი უჩანეიშვილის გმირის გაორებას, მის პოზიციას.

მოთხრობის სიუჟეტი მარტივი და ნაცნობია; მწერლური ხერხი, რომელსაც ავტორი მიმართავს, მრავალჯერ აპრობირებული. ინტერესსა და განცვიფრებას იწვევს გმირის თავს დატრიალებული დრამა, ავადმყოფობის შიშით გამოწვეული, საკუთარი სულიერი მდგომარეობის ხედვა, იდეა, რომელიც მხოლოდ თანამედროვე, ტექნოკრატიულ ეპოქაში დაბადებული ადამიანის ცნობიერებაში შეიძლება მომწიფდეს, შემდეგ კი ხორცი შეესხას. შიშის დაძლევის სრულიად ახალი, ორიგინალური გზა, ზედმეტი სხეულებრივისგან განტვირთვის აპოლოგია, როდესაც ადამიანი მთელ რიგ ორგანოებს თმობს, ანდა ანაცვლებს შიშის დაძლევის მიზნით.

შიშს დიდი თავლები აქვსო, უთქვამს ხალხს. და შეშინებული ჩვენი გმირის ცნობიერებაში გარდატეხა მაშინ ხდება, როდესაც იგი ხვდება, რომ იოლი შესაძლებელია, იმ შავჩარჩოიანი განცხადების პერსონაჟის ადგილას, რომელიც დიმიტრი ჯაფარიძის გარდაცვალებას იუწყება, თავად ყოფილიყო. და იწყება დრამა, რომელიც ერთი მხრივ ამ მომნუსხავი, ყოვლისმომცველი განცდით, არსებობისა და სიკვდილის შიშით არის განპირობებული, მეორე მხრივ კი - მისი დაძლევის გზების ძიებით.

ავადმყოფობის შიში, რომლის ლოგიკური დასასრული მეტწილად სწრაფი სიკვდილია, ყველაზე რთული და საბედისწერო, საუკუნის რისხვის, უკონტროლოდ მზარდ უჯრედებთან ბრძოლის შიშია. მაგრამ არსებობს შიშის მრავალსახეობა, რომელიც ზოგჯერ ამ მთავარს არა თუ ჩამოუვარდება, უტოლდება კიდეც.

სიკვდილის განცდა განსაკუთრებით მძაფრი და მტკივნეული შემოქმედი ადამიანისთვის აღმოჩნდება და მწერალიც აგრძელებს თავის დაკვირვებათა ციკლს: მოკვდე, ნიშნავს არ მოხდეს ის, რაც შეიძლებოდა მომხდარიყო, მოკვდე, ნიშნავს ვერ შექმნა ის, რაც შეიძლებოდა შეგექმნა. ამ თეზას გადეჯაჭვება მეორე იდეა, რომ ცხოვრება ფასობს არა თავისთავად, არამედ იმ ატრიბუტით, რაც ცხოვრებას აზრს ანიჭებს. ეს ატრიბუტი ხდება ცხოვრება. თუ მწერლისთვის ცხოვრება ნიშნავს წერას, როდესაც იგი ვეღარ წერს ანუ მას არ შეუძლია, იგი აღარ ცხოვრობს.

საინტერესოა, რომ მწერალს აქაც, ამ მოთხრობაშიც ძლევს ცთუნება და გვერდს ვერ უვლის შემოქმედებისადმი და შემოქმედი პიროვნებისადმი დამოკიდებულებას, რასაც უშუალოდ არსებობის საზრისთან აკავშირებს.

დიმიტრი უჩანეიშვილი დაუნდობელია საკუთარი გმირის მიმართ, რომელსაც ერთი შემთხვევა უბიძგებს, სიკვდილზე დაფიქრდეს და სთავაზობს უკვდავების ვერსიას როგორც ხსნის, სიკვდილის საპირწონეს: ადამიანი ათასწლეულებია უკვდავებას ეძებს. წარმოვიდგინოთ, რომ მან მიაგნო მას. წარმოვიდგინოთ, რომ უკვდავება არსებობს, როგორც შესაძლებლობა და არა როგორც გარდუვალობა. მინდა უკვდავება? ამის შესახებ არასოდეს მიფიქრია.

სიკვდილზე გაბრაზებული ავტორი საინტერესო ფორმულას სთავაზობს მკითხველს: ადამინისთვის არაფერია უფრო დამამცირებელი, ვიდრე სიკვდილი. მაგრამ დანებებაა ერთადერთი გამოსავალი. გაცნობიერება იმისა, რომ მე, ვიცხოვრებ, რადგან დავნებდი. შიშისადმი ამგვარი განწყობა რამდენადმე აიოლებს ძიების ჯინით შეპყრობილი გმირის მდგომარეობას, მაგრამ ძიებას იგი მაინც ვერ თმობს და განაგრძობს სიკვდილის მრავალსახეობით მანიპულირებას, რასაც ბოლოს იმ დასკვნამდე მიჰყავს, რომ უმჯობესია დააჩქაროს, დე, დროზე მოხდეს ის, რაც შიშს იწვევს.

მძიმე დიაგნოზის ალბათობა გმირს მოსვენებას უკარგავს და ობიეტურად სრულიად უსაფუძვლო, აბსურდული ფიქრებიდან უშუალოდ საქმეზე გადადის, ატარებს ექსპერიმენტს, ანუ თავისუფლდება იმ ორგანოებისგან, რომლებმაც შესაძლოა სიმსივნური დაავადება გამოიწვიოს და ლეტალურმა შედეგმაც არ დააყოვნოს. იგი მარტო ამას არ სჯერდება და ცდილობს, შიში განცდიდან ცოდნად აქციოს. რაც უფრო დაბალია ინტელექტი, მით ნაკლებია მოთხოვნა, ამიტომ არის, რომ ასეთი ადამიანები უფრო ადვილად აღწევენ წარმატებას. მათ არ აქვთ ის შეზღუდვები, რომლებიც ხვდება ადამიანს, ვისაც საკვებთან ერთად ისიც აინტერესებს, თუ რისთვის უნდა იკვებოს.

ერთადერთი იარაღი რჩება მწერალს გმირის გაუთავებელი შიშისა და ფობიების წინააღმდეგ - ეს არის რწმენა. მაგრამ ფსიქოანალიტიკური ძიების პროცესში პერსონაჟი საღად აცნობიერებს რეალობას და იწყებს მსჯელობას: მე უნდა ვირწმუნო არა ის, რომ ეს სენი უახლოეს მომავალში გახდება განკურნებადი, არამედ ის, რომ მე არ დავაავადდები. მაგრამ ხომ არ არის შიშის გამომწვევი მიზეზები ჩანაცვლებადი? ეგებ ავტორის ნათქვამი სულ სხვაგვარად უნდა გავიგოთ: იქნებ არსებობს სიკვდილის სხვა მიზეზები? რა თქმა უნდა, არსებობს და ამიტომ შიში სულ თან გვდევს და სიფხიზლისკენ გვიბიძგებს, როგორც ნიცშე იტყვის: სიკვდილი საკმაოდ ახლოა იმისთვის, რომ შეგვეძლოს სიცოცხლის არ გვეშინოდეს.

არსებობს რაღაც ცუდი და ეს შეიძლება მოხდეს. მორჩა. ეს საკმარისია შიშისთვის, ხოლო როდესაც შეუძლებელია მასთან გამკლავება, დამალვა და გვერდის ავლა, გვაქვს ერთადერთი მოცემულობა: ადამიანი იძულებულია ეშინოდეს - ასკვნის მოთხრობის ავტორი.

 

ოცნებასთან განშორება მეძნელება,

დე, ცრუ იყოს ჩემი ეგზისტენცია;

იქ, შორეთში - ნაგასაკის იპოდრომზე

სულ უაზროდ ხომ კიკინებს თხა;

ჭირია და გამოცანა ყოველივე,

და ჩვენს თავზე ქუხს ელვარე ცა...

 

ასე ცინიკურად გამოხატავს აბსურდული ყოფისადმი დამოკიდებულებას უსასოობით შეპყრობილ თანამედროვე ახალგაზრდების ერთი ჯგუფი. ეგზისტენციური შიშის ფენომენი სხვა არაფერია, თუ არა სიკვდილის არსებობის განცდა, რომელიც სიკვდილითვე დაიძლევა. იოსებ ბროდსკისა არ იყოს, ერთადერთი გამოსავალი საიმქვეყნო შეხვედრების ნატვრაშია: ყველანი აქეთ-იქით დავიფანტებით. მხოლოდ სიკვდილი გაგვაერთიანებს. მაშასადამე, არც განშორება არსებულა. არსებობს გრანდიოზული შეხვედრა. ესე იგი, სიბნელეში ვიღაც უცბათ მხრებზე მოგვხვევს ხელებს.

ძიებათა საინტერესო ციკლით დიმიტრი უჩანეიშვილი ბეჯითად ამკვიდრებს სოციალურ-ანალიტიკურ მიმართულებას თანამედროვე ქართულ მწერლობაში. გასული საუკუნის სამოციან წლებში ნარკვევისა და მხატვრული ლიტერატურის შერწყმით აღმოცენებული მნიშვნელოვანი ექსპერიმენტი საინტერესოდ ვითარდება უაღრესად თანამედროვე, ორიგინალური ხელწერით აღბეჭდილ ახალგაზრდა მწერლის შემოქმედაბში, რომელსაც, ასევე, ფრაზის ლაკონურობითა და დახვეწილი სტილით უთუოდ გამოარჩევს დაკვირვებული მკითხველი.

 

ქეთევან ტომარაძე

ნახვების რაოდენობა: 2832