iBooks.Ge - ელექტრონული წიგნების ონლაინ მაღაზია
შემოგვიერთდით:

სტატიები

რატომ ვთქვი უარი პრემიაზე (ჟ.პ. სარტრი)
20 დეკ, 2017

რატომ ვთქვი უარი პრემიაზე (ჟ.პ. სარტრი)

მე ფრიად ვწუხვარ, რომ საქმემ სკანდალის ხასიათი მიიღო: პრემია მინიჭებულია, მასზე კი უარს ამბობენ. ამის მიზეზი ისაა, რომ მე არ მაცნობეს სამზადისის შესახებ. როდესაც Figaro Litteraire-ის 15 ოქტომბრის ნომერში მისი სტოკჰოლმელი კორესპონდენტის ცნობა წავიკითხე იმის შესახებ, რომ შვედეთის აკადემია ჩემი კანდიდატურისკენ იხრებოდა, მაგრამ საბოლოოდ არჩევანი ჯერ კიდევ არ ჰქონდა გაკეთებული, მე ვიფიქრე, რომ წერილის გაგზავნით, რაც მომდევნო დღეს გავაკეთე, მდგომარეობას იმგვარად გამოვასწორებდი, რომ ამას აღარ დავუბრუნდებოდით.

 მე მაშინ ჯერ კიდევ არ ვიცოდი, რომ ნობელის პრემიის მინიჭება მომავალი ლაურეატის აზრის გაუთვალისწინებლად ხდება და ვფიქრობდი, რომ კიდევ შევძლებდი ამისთვის ხელის შეშლას. ისიც კარგად მესმის, რომ მას შემდეგ, რაც აკადემიამ არჩევანი გააკეთა, ის ვეღარ იტყვის მასზე უარს. როგორც აკადემიისთვის გაგზავნილ წერილში აღვნიშნე, მიზეზები, რომელთა საფუძველზეც მე უარს ვამბობ პრემიაზე, არც შვედეთის აკადემიას ეხება და არც პრემიას, როგორც ასეთს. წერილში მე ორი სახის მიზეზები ვახსენე - პირადი და ობიექტური.

 პირადი მიზეზები

 ჩემი უარი სრულებით არ გახლავთ დაუფიქრებელი ნაბიჯი, რადგან მე ყოველთვის უარს ვამბობდი ოფიციალურ განმასხვავებელ ნიშნებზე. როდესაც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, 1945 წელს საპატიო ლეგიონის ორდენი  შემომთავაზეს, მე უარი განვაცხადე, თუმცა მთავრობაში მეგობრები მყავდა. მე არასოდეს მსურდა Collège de France-ში შესვლა, როგორც ამას მეგობართა ნაწილი მირჩევდა. აღნიშნულის საფუძვლად მწერლის შრომის შესახებ ჩემი წარმოდგენა ძევს. მწერალი, რომელმაც განსაზღვრული ადგილი დაიკავა პოლიტიკურ, სოციალურ ან კულტურულ სფეროში, მხოლოდ იმ საშუალებათა დახმარებით უნდა მოქმედებდეს, რომლებიც მხოლოდ მას ეკუთვნის, ანუ სიტყვისა.

 ყოველგვარი სახის განმასხვავებელი ნიშნები მის მკითხველებს ერთგვარი წნეხის ქვეშ აქცევს, რაც მე არასასურველად მიმაჩნია. არის განსხვავება ხელმოწერებს შორის: „ჟან-პოლ სარტრი“ და „ჟან-პოლ სარტრი, ნობელის პრემიის ლაურეატი“. მწერალი, რომელმაც ასეთ რჩეულობაზე განაცხადა თანხმობა, იმ ასოციაციასა თუ ინსტიტუტსაც ბოჭავს, რომელმაც იგი გამოარჩია. მაგალითად, ჩემი სიმპათიები ვენესუელელი პარტიზანებისადმი მხოლოდ მე მეხება. მაგრამ თუ „ჟან-პოლ სარტრი, ნობელის პრემიის ლაურეატი“ გამოვა ვენესუელელთა წინააღმდეგობის მოძრაობის მხარდასაჭერად, ამით იგი ნობელის პრემიის ინსტიტუტსაც თან გაიყოლებს. მწერალმა არ უნდა მისცეს საკუთარ თავს ინსტიტუტად ქცევის უფლება, თუნდაც ამას, როგორც მოცემულ შემთხვევაში ხდება, ესოდენ საპატიო ფორმა ეძლეოდეს. ცხადია, რომ ეს ჩემი, უკიდურესად პირადი პოზიციაა, რომელიც არ შეიცავს კრიტიკას მათ მიმართ, ვინც უკვე იქნა აღნიშნული ამ ჯილდოთი. მე ღრმად ვცემ პატივს და აღტაცებაში მოვდივარ მრავალი ლაურეატით, ვისი ცნობის პატივიც გამაჩნია.

 ობიექტური მიზეზები

 დღევანდელ დღეს კულტურის ფრონტზე ბრძოლის ერთადერთი შესაძლო ფორმაა - ბრძოლა ორი კულტურის, დასავლურისა და აღმოსავლურის, მშვიდობიანი თანაარსებობისთვის. მე ამით იმის თქმა არ მსურს, თითქოს კულტურათა დაძმობილება იყოს აუცილებელი. მე მშვენივრად მესმის, რომ ამ ორი კულტურის მხოლოდ შედარებამ აუცილებლად უნდა მიიღოს კონფლიქტის ხასიათი. მაგრამ ეს შედარება უნდა ხდებოდეს ადამიანებსა და კულტურებს შორის, ინსტიტუტთა ჩარევის გარეშე.

 პირადად მე ღრმად ვგრძნობ ამ ორ კულტურას შორის წინააღმდეგობას: მე ამ წინააღმდეგობის პროდუქტი ვარ. ჩემი სიმპათიები ცალსახად იხრება სოციალიზმისა და ე.წ. აღმოსავლეთის ბლოკისკენ, თუმცა თავად დავიბადე და აღვიზარდე ბურჟუაზიულ ოჯახში. სწორედ ეს მაძლევს საშუალებას ვითანამშრომლო ყველასთან, ვისაც ორი კულტურის დაახლოვება სურს. ამასთანავე, ვიმედოვნებ, რომ „გაიმარჯვებს საუკეთესო“ ანუ სოციალიზმი. ამიტომაც არ მსურს ჯილდოების მიღება არც დასავლეთის და არც აღმოსავლეთის კულტურის ინსტანციებისგან, თუმცა კარგად მესმის, რომ ისინი არსებობენ. მიუხედავად იმისა, რომ ჩემი სიმპათიები სოციალიზმის მხარესაა, მე ზუსტად ასევე ვერ მივიღებდი ლენინის პრემიას, თუკი ვინმე შემომთავაზებდა მას.

 კარგად მესმის, რომ ნობელის პრემია თავისთავად არ წარმოადგენს დასავლეთის ბლოკის ლიტერატურულ ჯილდოს, მაგრამ იგი ასეთად აქციეს, და ამიტომ გახდა შესაძლებელი იმ მოვლენების ხდომილება, რომლებიც შვედეთის აკადემიის კონტროლს სცდება.

 ესაა მიზეზი, რის გამოისობით ნობელის პრემია დღეს რეალურად წარმოადგენს ჯილდოს, განკუთვნილს დასავლეთის მწერლების ან აღმოსავლეთის „მეამბოხეთათვის“. მაგალითად, არ დაუჯილდოვებიათ ნერუდა [ის იქნა დაჯილდოვებული ამ განმარტების გამოქვეყნების შემდეგ, 1971 წელს - iBooks], სამხრეთ ამერიკის ერთ-ერთი უდიდესი პოეტი. სერიოზულად არასოდეს განხილულა არაგონის კანდიდატურა, თუმცა ის პრემიას სრულიად იმსახურებს. სამწუხაროა ის ფაქტი, რომ ნობელის პრემია მიიღო პასტერნაკმა და არა შოლოხოვმა [შოლოხოვმაც მიიღო ნობელის პრემია ამ განმარტების გამოქვეყნების შემდეგ, 1965 წელს - iBooks] და რომ ერთადერთ საბჭოთა ნაწარმოებად, რომელსაც პრემია ერგო, წარმოადგენს უცხოეთში გამოცემული და სამშობლოში აკრძალული წიგნი. წონასწორობის აღდგენა შესაძლებელი იქნებოდა ანალოგიური ჟესტით, მაგრამ საპირისპირო აზრით. ალჟირის ომის დროს, როდესაც მე და სხვებმა ხელი მოვაწერეთ „121-ის მანიფესტს“, მე მადლიერებით მივიღებდი ამ პრემიას, რადგან ასეთ შემთხვევაში არა მარტო მე ვიქნებოდი გამორჩეული, არამედ განდიდებული იქნებოდა თავისუფლების საქმე, რომლისთვისაც ჩვენ ვიბრძოდით. მაგრამ ასე არ მოხდა, ხოლო პრემია მაშინ მომანიჭეს, როდესაც ომი უკვე დასრულებული იყო.

 ფული და თავისუფლება

 შვედეთის აკადემიის მოტივირებაში თავისუფლების შესახებაა საუბარი. ამ სიტყვას მრავალი განმარტება გააჩნია. დასავლეთში იგი ესმით, როგორც თავისუფლება ზოგადად. რაც შემეხება მე, ის უფრო კონკრეტულად მესმის: როგორც უფლება, გაგაჩნდეს ერთ წყვილ ფეხსაცმელზე მეტი და იკვებო შენი მადის შესაბამისად. მე ნაკლებად საშიშად მეჩვენება პრემიაზე უარის თქმა, ვიდრე მისი მიღება. თუკი მე მას მივიღებდი, ეს იქნებოდა „ზარალის ობიექტური ანაზღაურება“. Figaro Litteraire-ში წავიკითხე, რომ „ჩემი საკამათო პოლიტიკური წარსული ბრალად არ დამედებოდა“. ვიცი, რომ ეს სტატია აკადემიის ინტერესებს არ გამოხატავს, მაგრამ ის ცხადად გვიჩვენებს, თუ როგორ იქნებოდა კონკრეტულ წრეებში ჩემი თანხმობა განმარტებული. ვფიქრობ, რომ ეს „საკამათო პოლიტიკური წარსული“ კვლავ ძალაშია, თუმცა მზად ვარ მეგობართა წრეში წარსულის ზოგიერთი შეცდომა ვაღიარო.

 ამით იმის თქმა არ მსურს, რომ ნობელის პრემია - „ბურჟუაზიული პრემიაა“. მაგრამ ასეთ ბურჟუაზიულ განმარტებას აუცილებლად მისცემდნენ ის წრეები, რომლებსაც მე კარგად ვიცნობ.

 დაბოლოს, ფულის საკითხს მსურს შევეხო: შვედეთის აკადემია მძიმე ტვირთს ჰკიდებს ლაურეატს, ურთავს რა საყოველთაო აღიარებას მსხვილ ფულად თანხას. ეს პრობლემა მტანჯავდა მე. ან უნდა მიმეღო პრემია და მიღებული თანხა იმ მოძრაობებისა და ორგანიზაციების დასახმარებლად გამომეყენებინა, რომელთა ფუნქციონირება მნიშვნელოვანია (პირადად მე აპარტეიდის წინააღდეგი ლონდონის კომიტეტის შესახებ ვფიქრობდი), ან უარი მეთქვა მასზე ზოგადი პრინციპების შესაბამისად და ეს მოძრაობაც საჭირო შემწეობის გარეშე დამეტოვებინა. მაგრამ ვფიქრობ, რომ ეს ყალბი ალტერნატივაა. მე, რასაკვირველია, უარს ვამბობ 250 ათას კრონაზე, რადგან არ მსურს, ოფიციალურად ვიყო ასოცირებული დასავლეთის ან აღმოსავლეთის ბლოკთან, მაგრამ, მეორეს მხრივ, არ შეიძლება ჩემგან იმის მოთხოვნა, რომ მე 250 ათას კრონად უარი ვთქვა პრპინციპებზე, რომლებიც არა მარტო ჩემია, არამედ რომლებსაც ჩემი მეგობრებიც იზიარებენ.

 ამ ყველაფერმა განსაკუთრებით მძიმედ აქცია პრემიის მინიჭებაც და უარიც, რომლითაც ვალდებული ვარ, მას შევხვდე.

 განცხადება მსურს შვედეთის საზოგადოებისადმი სიმპათიის გამოხატვით დავასრულო.

 (განცხადება, გაკეთებული პარიზში შვედეთის ჟურნალისტებისთვის 1964 წლის 23 ოქტომბერს)

ნახვების რაოდენობა: 2340