iBooks.Ge - ელექტრონული წიგნების ონლაინ მაღაზია
შემოგვიერთდით:

სტატიები

ტოლსტოის წერილი ბერნარდ შოუს
15 დეკ, 2018

ტოლსტოის წერილი ბერნარდ შოუს

სიკვდილის წინა ხანებში ტოლსტოი ამბობდა, ნიჭიერი მწერლები აღარ არიანო და დაუმატებდა, შეიძლება შოუ შეადგენს გამონაკლისსო. რუსმა კლასიკოსმა შემდეგი შინაარსის წერილი მისწერა მის უმცროს კოლეგას:

„მაპატიე, გთხოვთ, რომ აქამდის ვერ შემოგითვალეთ მადლობა იმ წიგნისთვის, რომელიც გამოგიგზავნიათ მოდის [ტოლსტოის მთარგმნელი] საშუალებით.

ვკითხულობ და განსაკუთრებულ ყურადღებას ვაცევ თქვენ მიერ აღნიშნულ ადგილებს. დიდად ვაფასებ დონ ჟუანის სიტყვას ინტერმედიაში - სცენა ჯოჯოხეთში (თუმცა უკეთესი იქნებოდა ეს არ ყოფილიყო შემთხვევით მომენტად კომედიაში) და „რევოლიუციონერების ხელმძღვანელობა“. მე შემიძლია სულ ადვილად დავეთანხმო დონ ჟუანს, რომ ის არის გმირი, რომელიც ცდილობს მსოფლიოს შინაგანი ნების დანახვას და მის საქმედ ქცევას, ე. ი. ღვთის ნებას გრძნობს თავის თავში და მიზნად ისახავს ამ ნების ასრულებას“.

მეორე, მე ძალიან მომწონს აზრი ცივილიზაციის და პროგრესის შესახებ. მართალია თქვენი დებულება, რომ ვერც ერთი და ვერც მეორე ვერ გააუმჯობესებს ადამიანის მდგომარეობას, თუ არ გარდაიქმნენ თითონ ადამიანები. ჩვენში ის განსხვავებაა, რომ თქვენი ფიქრით, კაცობრიობა ამაღლდება, როცა ჩვეულებრივი ადამიანები გადაიქცევიან ზეადამიანებად, ან როცა დაიბადებიან ახალი ზეადამიანები. მე კი მგონია, რომ ეს მოხდება მაშინ, როცა ადამიანი გაანთავისუფლებს ნამდვილ სარწმუნოებას, სხვათა შორის ქრისტიანობასაც ყოველივე იმისგან, რაც მას ამახინჯებს, როცა გაიგებენ სარწმუნოების ძირითად დედააზრს და მით იხელმძღვანელებენ.

ჩემი გზა იმითი სჯობია თქვენსას, რომ ეს უფრო პრაქტიკულია. ადვილი წარმოსადგენია, დიდი უმრავლესობა გაუნათლებელი ან ნაკლებ განათლებული ხალხისა, რომელიც შეითვისებს ნამდვილ რელიგიას და ივლის მისი გავლენის ვეშ. თქვენი გზა კი მოითხოვს რთულ, შეუძლებელ პირობებს ზეადამიანების აღსაზრდელად და შესაქმნელად. ეს ისეთივე სიძნელეა, როგორც კაცობრიობის გამოსწორება პროგრესის და ცივილიზაციის საშუალებით.

ძვირფასო მისტერ შოუ, ცხოვრება დიადი და სერიოზული საქმეა. ჩვენ ყველა უნდა ვეცადოთ ვიპოვნოთ ნამდვილი ჩვენი დანიშნულება და შევასრულოთ ის შეძლებისამებრ კარგად იმ მოკლე ხანში, რომელიც ნაჩუქარი გვაქვს ღვთისაგან.

ეს ეხება ყველას და ყველაზე უფრო თქვენ, თვენს დიად ორიგინალურ აზროვნებას და იმ ნიჭს, რომლითაც ღრმად შედიხართ ყოველივე საკითხის შინაარსში.

ამიტომ მწამს შეურაცხყოფად არ ჩამომართმევთ, თუ გეტყვით, რა მიმაჩნია მე თქვენი წიგნის ნაკლად.

პირველი ნაკლია ის, რომ თქვენ სახუმაროდ გამოგაქვთ ისეთი სიუჟეტი, როგორიცაა ადამიანის ცხოვრების მიზანი და ის ბოროტება, რომლითაც დღეს სავსეა ეს უკანასკნელი. მე ვამჯობინებდი, რომ დონ ჟუანის სიტყვები ყოფილიყო არა აჩრდილის, არამედ თვითონ შოუსი და რომ „რევოლიუციონერების ხელმძღვანელობა“ ეკუთვნოდეს ცოცხალ ბერნარდ შოუს და არა მოგონილ გმირს.

მეორე საყვედური იქნება ჩემი მხრივ ის, რომ უდიდესი მნიშვნელობის კითხვები გაქვთ დაყენებული და როცა თქვენ ასე ღრმად გესმით ჩვენი ცხოვრების ბოროტება და როცა ამნაირ ნიჭს იჩენთ, მიზანშეუწონელია ამ კითხვების გადაქცევა სატირის საგნად. ეს აზარალებს, ხელს კი არ შეუწყობს ამ საკითხების გადაჭრას.

ამას გარდა ჩემი შთაბეჭდილება ისეთია, თითქოს გსურთ მკითხველი გააკვირვოთ დიადი ცოდნით, ნიჭით და ჭკუით. ეს კი სულ არაა საჭირო ამ კითხვების გადასაჭრელად. პირიქით, ეს მკითხველის ყურადღებას მიაქცევს სხვა მიმართულებით. მკითხველს იტაცებს წერის სიმშვენიერე, საკითხები კი ეჩრდილება. ყოველ შემთხვევაში მე მგონია ამ წიგნში ჩანასახია მხოლოდ თქვენი აზრების, აქ არ არის ჯერ მკაფიოდ გამოთქმული თქვენი მსოფლმხედველობა. მე მგონია ბოლომდე მისული თქვენი შეხედულება მივა იმ ერთადერთ ჭეშმარიტებასთან, რომელსაც ჩვენ ყველა ვეძებთ და რომელსაც თანდათანობით ვუახლოვდებით.

იმედი მაქვს მაპატიებთ, თუ გითხარით რამე ისეთი, რაც თქვენ არ მოგეწონათ. გითხარით ეს მხოლოდ იმიტომ, რომ მწამს თქვენი უდიდესი ნიჭი და პირადად თქვენთან მაქვს დიდად მეგობრული გრძნობა, რომლითაც დავჩები. ლევ ტოლსტოი."

ნახვების რაოდენობა: 1627