iBooks.Ge - ელექტრონული წიგნების ონლაინ მაღაზია
შემოგვიერთდით:

სტატიები

კნუტ ჰამსუნის სიტყვა ნობელის ბანკეტზე
7 სექ, 2019

კნუტ ჰამსუნის სიტყვა ნობელის ბანკეტზე

კნუტ ჰამსუნის გამოსვლა ნობელის ბანკეტზე გრანდ ოტელში, სტოკჰოლმი, 1920 წლის 10 დეკემბერი

 

„როგორ უნდა მოვიქცე ასეთი მოწყალე, ასეთი გადაულახავი გულუხვობის შემხვედრი? ჩემი ფეხები მიწას აღარ ეხება, მე ჰაერში ვლივლივებ და თავბრუ მეხვევა. საკუთარ თავად ყოფნა ახლა ადვილი არ არის. პატივი და სიმდიდრე მოვიხვეჭე დღეს. მე თავად ვარ ის, რაც ვარ, მაგრამ ძირს დამცა პატივმა, რომელიც ჩემს ქვეყანას მიაგეს, მისი ეროვნული ჰიმნის ბგერებმა, რომლებიც წუთის წინ გაისმოდა ამ დარბაზში.

შესაძლოა პირველი შემთხვევა არ იყოს, როდესაც მიწაზე ვეცემი. ჩემი დალოცვილი ახალგაზრდობის დროს იყო ასეთი შემთხვევები; რომელი ახალგაზრდის ცხოვრებაში არ ხდება ისინი? არა, ერთადერთი ახალგაზრდები, ვისთვისაც ეს გრძნობა უცნაურია, არიან ის ახალგაზრდა კონსერვატორები, რომლებიც მოხუცნი დაიბადნენ, რომლებმაც არ იციან გატაცების მნიშვნელობა. არ არსებობს უარესი ბედი ახალგაზრდა კაცის ან ქალისთვის, ვიდრე ნაადრევი ფსევგადგმა კეთილგონიერებასა და უარყოფაში. ზეცამ იცის, რომ გვიანდელ ცხოვრებაში უამრავი შესაძლებლობა არსებობს გატაცებისთვის. რას ვიღებთ აქიდან? ჩვენ ვრჩებით ისეთებად, როგორებიც ვართ და, ეჭვგარეშეა, ეს ყველაფერი ძალიან კარგია ჩვენთვის!

ამასთან, მე აქ არ უნდა მივცე საკუთარ თავს შინგამოზრდილი სიბრძნის უფლება, ესოდენ გამორჩეული საზოგადოების წინაშე, მით უმეტეს, რომ მეცნიერების წარმომადგენლები ჩემს შემდეგ მოდიან. მე მალე ისევ დავჯდები, მაგრამ ეს ჩემი დიადი დღეა. მე გამორჩეული ვიქენი თქვენი კეთილმოსურნეობის მიერ, არჩეული ათასობით სხვებს შორის და დაფნის გვირგვინთ შემკული. ჩემი ქვეყნის სახელით ვუხდი მადლობას შვედეთის აკადემიასა და მთელ შვედეთს იმ პატივისთვის, რომელიც მათ მომაგეს. პირადად მე თავს ვხრი ესოდენი სიმძიმის ქვეშ, მაგრამ ასევე ვამაყობ, რომ თქვენმა აკადემიამ ჩემი მხრები საკმარისად ძლიერად შეაფასა ამ სიმძიმის ზიდვისთვის.

 გამოჩენილმა ორატორმა ამ საღამოს თქვა, რომ მე წერის ჩემეული სტილი მაქვს. შესაძლოა ამის პრეტენზია მქონდეს, მაგრამ მეტი არაფრისა. ამასთან, მე ყველასგან ვისწავლე ცოტ-ცოტა და რა ადამიანია ის, ვინც ყველასგან ცოტას არ სწავლობს? მე მრავალი ვისწავლე შვედეთის პოეზიისა და, განსაკუთრებით, ბოლო თაობის მისი ლირიკისგან. მე რომ უკეთ ვიცნობდე ლიტერატურასა და მის დიად სახელებს, მათ ციტირებას უსასრულოდ განვაგრძობდი და ვაღიარებდი ჩემ ვალს იმ დამსახურებისთვის, რომელიც თქვენმა გულუხვობამ ჩემი ნაწარმოებში აღმოაჩინა. თუმცა, ჩემნაირი ადამიანისგან წამოსული, ეს მხოლოდ სახელების ჩამოთვლა იქნებოდა, ზედაპირული ხმოვანი ეფექტები ბანის ერთი ნოტის გარეშე მათ მხარდასაჭერად. ამისათვის უკვე აღარ ვარ ახალგაზრდა; ძალა აღარ მაქვს.

 არა, ის რაც მე ნამდვილად უნდა მსურს ახლა, ცეცხლის ბრწყინვალებაში, ამ გამორჩეული თავყრილობის წინაშე, ესაა ყველა თქვენგანის ავსება საჩუქრებით, ყვავილებით, პოეტური მსხვერპლით - რათა კიდევ ერთხელ ვიყო ახალგაზრდა, კიდევ ერთხელ ავიდე სიდიადის მწვერვალზე. ესაა, რის გაკეთებასაც ვისურვებდი ამ შესანიშნავ დღეს, ჩემთვის ამ უკანასკნელი შესაძლებლობისას. ვერ ვბედავ ამას, რადგან დაცინვას ვერ ავარიდებდი თავს. დღეს მე სიმდიდრე და აღიარება მომიძღვნეს, მაგრამ არ იყო ერთი საჩუქარი, ყველაზე მთავარი, ერთადერთი, რომელსაც მნიშვნელობა აქვს - ძღვენი ახალგაზრდობისა. არცერთი ჩვენგანი არ არის იმდენად მოხუცი, რომ ეს ახსოვდეს. მართალია, რომ ჩვენ, მოხუცებულებმა, უკან უნდა გადავდგათ ნაბიჯი და ეს გავაკეთოთ ღირსეულად და ნატიფად.

მე არ ვიცი რა უნდა გავაკეთო - არ ვიცი, რისი გაკეთებაა მართებული, მაგრამ ჩემს სასმისს ვწევ შვედეთის ახალგაზრდობის, მთლიანად ახალგაზრდობის სადღეგრძელოდ, სადღეგრძელოდ ყველაფრისა, რაც ცხოვრებაში ახალგაზრდაა.“

 

გამოსვლის დაწყებამდე პროფესორმა ოსკარ მონტელიუსმა სიტყვით მიმართა ბატონ ჰამსუნს: „მე ვიცი, თქვენ ამჯობინებთ, რომ თქვენს შესახებ რაც შეიძლება ცოტა ისაუბრონ, მაგრამ არ შემიძლია თავი შევიკავო იმაში დარწმუნებისგან, რომ ყველა ჩვენგანი, ვინც აღფრთოვანებული ვართ „მიწის მადლით“, სიხარულს ვერ ვფარავთ თქვენი პირადად გაცნობისგან“.

ნახვების რაოდენობა: 1934