გუსტავ ლე ბონი 1841 წლის 7 მაისს დაიბადა ნოჟენ-ლე-როტრუში. მომავალ მეცნიერს დიდგვაროვანი წარმომავლობა ჰქონდა, მესამე რესპუბლიკის მეხუთე პრეზიდენტ სადი კარნოსაც კი ენათესავებოდა, თუმცა ოჯახი საშუალო კლასის წარმომადგენელი იყო. ლე ბონმა კლასიკური განათლება მიიღო ლიცეუმში, შემდეგ კი სწავლა პარიზის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტზე განაგრძო. პარალელურად სწავლობდა ინგლისურ და გერმანულ ენებს - სხვის დაუხმარებლად, შექსპირის დრამების კითხვის მეშვეობით ორივე ენაზე.
ბევრს მოგზაურობდა, წერდა, აკვირდებოდა, აინტერესებდა სრულიად განსხვავებული სფეროები. 1890-იან წლებში განაცხადა, რომ ახალი სახის გამოსხივება აღმოაჩინა, „შავი ნათება“, რამაც მეცნიერულ წრეებში დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია და ლე ბონი ნობელის პრემიაზე წარადგინეს. აინშტაინამდე ივარაუდა მასისა და ენერგიის ექვივალენტობა, ხოლო თავის შრომაში L'Évolution des Forces (1907) ატომური საუკუნის დადგომა იწინასწარმეტყველა.
ამან საბოლოოდ ხელი შეუწყო იმას, რომ ლე ბონი ცნობილი გახდა, როგორც ერუდიტი. მისი ინტერესთა სფერო მოიცავდა ანთროპოლოგიას, მედიცინას, ფიზიკას, სოციოლოგიას, იყო გამომგონებელი (შექმნა პორტატული ცეფალომეტრი - ადამიანის თავის ქალის გასაზომი ხელსაწყო), თუმცა ყველაზე მეტად ცნობილია ლე ბონის მიერ მასების ფსიქოლოგიის თემაზე შექმნილი ნაშრომები.
მის წიგნებს დიდ მნიშვნელობას ანიჭებდნენ და არა მხოლოდ კითხულობდნენ, არამედ სწავლობდნენ პლეხანოვი, სორელი, მუსოლინი, ჰიტლერი, ლენინი, ფროიდი. ამ უკანასკნელის ერთ-ერთი თხზულების („მასების ფსიქოლოგია და ეგოს ანალიზი“, 1921) მნიშვნელოვანი ნაწილი სწორედ ლე ბონის კვლევის კრიტიკას წარმოადგენს.
წინამდებარე ნაშრომი, „მასების ფსიქოლოგია“ (Psychologie des Foules), საფრანგეშთი 1895 წელს გამოქვეყნდა. ეს წიგნი პირველი მცდელობაა მასების ქცევის მეცნიერული ახსნისა.
ლე ბონის ერთ-ერთი მთავარი მიგნება, რასაც, გარკვეულწილად, წინასწარმეტყველების სახე ჰქონდა, ის გახლავთ, რომ XIX საუკუნეში ხდება ფუნდამენტური ცვლილება - პრივილეგირებული კლასის, ელიტის, არისტოკრატიის ძალაუფლება ბრბოს ძალაუფლებით იცვლება, რომელიც ხასიათდება, როგორც გაღიზიანებადი, რეფლექსიის, კრიტიკისა და მსჯელობის უნარის არმქონე, იმავდროულად, ის გადაჭარბებული მგრძნობელობისა და იმპულსურობის მატარებელია. სწორედ ეს უკანასკნელია იმის მიზეზი, რომ ბრბოს ქცევა უკიდურესი ცვალებადობით ხასიათდება.
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მოსაზრება ის გახლავთ, რომ ერთად შეკრებილი ადამიანები ჰკარგავენ ინდივიდუალურ თვისებებს, ყალიბდება ერთიანი ორგანიზმი, რომელიც შემადგენელი ერთეულებისგან სრულიად განსხვავებული თვისებების მატარებელია. გამომდინარე იქიდან, რომ მასში ინდივიდი გამქრალი, ნიველირებულია, ბრბო დაუსჯელობის გრძნობას განიცდის, მასში ეპიდემიის მსგავსად ვრცელდება შეხედულება, რომელიც შეიძლება მისთვის იმდენად იოლად იქნას ჩაგონებული, რომ ისიც კი დაინახოს, რაც სინამდვილეში არ არსებობს, რისი საფუძვლიანი მაგალითები წიგნში საკმარისადაა.
წარმოადგენს რა ერთიან ორგანიზმს, ბრბოსთვის დაუშვებელია ეჭვი, მისთვის ყველაფერი ცხადია, იმავდროულად კი ის მხოლოდ ძალასა და ავტორიტეტს ცნობს, რომელსაც მისით მანიპულირება სირთულის გარეშე ძალუძს, ამისათვის კი ხატებს იყენებს. ამასაც თავისი მიზეზი აქვს - ბრბო ასოციატიური მსჯელობით ხასიათდება. „ბრბოს არა არგუმენტების, არამედ ხატების მეშვეობით მართავენ“ - ასეთია ლე ბონის ვერდიქტი. ბრბო მხოლოდ ხატებს აღიქვამს, ამასთან, რაც უფრო მკაფიოა ხატი, მით უკეთესია აღქმა. შესაბამისად, ლეგენდარული და ჯადოსნური უკეთესად აღიქმება, ვიდრე ლოგიკური და რაციონალური.
ლე ბონის კიდევ ერთი მახვილგონივრული აღმოჩენა ფორმულების მნიშვნელობაში მდგომარეობს. აზროვნებისადმი სრულიად განუწყობელ ბრბოს ფორმულა ფიქრის საჭიროებისგან ათავისუფლებს. თუმცა, აუცილებელია, რომ ფორმულა ეპოქას შეესაბამებოდეს, ხოლო ასეთ შემთხვევაში თუნდაც ყველაზე ჯოჯოხეთური რამ, შეფუთული კეთილხმოვანი და ბრბოსთვის საამო ტერმინებით (მაგ. დემოკრატია, ძმობა, ერთობა), მადლიერებით იქნება მიღებული.
ეს ჯაჭვი ლოგიკურად გრძელდება. ვინაიდან ზღაპრისა და მითისადმი მეტად არის განწყობილი, ბრბო იმისკენ მიდის, ვინც მას ილუზიას სთავაზობს. „ვისაც ბრბოს შეცდომაში შეყვანა შეუძლია, ის იოლად იქცევა მის მბრძანებლად; ხოლო ვინც მის ჭკუაზე მოყვანას ცდილობს, ყოველთვის მისი მსხვერპლია“.
და კიდევ, ბრბოს ბელადი სჭირდება, არა გონებამახვილი, არა ჭკვიანი, არა გულთამხილავი, არამედ ქმედითი, ენერგიული, თავის იდეაში ფანატიურად შეყვარებული, რომელსაც თავისი რწმენით სხვათა ინფიცირება შეუძლია.
ლე ბონის მიერ ამ ნაშრომში ჩამოყალიბებული შეხედულებები, ერთი შეხედვით, განსაკუთრებით იმ დროს, როდესაც წიგნი პირველად იხილა მკითხველმა, პარადოქსული იყო, თუმცა გამოცდილებამ გვიჩვენა, რომ ავტორი თითქმის არაფერში შემცდარა.
წიგნში მრავლად არის მოცემული ადამიანთა მასებით მანიპულირების რეცეპტები, რამაც პოლიტიკურ წრეებში მის პოპულარობას შეუწყო ხელი.
ლე ბონის პიონერული ნაშრომი გახდა საფუძველი ამ თემაზე მომდევნო თაობების მიერ შექმნილი ერთობ მნიშვნელოვანი კვლევებისა, როგორიცაა ვილფრიდ თროტერის „ჯოგური ინსტინქტი ომისა და მშვიდობიანობის დროს“ (1916), „საზოგადოებრივ ურთიერთობათა მამად“ წოდებული, ზიგმუნდ ფროიდის დისშვილის, ედუარდ ბერნეისის „პროპაგანდა“ (1928), ხოსე ორტეგა ი გასეტის „მასების ამბოხი“ (1930), ფროიდის ზემოხსენებული ნაშრომი და ელიას კანეტის „მასა და ძალაუფლება“ (1960). მიუხედავად ზოგ მათგანში განხორციელებული კრიტიკისა, თითქმის საუკუნენახევრის განმავლობაში ამ საკითხზე ვერავინ შეძლო ისეთი რამის თქმა, რაც ძირეულად განსხვავდება ლე ბონის ნააზრევისგან.
ტექსტი უკიდურესად მარტივი ენით არის დაწერილი, რაც ყველაზე მოუმზადებელი მკითხველისთვისაც კი წიგნს ადვილად აღსაქმელად აქცევს.