iBooks.Ge - ელექტრონული წიგნების ონლაინ მაღაზია
შემოგვიერთდით:

სტატიები

ქრისტიანობის აგონია
2 ივნ, 2022

ქრისტიანობის აგონია

 „ქრისტიანობის აგონია“ 1925 წელს გამოქვეყნდა ფრანგულ ენაზე, საფრანგეთში უნამუნოს ნებაყოფლობითი ემიგრაციის პერიოდში. როგორც თავად ავტორი ამბობს ესპანური გამოცემის წინასიტყვაობაში, ესსეი გადმოსცემს დიდ ნაწილს იმისა, რაც „ცხოვრების ტრაგიკულ განცდაში“ იყო ჩამოყალიბებული, მაგრამ „მეტად კონკრეტული და იმპროვიზირებული“ ფორმით.

უნამუნო რელიგიური ფილოსოფოსია და, ერთი შეხედვით, გასაკვირია თხზულების სათაურში გამოტანილი ცნება - „აგონია“. მაგრამ აგონია აქ არ უნდა გავიგოთ მისი ესქატოლოგიური აზრით, როგორც სიკვდილისწინა მდგომარეობა. თვით უნამუნო ამ ცნების ეტიმოლოგიურ მნიშვნელობას გვთავაზობს, რაც ბერძნულიდან ითარგმნება, როგორც „ბრძოლა“. დიახ, ქრისტიანობა ბრძოლაა, ბრძოლა საკუთარ თავთან, ბრძოლა სხვებთან, ბრძოლა დასამკვიდრებლად.

საინტერესოა, როგორ განსაზღვრავს უნამუნო ქრისტიანობის არსს, რასაც ცალკე თავი ეძღვნება თხზულებაში. უნამუნოს შეამოქვს ახალი ტერმინი - არა „ქრისტიან-ობა“ (რადგან ეს შეიძლება ერთგვარ დოქტრინას შეეხებოდესო), არამედ „ქრისტიანულობა“, ვინაიდან „ქრისტიანად ყოფნის ხარისხი არ არის ქრისტედ ყოფნის ხარისხი. ქრისტიანი ხომ თავად იქცევა ქრისტედ“. ეს კი ბრძოლას ნიშნავს.

სწორედ ამ კონცეფციით განიხილავს უნამუნო ბიბლიური აბიშაგ შუნამელის (დავით მეფის უკანასკნელი ცოლის), იეზუიტების (რომლებმაც სოციალურად აქციეს ქრისტიანობა და „მოკლეს“ იგი), პასკალისა და მამა ჰიაცინტის ცხოვრებასა და რწმენას.

განსაკუთრებით საინტერესოა ძველი კათოლიციზმის წარმომადგენლის, მამა ჰიაცინტის (შარლ მარი ლუაზონი) ცხოვრების უნამუნოსეული ინტერპრეტაცია. ის მას ხატავს, როგორც ადამიანს, რომელსაც, სურდა რა ხორციელი აღდგინება მკვდრეთით, ცოლი შეირთო და შვილი გააჩინა, იმავდროულად კი მთელი ცხოვრება ეჭვები ღრღნიდა, „იაკობის მსგავსად, ის განთიადიდან განთიადამდე ეულად ებრძოდა უფლის ანგელოზს, თხოვნით: „მითხარი შენი სახელი!““ და სწორედ ამიტომ აფასებს უნამუნო მას, რომლის ცხოვრების აღწერილობის კითხვისას უღრმეს მწუხარებას განიცდიდა, მას, ვინც უკიდურესად იტანჯებოდა ხორციელი  მამობისა და სულიერი მამობის სურვილებს შორის („ვინ არიან ისინი, ვისშიც უნდა აღვდგე, შვილები ჩემი სისხლისა თუ შვილები ჩემი სიტყვის?“ - კითხულობს მამა ჰიაცინტი), კათოლიციზმსა და მორმონების აღმსარებლობას შორის, ადამიანს, ვინც ქრისტიანების, მუსულმანებისა და იუდეველების გაერთიანებაზე ოცნებობდა, - ჭეშმარიტ ქრისტიანად.

ასეთივე ეჭვებით აღსავსე სურათს ქმნის უნამუნო ბლეზ პასკალის შემთხვევაში, რომელსაც სურდა მორჩილება, მაგრამ ვერ პოულობდა მას საკუთარ თავში. მას სურდა რწმენა და არ შეეძლო, ის იხლიჩებოდა ღმერთის იდეასა და მეცნიერებას შორის. ის იბრძოდა. ეს კი აგონიაა.

დასასრულ, შეგვიძლია ისიც ვთქვათ, რომ უნამუნოს შეხედულებით, ქრისტიანობა (ან, მისი დეფინციით, ქრისტიანულობა) არ არის სტატიკური მდგომარეობა, ქრისტიანი დინამიკაშია, რადგან იბრძვის, იბრძვის გამუდმებით, და სწორედ ამიტომ იყო მამა ჰიაცინტი „ჭეშმარიტი ადამიანი, იყო ჭეშმარიტი მამა, იყო ჭეშმარიტი ქრისტიანი ქრისტიანობის აგონიაში!“

ქრისტიანულობა არის გამუდმებული სურვილი ქრისტიანად ქცევისა, მიუხედავად ეჭვების, მიუხედავად ცდუნებების, მიუხედავად უბედურებისა, რომელიც შეიძლება თავს დაგატყდეს. ასეთია დიდი ბასკის, მიგელ დე უნამუნოს, რწმენა.

ნახვების რაოდენობა: 3512