„ზამთარი ჩვენი მღელვარებისა“ 1961 წელს გამოქვეყნდა, 62-ში კი სტეინბეკს ნობელის პრემია მიენიჭა ლიტერატურის დარგში.
რომანის მთავარი გმირი, ითენ ალენ ჰოული, ორმოცი წლის კაცია, რომელსაც ჰყავს მოსიყვარულე ცოლ-შვილი. ითენს ბიზნესში ხელი მოეცარა და მას შემდეგ ნოქრად მუშაობს იტალიელ ემიგრანტ ალფიო მარულოსთან. ის ხელმოკლედ ცხოვრობს, რაც პერსონალურად მისთვის დისკომფორტს არ წარმოადგენს, მაგრამ ოჯახის წევრების ასეთივე მდგომარეობა თრგუნავს. გამუდმებით ფიქრობს ამის შესახებ. თავად რომც არ იფიქროს, სხვები იქვე არიან გამოსაყენებლად გამზადებული რჩევებით.
ითენ ალენ ჰოულის „ცთუნებას“, რასაც რომანის დიდი ნაწილი ეძღვნება, ცდილობს ყველა - ბანკის თანამშრომელი ჯოი მორფი, ბანკის მმართველი მისტერ ბეიკერი, მარჯი იანგ-ჰანტი, სავაჭრო კომპანიის აგენტი ბიგერსი. აქეთვე მოუწოდებენ შვილები, რომლებიც გამუდმებით წუწუნებენ „სიღატაკის“ გამო. კარგა ხანს მდგომარეობის კომპენსირებას ითენი სიყვარულისა და ერთგულების ხარჯზე ახერხებს, მაგრამ სწორედ იმიტომ, რომ ცოლისა და ოჯახის ერთგული კაცია, რომ ოჯახი უყვარს, ეს სიყვარული გადაადგმევინებს საბედისწერო ნაბიჯს, რასაც საბოლოოდ მისი „დაცემა“ მოჰყვება. ზოგი რამ შემთხვევითობის გამოისობით, ზოგიც - თავად მოფიქრებული, მაგრამ ეს არაა არსებითი. მნიშვნელოვანია ის, რომ მან შეძლო ზნეობრივი დაბრკოლების გადალახვა - სიკვდილისკენ უბიძგა ბავშვობის მეგობარს და დააბეზღა პატრონი (ამასთანავე, გამზადებული აქვს ბანკის გაძარცვის გეგმა, რასაც შემთხვევითობა შეუშლის ხელს). ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, არცთუ ისე გასაკვირი საქციელია და ამისთვის წიგნის მიძღვნა არც ეგების. ვერცხლის ფასად მოყვასის ღალატი ძველისძველი თემაა. საინტერესო აქ სხვა რამ გახლავთ.
ითენს დაბრკოლების გადალახვა უწევს, მას უმძიმს და არ სურს ამ ნაბიჯის გადადგმა: „დენი! დენი! ფული დამიბრუნე! თუ ღმერთი გწამს, დამიბრუნე, დენი! სად მიგაქვს, მოწამლულია! მე მოვწამლე!“ - უყვირის წარმოსახვაში ითენი დენი ტეილორს. ასევე წარმოსახვაში უხდის ბოდიშს და სიკეთეს უსურვებს მარულოს: „ბედნიერებას გისურვებ. ტკივილებს მეტად აღარ შეეწუხებინე“. ერთი სიტყვით, მისთვის ზნეობრივად ამ ნაბიჯის გადადგმა სამძიმო საქმეა. მაგრამ დგამს.
თავიდან თითქოს არაფერი, გეგმებსაც კი აწყობს მეუღლესთან ერთად, თუ როგორ გამოიყენებს მოხვეჭილ სიმდიდრეს, მაგრამ ვაჟთან საუბრის შემდეგ გატყდება.
საბოლოოდ ითენი აცნობიერებს საკუთარი ქმედების უზნეობას და შესაფერის გადაწყვეტილებას იღებს: ზღვისპირა თავშესაფრისკენ მიემართება თავის მოსაკლავად, მაგრამ აქ ხდება ის, რაც, ერთის მხრივ, წინასწარმეტყველურად აქცევს რომანს, მეორეს მხრივ კი მის არაორდინარულობას მოწმობს. ითენი, ნაკლებად დამაჯერებელი საფუძვლით („რათა კიდევ ერთი სინათლე არ ჩამქრალიყო“), უარს ამბობს თვითმკვლელობაზე და იღებს თავშესაფრიდან „უსათუოდ“ გამოღწევის გადაწყვეტილებას. ესაა რომანის ფინალური სცენა.
მოხდა გადატანა - „სინათლე“ რომ იქნას შენარჩუნებული - ამით ამართლებს ის საკუთარ უზნეობას, ანუ, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, - მე ახლა სიკეთეს გავაკეთებ, ეს კი ჩემს საქციელს გადაფარავს. რაოდენ რთული იყო მისთვის მატერიალიზმის, „ფულის მკეთებლის“ გზაზე შედგომა და რა იოლად გადახარშა ჩადენილი ზნეობრივი დანაშაული?! ამ დანაშაულს კი ხილული სავალალო შედეგები მოჰყვა (დენი ტეილორის სიკვდილი და მარულოს გაძევება ქვეყნიდან). ვივარაუდებთ, რომ ითენი მოხვეჭილი ქონების სარფიანად გამოყენებასაც შეძლებდა.
ეს მით უფრო სავარაუდოა, რომ შემდგომი თაობა, მისი ვაჟი, ითენ ალენ ჰოული II, უკვე ცხოვრობს მატერიალისტად, მას იმ ზნეობრივი დაბრკოლების გადალახვაც აღარ სჭირდება, მამამისს რომ მოუწია, რადგან „ყველა ასე არ აკეთებს!“ ეს მისთვის უკვე ცხოვრების წესია და სწორედ ეს არის განაჩენი და წინასწარმეტყველება სტეინბეკისა. ამ რომანის მიხედვით იმ თაობას, აქტიურ ცხოვრებას რომ 1970-იან წლებში უნდა შედგომოდა, პირდაპირ რომ ვთქვათ, მორალური პრობლემები აღარ უნდა ჰქონოდა, ყველაფერი „ფულის კეთების“ მიზანს უნდა გადაეყლაპა, რაც მოხდა კიდეც და არა მხოლოდ ამერიკაში. ცხოვრების, სხვა ადამიანების, ქვეყნის, პლანეტისადმი მომხმარებლურ, გამომძალველ მიდგომას ვეჩეხებით ჩვენ ყოველწამიერად არა მარტო ადამიანების, არამედ თვით სახელმწიფოებისა და მათზე მსხვილი კორპორაციების მხრიდანაც. წინასწარმეტყველების ძალა ამ წინასწარმეტყველების გაცხადებისას რთული დასადგენია. მაგრამ დღეს, როცა რომანის გამოქვეყნებიდან 50 წელზე მეტია გასული, ვიცით, რომ სტეინბეკი არაფერში შემცდარა და სწორედ ამ წინასწარმეტყველებითაა რომანი „ზამთარი ჩვენი მღელვარებისა“ ყველაზე მნიშვნელოვანი და შესაძლოა სწორედ ეს განჭვრიტა ნობელის კომიტეტმა, როცა 1962 წელს მისთვის პრემიის მინიჭება გადაწყვიტა.