iBooks.Ge - ელექტრონული წიგნების ონლაინ მაღაზია
შემოგვიერთდით:

სტატიები

ტრაქტატი ადამიანური შემეცნების პრინციპების შესახებ
2 ივლ, 2021

ტრაქტატი ადამიანური შემეცნების პრინციპების შესახებ

დეკარტისა (1596-1650) და ლოკის (1632-1704) ფილოსოფიაში, - ამბობს პროფესორი ფრეიზერი „Encyclopedia Britannica“-ში. - ყურადღების დიდი ნაწილი ეთმობა მატერიის იდეას, რომელიც განიხილება, როგორც განყენებული, აღუქმელი საძირკველი რეალური გამოცდილებისა, და მიიჩნევა, რომ მან წარმოშვა ჩვენი იდეები გარე საგნების შესახებ თავისი მოქმედებით ჩვენს გონებაზე. ცოდნა, რომელიც შექმნილი იდეებით არის შეზღუდული, ვერასოდეს გავრცელდება აღუქმელ მატერიაზე, ანუ სუბსტანციაზე, ანუ მიზეზზე, რომელმაც ისინი წარმოშვა, სპეკულატური მეცნიერებისთვის კი პრობლემას წარმოადგენდა საფუძვლის განსაზღვრა თვით მის არსებობაში რწმენისთვის. ბერკლიმ მთელ ამ პრობლემას ახალი შუქი მოჰფინა იმის მინიშნებით, რომ აუცილებელია წინასწარი კითხვის დასმა და მასზე პასუხის გაცემა. სანამ დასკვნებს გამოვიტანთ ისეთი განყენებული იდეებიდან, როგორიცაა მიზეზი, სუბსტანცია, მატერია, ჩვენ უნდა დავსვათ კითხვა, რეალურად რას ნიშნავს ეს, რა არის ცნობიერების ფაქტობრივი შემადგენელი, რომელიც ამ სიტყვებს შეესაბამება? ნუთუ ეს იდეები, როდესაც განიხილება წარმოსადგენად რაღაცისა, რაც მათი ცოდნიდან აბსოლუტურად განცალკევებით არსებობს, წინააღმდეგობას არ შეიცავს? ასე განხილულნი, ნუთუ ისინი მართლაც აღუქმელები არიან და თვითნებურ გამონაგონს არ წარმოადგენენ, რომლის რეალიზება ცნობიერებაში, სავარაუდოდ, შეუძლებელია? ამ კითხვის დასმაში, ზუსტად ისევე, როგორც მასზე პასუხის გაცემაში, მდგომარეობს ბერკლის, როგორც ფილოსოფოსის, აშკარა ორიგინალობა“.

ამას უწოდა პროფესორმა ფრეიზერმა („ბერკლის ცხოვრება და წერილები“, გვ. 364) „ახალი კითხვა“ კოსმოსისა და მატერიალური სამყაროს შესახებ, რომლისადმი ყურადღების მიპყრობას ბერკლი მთელი ცხოვრების განმავლობაში ფუჭად ცდილობდა. ამით, იმავე ავტორის სიტყვებით, მან დასაბამი მისცა „ინტელექტუალური რევოლუციის ახალ და მეორე ეპოქას, რომელიც დეკარტმა წამოიწყო. თანამედროვე ფილოსოფიის ეს მეორე პერიოდი აღნიშნულია ჰიუმის სკეპტიკური ფენომენალიზმით (შემდგომ წარმოდგენილი პოზიტივიზმის მიერ); საღი აზრის შოტლანდიური ფსიქოლოგიით; და გონის გერმანული კრიტიკული და დიალექტიკური ფილოსოფიით“.

ბერკლის მიმართება ლაიბნიცთან (1646-1716)  და მალბრანშთან (1638-1715) ასევე დამახასიათებელია. იცოდნენ რა ლოკსა და სპინოზას შორის თანხმობის შესახებ, გასაკვირი არ არის, რომ ისეთი დაშორებული სისტემების დამცველებს, როგორიც ეპმირიზმი და რაციონალიზმია, შენიშნავს დრ. ვებერი თავის შესანიშნავ ნაშრომში „ფილოსოფიის ისტორია“, „ეხილათ ინგლისელი ფილოსოფოსის მოწაფე [ბერკლი], რომელიც მეგობრობის ხელს  უწვდიდა ლაიბნიცსა და მალბრანშს, ინტელექტუალიზმისა და თანდაყოლილი იდეების დამცველებს ზღვის იქით. თუმცა ლოკი და მისი ოპონენტები განსხვავდებიან ზოგ არსებით პუნქტში, შეგრძნების სამყაროსთან მიმართებით ისინი ერთსა და იმავე დასკვნებამდე მიდიან. მალბრანში და ლაიბნიცი მატერიის სპირიტუალიზებას ახდენენ; ისინი მას განმარტავენ, როგორც აბურდულ იდეას და საბოლოოდ იღებენ პრინციპს, რომელიც სურვილითა და აღქმით არის აღჭურვილი, ანუ გონებას. ლოკის კრიტიციზმი, მეორე მხრივ, სრულად არ უარყოფს მატერიალურ სამყაროს, მისი ერთი ნაწილი შენარჩუნებულია. განფენილობა, ფორმა და მოძრაობა ჩვენ გარეთ არსებობს, მაგრამ არც ფერი, არც ბგერა, არც გემო და არც სურნელი არსებობს ჩვენი შეგრძნებებისგან დამოუკიდებლად. მეტიც, ლოკი უტევს სუბსტანციის ანუ სუბსტრატის ტრადიციულ წარმოდგენას და რეალურ სუბსტანციას განსაზღვრავს, როგორც თვისებათა კომბინაციას. ის მართლაც იმდენად შორს მიდის, თქვას, რომ ჩვენი ნივთიერი სუბსტანციის ანუ მატერიის იდეა იმდენად დაშორებულია ჩვენი შეხედულებებისა და წარმოდგენებისგან, რამდენადაც სულიერი სუბსტანციის ანუ სულის იდეა! შესაბამისად, ყველაფერი, რაც მატერიის უარყოფის ანუ აბსოლუტური სპირიტუალიზმის მისაღებად იყო საჭირო, გახლდათ მის მიერ პირველად და მეორეულ თვისებებს შორის გავლებული განსხვავების წაშლა და ყველა გრძნობითი თვისებისთვის უკლებლივ მეორეულის წოდება. ეს ჯორჯ ბერკლიმ გააკეთა“.

ამ მიმართებით მკითხველმა ყურადღებით უნდა გადაიკითხოს „პრინციპების“ 5, 6, 8, 22, 23, 28-36, 50, 86-94 პარაგრაფები, სადაც ბერკლის დამოკიდებულება რეალობის მნიშვნელობასთან მიმართებით უშეცდომო ტერმინებით არის ჩამოყალიბებული. რეალობის სუბიექტივიზაცია, რაც თავიდან აბსოლუტურად გვეჩვენება, თანდათანობით ამ პარაგრაფებში ვითარდება სპირიტუალისტური ობიექტივაციის სახეობად. მიზეზობრიობის შესახებ 25-27 პარაგრაფები მნიშვნელოვანია, რადგან გვიჩვენებენ, „რომ ნებისმიერი მენტალური აქტივობა ერთადერთი მიზეზია სამყაროში და რომ მთელი ძალა, ისევე, როგორც სუბსტანცია, არსებითად მენტალურია“. ბერკლის სისტემა ფაქტობრივად აბსოლუტური, მონისტური სპირიტუალიზმია, რომელშიც სუბსტანციის დუალიზმი სრულად არის დაძლეული. „სამყარო, რომელშიც ჩვენ ვიმყოფებით, არის სამყარო, რომელიც, საბოლოოდ, შედგება გონებისგან, რომელიც იდეებს ანუ ფენომენებს აცნობიერებს. რადგან ჩვენს ინდივიდუალურ ნებაზე არ არიან დამოკიდებულნი, გრძნობითი იდეები ისეთი წესრიგით ჩნდებიან, რასაც შეიძლება თითოეული ჩვენგანისთვის გარე ეწოდოს და რომლებიც, არიან რა ერთგვაროვანნი, შესაძლოა განმარტებულ იქნან“ (Fraser, I., 121.). ბერკლის თეორია მკვეთრად უნდა გავმიჯნოთ ფიხტეს სუბიექტური იდეალიზმისგან. ობიექტურობა არ დაზარალებულა ბერკლის თეორიაში, ის უბრალოდ გადაადგილებულ იქნა შეუცნობადი მატერიის ერთი სამეფოდან შეცნობადი გონების მეორე სამეფოში. ეს ბერკლის ფილოსოფიის ყველაზე მნიშვნელოვანი მახასიათებელია, რომელიც თითქმის ყოველთვის შეუმჩნეველი რჩებოდა.

ბერკლის ფილოსოფიის სრულყოფილად გასაგებად აუცილებელია მოაზროვნის მიერ სიტყვის „იდეა“ განსაკუთრებული გამოყენების ცოდნა. „მცირე სიტყვა იდეა - ამბობს პროფესოროი ფრეიზერი „ბერკლის ცხოვრებასა და წერილებში“ (ასევე შეგვიძლია დავამატოთ შეგრძნებისა და ფენომენის დღემდე სინონიმური ცნებები - რადგან ბერკლის შეგვიძლია ვუწოდოთ სენსუალისტი ან ფენომენალისტი, ისევე, როგორც იდეალისტი) მნიშვნელოვანი წინააღმდეგობა იყო ამ ფილოსოფოსის გაგების გზაზე. მისთვის ეს ნიშნავს აღქმასაც და ხატსაც, და არა მხოლოდ გაგების წმინდა წარმოდგენას. და სწორედ იდეებით, როგორც ფაქტობრივი გრძნობა-აღქმებით უნდა დავკავდეთ მარტოდენ, როდესაც ის გვეუბნება, რომ გრძნობითი სამყარო იდეებისგან შედგება. უბრალო გახსენება იმისა, თუ რას გულისხმობს ის იდეაში, სამყაროს მისი კონცეფციის თითქმის რეალიზებას ნიშნავს. როდესაც ჩვეულებრივ ადამიანს ეუბნებიან, რომ იდეა არის ნივთი ან მატერია, რომლიდანაც, ბერკლის შესაბამისად, გრძნობითი სამყაროს რეალური საგნებია შედგენილი, მას მიდრეკილება უჩნდება, მიიღოს ეს მტკიცებად, რომ ის, რასაც ჩვენ ხედვას და შეხებას ვუწოდებთ, მხოლოდ წარმოსახვაა, ხოლო ის, რასაც ხედავენ და ეხებიან, განხილულ უნდა იქნეს, როგორც ინდივიდის საკუთარი გონების მხოლოდ სუბიექტური და კერძო სიზმარი, რომელსაც აქვს შეხედულება, რომ მას [სიზმარს] არ შეიძლება ჰქონდეს განფენილობა, სიმტკიცე ან მუდმივობა. ბერკლის იდეები უდავო და გავრცობილ ფაქტებს შეიცავს და არა მხოლოდ წარმოსახვებია, რომლებსაც ჩვენ ვაცნობიერებთ. ის მათ იდეებს უწოდებს, რადგან, მისი აზრით, თვითცხადია, რომ ფაქტები ვერ იარსებებენ პოზიტიურად გონების გარეშე, რომელიც მათ აღიქვამს. მეორე მხრივ, არც ჩვენ უნდა ვიფიქროთ ბერკლის იდეათა ან გრძნობით აღქმულ ფენომენთა, როგორც დამოუკიდებელ არსთა შესახებ, რომლებიც სასრულ სულთა შორის ბრუნავენ; მათი ფაქტობრივი ანუ ინტელიგიბელური არსებობა მდგომარეობს ცნობიერი გონების გამოცდილების საგნად არსებობაში დამოკიდებული არსებობის თავისებური ფორმით. მაგრამ უეჭველია, რომ მისი ენა გაუბედავია“.

 თომას ჯ. მაკქორმაქი

ნახვების რაოდენობა: 2035