„შემოქმედების საზრისი“ ჩაფიქრებულ იქნა მარქსის, ნიცშეს, დოსტოევსკის, ჰუსერლის, ბერგსონის, შტაინერის იდეების ერთგვარ პასუხად. თვით ბერდიაევი „შემოქმედების საზრისს“ თავის ყველაზე შთაგონებულ ნაწარმოებად თვლიდა, რადგან მასში თავისი ორიგინალური ფილოსოფიური ნააზრევის სრულად გამოთქმა პირველად შეძლო.
სრულიად არ გჭირდებათ ნასა-ს ურთულესი მექანიზმები და გიგანტური მანქანები. დაეუფლეთ მზის სისტემაში თავისუფლად მოგზაურობას. ნატიფი, სულიერი ენერგიის წყალობით შეგიძლიათ, ესტუმროთ სხვა პლანეტებს და იხილოთ ღმერთის მიერ შექმნილი საოცრებანი; გასცდეთ მატერიალურ სამყაროს და კრიშნას სავანეში – თქვენი მარადიული სამყოფელისკენ იმოგზაუროთ. „იოლი მოგზაურობა სხვა პლანეტებზე“ ვრცლად მიმოიხილავს უკიდეგანო კოსმოსსა და სულიერ სამყაროს; საშუალებას გაძლევთ, თავად აირჩიოთ, საით გსურთ გამგზავრება.
„ბჰაგავად-გიტა, როგორც ასეთი“ წიგნზე განუზომლად მეტია. იგი „გიტას“ ყველაზე გავრცელებული გამოცემაა დასავლეთის ქვეყნებში. მასში თავმოყრილია ცოდნაც და ღვთისადმი ერთგულებაც; ამიტომაც შესწევს უნარი, უკეთესობისაკენ შეცვალოს ადამიანის სიცოცხლე. „ბჰაგავად-გიტაში“ გადმოცემულია ხუთი ძირითადი ჭეშმარიტებისა და თითოეული მათგანის დანარჩენებთან ურთიერთკავშირის შესახებ ცოდნა. აი, ეს ხუთი ჭეშმარიტება: კრიშნა, ანუ ღმერთი, ინდივიდუალური სული, მატერიალური სამყარო, ამ სამყაროში აღსრულებული საქმენი და დრო. „გიტა“, რომელიც ინდოეთის სულიერი სიბრძნის არსია, ნათლად განმარტავს ცნობიერების, „მე“-ს და სამყაროს ბუნებას; იძლევა პასუხებს საუკუნეების მანძილზე ფილოსოფოსთა მიერ დასმულ შეკითხვებზე. „გიტას“ თარგმნის პროცესში ა. ჩ. ბჰაქტივედანტა სვამი პრაბჰუპადა მუდამ ერთგული რჩებოდა კრიშნას სიტყვებისა, ამიტომაც გახსნა „გიტას“ უძველესი ცოდნის ყველა საიდუმლოს კლიტენი, გაგვანდო ჩვენ და ამით თვითსრულყოფასა და სულიერ წინსვლაში დაგვეხმარა. „გიტა“ კრიშნასა და მის ძვირფას მეგობარ არჯუნას შორის საუბარია. ბიძაშვილებსა და მეგობრებთან ომში ჩაბმის წინ დიდ მეომარ არჯუნას ებადება კითხვები: რატომ უნდა იბრძოლოს, რა არის სიცოცხლის აზრი და რა ელის სიკვდილის შემდეგ? პასუხად კრიშნა თავის მეგობარს დაბნეულობის ბურუსს უფანტავს და სულიერად აცისკროვნებს... ყოველ ჩვენგანს კი მოგვიხმობს, იმავე ნათელ გზას შევუდგეთ.
ვედების მთელი სიბრძნე თავმოყრილია 108 უპანიშადში, რომელთაგან „შრი იშოპანიშადი“ უმთავრესია: მისი თვრამეტი ლექსი ყოველგვარი ცოდნის დასაბამის სიღრმისეული შეცნობის საშუალებას იძლევა. სულიერ ძიებას მოწყურებულნი ათასობით წლის მანძილზე ეწაფებოდნენ მისტიურ, ღრმად ფილოსოფიურ უპანიშადებს. როგორც თავად სახელი („უპა“ – „ახლოს“, „ნი“ – „ქვემოთ“, „შად“ – „ჯდომა“) მეტყველებს., ადამიანი სულიერი მოძღვრის სიახლოვეს უნდა დაჯდეს და ცოდნას დაეუფლოს. მაგრამ რა ცოდნას? ამას ამ უპანიშადის სახელი თავად გვიხსნის: „იშა“ ნიშნავს „უმაღლეს განმგებელს“. მაშ, დავსხდეთ სულიერი წინამძღვრის სიახლოვეს და დავეუფლოთ უმაღლესი განმგებლის, ღმერთის, შესახებ სწავლებას. პროცესი მეტად ადვილად წარიმართება, თუ ცოდნას აუთენტური წყაროდან დავეუფლებით. ამ ამოცანას ზუსტად პასუხობს შრილა პრაბჰუპადას თარგმანი და კომენტარები, რომელიც უპანიშადების ცოდნის სიღრმეებს გვაზიარებს.
ს. ბულგაკოვის „ფილოსოფიის ტრაგედია“ არის ეტაპობრივი ნაშრომი მის ცხოვრებაში, რომელიც ფილოსოფიიდან თეოლოგიაზე გადასვლას აღნიშნავს. ბულგაკოვი თანამედროვე ევროპული ფილოსოფიის ბუნებას ავლენს, როგორც ერესების სერიასა და ღვთისმეტყველების უკანონო შვილს. იგი ფილოსოფიის თვითნებობისა და სისტემების აგების შეუძლებლობის მომენტს აფიქსირებს და სისტემატური აზროვნების უსაფუძვლობას ავლენს.
შესტოვი ნაშრომს „ათენი და იერუსალიმი“ უკვე ემიგრაციაში წერდა, როდესაც იძულებული გახდა, რევოლუციის შემდეგ სამშობლო დაეტოვებინა. როგორც შემდეგ აღმოჩნდა, ეს იყო მისი ბოლო წიგნი, რომელიც ბუნებრივად აჯამებდა მის მთელ ფილოსოფიურ მოღვაწეობას. ეს არის მოაზროვნის ესეებისა და სტატიების კრებული, რომელიც დაწერილია მის მიერ 10 წლის განმავლობაში. ეს ტექსტები ერთი ყდის ქვეშ იმ მიზეზით გაერთიანდა, რომ ასე თუ ისე ერთსა და იმავე პრობლემას – რწმენისა და გონების, ირაციონალურისა და რაციონალურის დამოკიდებულებას – განიხილავს.
წინამდებარე წიგნში ავტორი გადმოსცემს ბუდას ცხოვრების გარკვეულ ფრაგმენტებს, თუ რა როლი ითამაშა მან ბუდისტური დოქტრინის ჩამოყალიბებაში, და ამასთანავე აღწერს მსგავსება-განსხვავებებს ბუდიზმსა და ჰინდუიზმს შორის, რის საშუალებითაც მკითხველი ხედავს ავტორისეულ მცდელობას, შეარიგოს ეს ორი რელიგია ერთმანეთს.
ჯაინიზმი, ინდოეთის ერთ-ერთი უძველესი რელიგიური ტრადიცია/დოქტრინა აქცენტს აკეთებს არა-ძალადობაზე (აჰიმსა), სულიერ დისციპლინასა და ყოფა-ცხოვრების ყოველი ფორმის ღრმა პატივისცემაზე. ჯაინიზმის ძირითადი სწავლებები ეხმიანება მის საკუთარ ერთგულებას სოციალური სამართლიანობისა და ეთიკური ცხოვრებისადმი.
„მორალის საფუძვლები“ გახლავთ ნაშრომი, რომელიც შეისწავლის იმ ფუნდამენტურ პრინციპებს, ეთიკურ ქცევებსა და სათნო ყოფა-ცხოვრებას რომ ეხმიანება. 1891 წელს გამოქვეყნებული ეს დამაფიქრებელი ტრაქტატი ასახავს ბეზანტის ღრმა შეხედულებებს მორალისა და ზნეობის ბუნების შესახებ, ეყრდნობა რა მის მრავალფეროვან ინტელექტუალურ და სულიერ გავლენას.
წიგნში ავტორი გვიყვება იმის შესახებ, თუ როგორი დიდი გავლენა იქონია იესო ქრისტემ მის ცხოვრებასა და რწმენაზე. იგი აღტაცებულია იესოთი, როგორც სულიერი ლიდერით, ფილოსოფოსით. გვიზიარებს, როგორ ესმის ქრისტეს მოძღვრება და რა როლი შეასრულა ქრისტემ მისი არა-ძალადობრივი მსოფლმხედველობის ჩამოყალიბებაში.
წიგნში ავტორი გვიზიარებს თავის ზედროულ შეხედულებებს იმის შესახებ, თუ როგორ შევინარჩუნოთ ჯანმრთელობა ექიმებისა და წამლების გარეშე. ავტორი გვეუბნება, რომ ეს შესაძლებელია ბუნების ისეთი ელემენტების გამოყენებით, როგორებიცაა სუფთა ჰაერი, სუფთა წყალი, ბუნებრივი საკვები. გარდა ამისა, საჭიროა დიეტის დაცვა, ვარჯიშები და ჯანსაღი ძილი. წიგნი 1942-1944 წლებში დაიწერა, როცა განდი ციხეში იჯდა ინდოეთის ქალაქ პუნაში. მას შემდეგ მრავალი წელი გავიდა, მაგრამ ის დღემდე ინარჩუნებს აქტუალურობას.
წიგნში „ეთიკური რელიგია“ განდი საუბრობს მორალზე, როგორც რელიგიათა საფუძველზე, ამტკიცებს, რომ მორალის გარეშე რელიგიას არსებობა არ შეუძლია – მისი თქმით, მორწმუნეა ის, ვინც ნებაყოფლობით იცავს ეთიკურ პრინციპებს. განდი საუბრობს იდეალურ მორალზე, რომელიც მიიღწევა მაშინ, როცა ადამიანი გაუკვალავ ბილიკსაც დაადგება, თუკი იცის, რომ ჭეშმარიტებას მიეახლება. ავტორი ხაზს უსვამს მორალური საქციელის ჭეშმარიტ არსს, რომელიც ადამიანის მხრიდან წინასწარგანზრახულ ქმედებას გულისხმობს და არა მექანიკურ ქცევას.
გერმანელ-ამერიკელი ქრისტიანი მოაზროვნე და კულტურის ფილოსოფოსი პაულ ტილიხი (1886-1965) ითვლება XX საუკუნის ერთ-ერთ უდიდეს თეოლოგად. მისი შემოქმედების მთავარი თემებია ქრისტიანობა და კულტურა, ქრისტიანობის ადგილი თანამედროვე კულტურასა და ადამიანის სულიერ გამოცდილებაში, ევროპელი ერების ისტორიული ბედისწერა სახარების ჭრილში. ამ პრობლემების განხილვისას მკვლევარი ონტოლოგიისა და ანთროპოლოგიის, კულტუროლოგიისა და ფილოსოფიის ისტორიის, ქრისტოლოგიისა და ბიბლიური ჰერმენევტიკის ტერმინებს იშველიებს. წიგნი შემდეგ კითხვებს უპასუხებს: რა კულტურულ ფორმებს იღებს ქრისტიანობა უკანასკნელ საუკუნეებში და დღეს? როგორ ახდენს ის ზეგავლენას ხელოვანთა შემოქმედებასა და აზროვნებაზე, თანამედროვე კულტურაზე?
ავტორის 33 თავისგან (ინტერვიუსგან) შემდგარი წიგნი – „სწრაფი ცვლილებების აუცილებლობა“ – ისეთ ფუნდამენტურ საკითხებს ეხება როგორებიცაა: გაცნობიერება, არსებობს თუ არა ღმერთი?, შიში, როგორ ვიცხოვროთ ამ სამყაროში, ურთიერთობა, კონფლიქტი, რელიგიური ცხოვრება, მთელის დანახვა, მორალი, თვითმკვლელობა, დისციპლინა, რაც არის, მაძიებლობა, ორგანიზაცია, სიყვარული და სექსი, აღქმა, ტანჯვა, გული და გონება, სილამაზე და ხელოვანი, დამოკიდებულება, რწმენა, სიზმრები, ტრადიციები, განპირობებულობა, ბედნიერება, სწავლა, თვითგამოხატვა, ვნება, წესრიგი, ინდივიდი და საზოგადოება, მედიტაცია და ენერგია, აზრის დასასრული, ახალი ადამიანი