უმცროსი ძმის მიერ უსამართლოდ განდევნილი ჰერცოგი არდენის ტყეში გაიხიზნება ერთგულ მიმდევრებთან ერთად, მისი ქალიშვილი კი ამ დროს კარზე რჩება თავისი ბიძაშვილის მხლებლად. როდესაც ცხოვრება რომანტიულ ელფერს იძენს, გოგონები ინიღბებიან და ტყეს აშურებენ, სადაც მეგობრულად განწყობილი ავაზაკებისა და ბრძენი ბრიყვების გარემოცვაში აღმოჩნდებიან. ეს პიესა, რომელიც ერთდროულად მსუბუქი კომედიაცაა და სოციალური პრობლემების უფრო ღრმა ასახვაც, პერსონაჟთა დაუვიყწარ კრებულსა და შექსპირის უმშვენიერეს პოეზიას წარმოგვიდგენს.
"უინძორელი მხიარული ქალები" პირველად 1602 წელს გამოქვეყნდა. შექსპირის ცნობილი პერსონაჟი, სერ ჯონ ფოლსტაფი, მისი არაერთი პიესის გმირია. ამჯერად ლოთი და მექალთანე ფოლსტაფი სამი მოხერხებული ქალბატონის - მისის პეიჯის, მისის ფორდისა და მისის კუიკლის - მსხვერპლი ხდება. ცდილობს რა სუსტ სქესთან გაარშიყებას, ფოლსტაფი მახვილგონივრულ ინტრიგებში აღმოჩნდება ჩათრეული, რომლებიც ამ ქალბატონების მიერაა მოფიქრებული.
"ფარია" - 1888-89 წლებში დაწერილი პიესაა, რომელიც სტრინდბერგის მეგობარ ოლა ჰანსონის მოთხრობის სიუჟეტს ეფუძნება. ესაა ორი ადამიანის ინტელექტუალური შეტაკება, რომელთაგან წარსულში ორივე დამნაშავეა. როდესაც ჭეშმარიტებას ფარდა აეხდება, რჩება კითხვა, რამდენად შესაძლებელია პატიება დროის გასვლის შემდეგ. პრემიერა 1889 წლის 9 მარტს შედგა.
სემეულ ბეკეტის ამ მინიატურულ პიესაში, რომელიც მხოლოდ 7 წუთს გრძელდება და სიმბოლოებითა და მეტაფორებითაა აღსავსე, მის დრამატურგიულ ნაწარმოებთაგან განსხვავებით სამი პერსონაჟია, რომელიც მხოლოდ რამდენიმე ფრაზით და კომენტარითაა შემოფარგლული. მიუხედავად ასეთი მინიმალისტური მიდგომისა, მრავალი კრიტიკოსის აზრით პიესა ბეკეტის ერთ-ერთ ყველაზე სრულყოფილ ნაწარმოებადაა მიჩნეული. პრემიერა შედგა 1966 წლის 14 იანვარს ბერლინის Schillertheater-ში.
"ეჰ ჯო" სემულე ბეკეტის მიერ 1965 წელს შექმნილი ტელეპიესაა, რომლის თემატიკა, სჯობს, ალბათ თვით ბეკეტის სიტყვებით გადმოვცეთ: "მოგონებები კლავს. ამგვარად, თქვენ არ უნდა იფიქროთ კონკრეტული მოვლენების შესახებ, ან უმალ უნდა იფიქროთ, რადგან თუ ასე არ მოიქცევით, არსებობს საფრთხე მათი აღმოჩენისა თქვენს გონებაში. ანუ თქვენ უნდა იფიქროთ მათ შესახებ მცირე ხანს, კარგა ხანს, სანამ ისინი სამუდამოდ არ დაინთქმებიან მიწის ქვეშ. ასეთია წესი."
"დედა კურაჟი და მისი შვილები" თანამედროვე თეატრის ერთ-ერთ უდიდეს დრამატულ ნაწარმოებადაა მიჩნეული და ბერტოლტ ბრეხტის ყველაზე მგზნებარე და ფუნდამენტურ განცხადებას წარმოადგენს ომის წინააღმდეგ. პიესის მოქმედება მე-17 საუკუნეში მიმდინარეობს და აგებულია ანა ფირლინგის ("დედა კურაჟი"), მოხეტიალე მოვაჭრის გარშემო, რომელიც თავის ფურგონსა და შვილებს ევროპის რელიგიური ომების ქარცეცხლში დაატარებს.
ამ პიესაში კორუმპირებული კომერსანტის ვაჟი მამის ორპირობას ამხელს, მაგრამ იმავდროულად ანადგურებს ადამიანებს, რომელთა ხსნა აქვს მიზნად დასახული. გრეგერს ვერლე აიძულებს თავის მეგობრებს, ეკდალებს, რომ სიმართლე აღიარონ საკუთარი ცხოვრების შესახებ, თუმცა ეს სიმართლე მხოლოდ დამატებით ჭრილობებს აყენებს მათ. პიესაში დაჭრილი იხვი ამ ოჯახისა და, შესაძლოა, იბსენის ყმაწვილური იდეალიზმის განქარვების სიმბოლოს წარმოადგენს.
გრაფ ალმავივას ახალგაზრდა ობოლი როზინა შეუყვარდება და მზად არის ყველაფერი გააკეთოს, რათა ბართოლოს გამოგლიჯოს ხელიდან, მის მოხუც მეურვეს, რომელსაც ასევე სურს როზინას შერთვა. ცდილობს რა გეგმის ფარულად განხორციელებას, გრაფი ხვდება ფიგაროს, ხუმარასა და მაჭანკალს, რომელიც ჩანაფიქრის განხორციელებაში ეხმარება.