"ტრაგიკული ბუფონადა, რომელშიც ნიღბების ფორმითაა ნაჩვენები ჩვენი დროის მოსკოვის ნეპმენთა მთელი რიგი" - ასე დაახასიათა ავტორმა საკუთარი პიესა, რომელიც 1920-იანი წლების საბჭოთა რეალობის ერთ-ერთ გამოვლინებას ასახავს. პიესის პრემიერა 1926 წლის 28 ოქტომბერს შედგა ვახტანგოვის სახელობის თეატრში.
„დორიან გრეის პორტრეტი“ ფილოსოფიური ნოველაა, რომელიც ერთის მხრივ, ესთეტიზმის პრობლემას განიხილავს, მეორეს მხრივ კი პიროვნების გაორებას ეხება. რომანის მთავარი გმირი, დორიან გრეი, ახალი ფაუსტის თვისებებით აღჭურვილი, მარადიულ ახალგაზრდობას გამოკიდებული ადამიანია, რომელიც ორმაგი ცხოვრებით ცხოვრობს, რასაც საბოლოოდ იგი დაღუპვამდე მიჰყავს. პირველად გამოქვეყნდა Lippincott's Monthly Magazine-ში 1890 წელს.
„ივანოვი“ ჩეხოვის პირველი პიესაა, რომელიც სცენაზე დაიდგა. იგი გადმოგვცემს უნივერსიტეტში განათლებამიღებული თავადის, ნიკოლაი ივანოვის სულიერ დრამას, ადამიანისა, რომელიც ვერ პოულობს რა დაღლილობისა და მოწყენილობის მიზეზს, ვერ პოულობს რა პასუხს კითხვებზე, მათი სიმძიმის ქვეშ ისრისება. პიესის პირველი ვერსიის პრემიერა შედგა 1887 წლის 19 ნოემბერს მოსკოვში, კორშის თეატრში.
„დარაჯი“ ჰაროლდ პინტერის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან პიესად მიიჩნევა, რომლის მთავარი თემა, ისევე, როგორც პინტერის მრავალ პიესაში, ადამიანებს შორის კომუნიკაციის დამყარების უუნარობა და აქედან გამომდინარე, მათი იზოლაციაა. პიესა აბსურდის თეატრის სტილშია დაწერილი. პრემიერა შედგა ლონდონის Arts Theatre Club-ში 1960 წლის 27 აპრილს.
„ოთახი“ სარტრის ადრეული ნოველაა (1939), რომელშიც ავტორი სვამს კითხვას იმის შესახებ, არის თუ არა დემენცია ნორმალური ეგზისტენციალური პოზიცია. ამასთანავე, სარტრი ირონიულად ახდენს ჯანმრთელი და შეშლილი სამყაროს პოლარიზებას და ასევე გაკვრით ეხება თემებს, რომლებსაც დეტალურად ოდნავ მოგვიანებით „ყოფიერებასა და არარაში“ განიხილავს.
„ქანთერვილის მოჩვენება“ - ესაა ნოველა ცნობილი ინგლისელი დიდებულის მოჩვენების შესახებ, რომელმაც ცოლი მოკლა, ხოლო ამ უკანასკნელის ძმებმა მას შიმშილით ამოხადეს სული. მოთხრობა არაერთხელ იქნება ეკრანიზებული და ადაპტირებული სცენისთვის. პირველად გამოქვეყნდა ჟურნალში The Court and Society Review, 1887 წელს.
ჯონ სტეინბეკის 1937 წელს გამოქვეყნებული ნოველა „ამბავი თაგვთა და კაცთა“, რომელიც არაერთხელ იქნა ეკრანიზებული და სცენაზე დადგმული, დიდი დეპრესიის პერიოდში ორი მეგობრის, ჯორჯისა და ლენის, თავგადასავლის შესახებ გვიამბობს. ამბავი რანჩოზე ხდება, სადაც ისინი მუშებად არიან ჩამოსულნი და საღამოობით ოცნებებს ეძლევიან საკუთარი საქმისა და მყუდრო გარემოს, კურდღლების მოშენებისა და წიწილების მოვლის შესახებ, ოცნებებისა, რომლებსაც ახდენა არ უწერია.
მე-20 საუკუნის სამეცნიერო კლასიკად აღიარებული წიგნი, „ყოველდღიური ცხოვრების ფსიქოპათოლოგია“, 1901 წელს ჟურნალში გამოქვეყნდა, ხოლო წიგნის სახე 1904 წელს მიიღო. ამ ფუნდამენტურ ნაშრომში ფროიდი სიზმრების, დავიწყებებისა და შემთხვევითობა-შეცდომების ანალიზის საფუძველზე არაცნობიერის მოქმედებასა და გავლენას იკვლევს ჩვენს ყოველდღიურ, რუტინულ ცხოვრებაზე. წიგნი იმდენად პოპულარული ენით არის დაწერილი, რომ ყველა კატეგორიის მკითხველისთვისაა მისაწვდომი.
„მენონი“ პლატონის სოკრატესეული დიალოგია, რომელშიც მოსაუბრეები ცდილობენ სიქველის განსაზღვრება გამოძებნონ, სიქველისა ზოგადად და არა ცალკეული სიქველეებისა. როგორიც არის სამართლიანობა და თავშეკავებულობა. დიალოგში ასევე სულის უკვდავებისა და ცოდნის, როგორც გახსენების თეორიაა გადმოცემული.
„ჰენრი მეოთხე, ნაწილი I” გახლავთ უილიამ შექსპირის ისტორიული თხზულება, რომელიც დაწერილი უნდა იყოს არა უგვიანეს 1597 წლისა. იგი მოიცავს ჰენრი ბოლინგბროკოის, იგივე ჰენრი IV-ის მეფობის პერიოდს, დაწყებულს 1402 წლიდან, როდესაც მის წინააღმდეგ აჯანყებას ეყრება საფუძველი, ხოლო სრულდება შრიუსბერიში აჯანყებულთა დამარცხებით 1403 წელს. პიესა უაღრესად პოპულარული იყო, როგორც მაყურებლებს შორის, ასევე კრიტიკოსთა წრეში.