„ფარისეველთა კაბალა“, რომელიც ასევე „მოლიერის“ სახელითაა ცნობილი, ბულგაკოვმა 1929 წელს დაწერა მოსკოვის მხატვრული თეატრისთვის. პიესა ხელოვანის ბედს გვიჩვენებს ტირანიის პირობებში, ამასთან, მნიშვნელობა არ ენიჭება, რომელი ძალაუფლებიდან მოდის ეს ტირანია, სეკულარული თუ კლერიკალური - ტირანია ულმობელია და ხშირად შემოქმედის სიკვდილს იწვევს. საბჭოთა პერიოდში პიესა აკრძალული იყო.
"მამა გორიო" სამართლიანად ითვლება ბალზაკის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან რომანად, რომელიც ვატერლოოში ნაპოლეონის დამარცხების შემდგომი პარიზის სოციალურ ყოფას ასახავს. მოქმედება საფრანგეთის დედაქალაქში მიმდინარეობს, მისი გმირები კი შვილების მოსიყვარულე მამა გორიო, კრიმინალი ვოტრენი და სტუდენტი რასტინიაკი არიან, რომელთაგან სამივე თავისებურად ეპოქის მსხვერპლს წარმოადგენს. გამოქვეყნდა 1835 წელს.
"მასების ფსიქოლოგია" გუსტავ ლე ბონის ფუნდამენტური შრომაა, რომელიც 1895 წელს გამოქვეყნდა. ეს არის წიგნი სოციალური ფსიქოლოგიის შესახებ, რომლის თეორიები დღემდე განხილვის საგანს წარმოადგენს. აღნიშნული წიგნი გარდამტეხი მომენტი აღმოჩნდა "ცნობილი ექიმის" კარიერაში."მასების ფსიქოლოგიაში" გუსტავ ლე ბონი გვიჩვენებს, რომ ბრბოდ გაერთიანებული ინდივიდების ქცევა იგივე არ არის, რაც იზოლირებული ადამიანებისა და ამ შეხედულების თანახმად ხსნის ბრბოს ირაციონალურ ქმედებებს.
„...და არ უთქვამს არც ერთი სიტყვა“, 1953 წელს გამოქვეყნებული რომანი, ისევე, როგორც ბიოლის ნაწარმოებთა უმეტესობა, მეორე მსოფლიო ომის შემდგომი პერიოდის გერმანიის მდგომარეობას ეხება. თუმცა ომი უშუალოდ და პირდაპირ ბრალდებული ავტორის მიერ ამ რომანში არ არის, ნაწარმოების მთავარი მოქმედი პირების, ფრედისა და კეტეს, გათიშულობისა და პრობლემების მიზეზად, თუნდაც ირიბ მიზეზად, მკითხველი მაინც გადატანილ ომს აღიქვამს.
„ანა ფრანკის დღიური“ გახლავთ ებრაელი გოგონას, ანა ფრანკის მიერ ფლამანდიურ ენაზე შესრულებული ჩანაწერები, რომლებიც მოიცავს პერიოდს 1942 წლის 12 ივნისიდან 1944 წლის 1 აგვისტოს ჩათვლით, ნაცისტების მიერ ნიდერლანდების ოკუპაციის პერიოდში. საყოველთაო შეფასებით - ეს დიდი მნიშვნელობის ადამიანური დოკუმენტია. პირველად გამოქვეყნდა 1947 წელს.
„ცეზარ ბიროტო“ ბალზაკის რეალისტური შედევრია, რომელიც პარიზელი პარფიუმერის, გულუბრყვილო და პატიოსანი ცეზარ ბიროტოს აღზევებისა და დაცემის შესახებ მოგვითხრობს საბანკო კაპიტალისტთა თაღლითობისა ფონზე, რომელთა სქემებისა და გაკოტრების მექანიზმის დაწვრილებითი აღწერა დამატებით ხიბლს სძენს ნაწარმოებს. გამოქვეყნებულია 1837 წელს.
ჰოულების ერთ დროს არისტოკრატული ოჯახის მემკვიდრე ითენ ალენ ჰოული ოჯახისა და გარემოს გავლენით გამდიდრების, ფულის შოვნის გზას ადგება, გზას, რომელიც უშუალოდ დანაშაულებრივი არ არის, მაგრამ ღრმად არაეთიკურია. მისი „ცთუნებისა“ და „დაცემის“ ფონზე რომანი 1950-60-იანი წლების აშშ-ის მატერიალისტურ, სულიერებადაკარგულ ყოფას გვიჩვენებს. ამ რომანმა, რომელიც 1961 წელს გამოქვეყნდა, მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი სტეინბეკისთვის ნობელის პრემიის მინიჭებას.
წინამდებარე ნაშრომით (1906 წ.) პიოტრ კროპოტკინი ანარქიზმისა და მეცნიერების გაერთიანებას, ანარქიზმისადმი მეცნიერული მიდგომის გამოყენებას ცდილობს, რის საფუძველზეც უსახელმწიფო სისტემის ეფექტურობის ჩვენებას ისახავს მიზნად, რის აპოლოგეტადაც იგი მთელი ცხოვრების განმავლობისას გვევლინებოდა.
„კანონი“ - ესაა თავისუფლებისა და პიროვნების დამოუკიდებლობის წყურვილით გამსჭვალული სოციოლოგიური კვლევა, რომელიც ზოგჯერ კომუნიზმისკენ მეტისმეტად და უსაფუძვლოდ გადახრილი მოგეჩვენებათ, თუმცა, მიუხედავად ამისა, არაერთ საინტერესო პოლიტიკურ, უმეტესწილად ანარქისტულ შეხედულებას გვაცნობს მრავალმხრივი ქართველი მეცნიერისგან. გამოქვეყნდა 1906 წელს.
„სალამი, სევდავ!“ გახლავთ ფრანსუაზ საგანის პირველი რომანი, რომელიც 1954 წელს გამოქვეყნდა, როდესაც ავტორი მხოლოდ 18 წლის იყო. მასში მოთხრობილია ახალგაზრდა გოგონას, სესილის, განცდების შესახებ, რომელმაც დედის სიკვდილის შემდეგ ხანგრძლივი დრო მონასტერში გაატარა. უბრუნდება რა ქალების მოყვარულ მამას, სესილი ბოჰემურ, ვალდებულებების არმცნობ ცხოვრებას ეზიარება... მაგრამ ერთ დღეს მათ მორალური პრინციპების დამცველი ჭკვიანი და ლამაზი ანა ეწვევათ. წიგნი გამოსვლისთანავე მილიონზე მეტი ტირაჟით გაიყიდა.
"მამა გორიო" სამართლიანად ითვლება ბალზაკის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან რომანად, რომელიც ვატერლოოში ნაპოლეონის დამარცხების შემდგომი პარიზის სოციალურ ყოფას ასახავს. მოქმედება საფრანგეთის დედაქალაქში მიმდინარეობს, მისი გმირები კი შვილების მოსიყვარულე მამა გორიო, კრიმინალი ვოტრენი და სტუდენტი რასტინიაკი არიან, რომელთაგან სამივე თავისებურად ეპოქის მსხვერპლს წარმოადგენს. გამოქვეყნდა 1835 წელს.
"მკვდარი სულები", რომელიც თავად ავტორმა პოემის ჟანრს მიაკუთვნა, თავდაპირველად სამტომიან ნაწარმოებად იყო ჩაფიქრებული, რომლის პირველი ნაწილი 1842 წელს გამოქვეყნდა. მასში გადმოცემულია ყოფილი მებაჟის, ჩიჩიკოვის სრულიად უცნაური მისწრაფება გამდიდრების მიზნით მკვდარი სულების შეძენისა. ჩიჩიკოვის თავგადასავლის ფონზე ავტორი იმდროინდელი რუსეთის საზოგადოების მენტალობისა და ხასიათის ღრმა წვდომას გვთავაზობს.
„ბუკინისტი მენდელი“ გახლავთ შტეფან ცვაიგის მიერ 1929 წელს დაწერილი მოთხრობა, რომელიც წიგნებით ექსცენტრული, მაგრამ უნიკალური უნარის მქონე რუსი ებრაელი ვაჭრის ტრაგიკულ ბედს მოგვითხრობს. მოთხრობა ასევე შესაძლოა წაკითხულ იქნას, როგორც მეტაფორა პირველი მსოფლიო ომის გავლენისა ავსტრიულ კულტურაზე.
რომანში აღწერილია 1918 წლის ომი უკრაინის დამოუკიდებლობისთვის, რომელშიც რამდენიმე მხარე იყო ჩართული - თეთრები, წითლები, გერმანიის იმპერიალისტური ჯარი და უკრაინელი ნაციონალისტები. რომანის პერსონაჟები ინტელექტუალთა წრეს ეკუთვნიან, რომლებიც სამოქალაქო ომის სოციალურ კატაკლიზმს განიცდიან. ნაწარმოები პირველად გამოქვეყნდა 1925 წელს.