ეს ფანტასტიკური მოთხრობა, რომელშიც პროფესორი პრეობრაჟენსკი ძაღლს ადამიანის ორგანოებს გადაუნერგავს, ერთის მხრივ, ფილოსოფიური წაკითხვის საფუძველს ქმნის (ადამიანს არ ძალუძს ხელოვნურად ადამიანის შექმნა ან სიმახინჯეს ქმნის), მეორეს მხრივ კი მწვავე პოლიტიკურ სატირას წარმოადგენს, მოწოდებულს ბულგაკოვისეული ორიგინალური და უბადლო იუმორით. „ძაღლის გული“ შექმნილია 1925 წელს, თუმცა საბჭოთა ცენზურის გამოისობით 1987 წლამდე სრული სახით არ გამოქვეყნებულა.
ახალგაზრდა ლეიტენანტი ანტონ ჰოფმილერი მდიდარ ლაიოშ კეკეშფალვას ციხე-სიმაგრეშია მიწვეული, სადაც მის პარალიზებულ ქალიშვილს, ედითს, გაიცნობს. ლეიტენანტი თანაგრძნობით იმსჭვალება ედითის მიმართ, ამ უკანასკნელს კი ჰოფმილერი შეუყვარდება. შემდეგ განვითარებული მოვლენები გვიჩვენებს, თუ რა შეიძლება გამოიწვიოს წრფელმა, თუმცა უპასუხისმგებლო თანაგრძნობის განცდამ. ეს გახლვათ ცვაიგის ყველაზე სქელტანიანი ნაწარმოები, რომელიც 1936 წელს გამოქვეყნდა.
1943 წელს, მეორე მსოფლიო ომის მსვლელობისას შექმნილი პიესა „ბუზები“ ფილოსოფიურ და პოლიტიკურ თემებს ეხმიანება. ორესტეს მიერ დედის, კლიტემნესტრას, მოკვდინების ძველებრძნული მითის საფუძველზე აგებული პიესა ადამიანის პასუხისმგებლობის, თავისუფლების, დანაშაულისა და მონანიების თემებს ეხება. მასში ასევე შესაძლოა ვიშის ხელისუფლების სახეც დავინახოთ. აქედანვეა სარტრის ცნობილი ფრაზა: „ადამიანური ცხოვრება სასოწარკვეთილების მიღმა იწყება“.
წარმოსახულ სოფელ ვალვერდე დე ლუსერნას კათოლიკე მღვდელს, ყველა რომ პატივს სცემს და აღმერთებს, დონ მანუელს, უკვდავების რწმენა დაუკარგავს, მაგრამ დუმს, ვერაფერს ეუბნება ეჭვების შესახებ მრევლს, თვლის რა, რომ ამის აღიარება მათთვის აუცილებელი დასაყრდენის გამოცლა იქნებოდა. „რიმანი“, როგორც თავად უნამუნო უწოდებდა ამ ჟანრის ნაწარმოებს, 1930 წელს გამოქვეყნდა და მყისვე რომის კათოლიკური ეკლესიის „აკრძალულ წიგნთა ნუსხაში“ აღმოჩნდა.
ფრენსის მაკომბერი მეუღლე მარგარიტთან ერთად აფრიკაში საფარიზე იმყოფება. მათ პროფესიონალი მონადირე უილსონი ეხმარება. ლომზე ნადირობისას ფრენსისი სიმხდალეს გამოიჩენს და „კურდღელივით გამოიქცევა“. სირცხვილის მოწმენდას იგი მეორე დღეს, კამეჩებზე ნადირობისას ცდილობს. მოვლენები მოულოდნელად და საინტერესოდ ვითარდება. ერთი კონკრეტული ნადირობის მეშვეობით ჰემინგუეი ღრმა ფილოსოფიურ შეხედულებას გადმოგვცემს ცხოვრებისა და მასში ბედნიერბის წვდომის შესახებ. ესაა ავტორის ერთ-ერთი საუკეთესო მოთხრობა. გამოქვეყნებულია 1936 წელს ჟურნალში „კოსმოპოლიტენ“.
წარმოდგენილ კრებულში გაიზიარებთ სარტრის თავსდატეხილ რისხვას ფრანსუა მორიაკს, დოს პასოსის განდიდებასა და მალარმეს შეფასებას - სარტრისათვის ჩვეული პრინციპულობითა და საკუთარი პოზიციის ურყევობის განცდით. სხვადასხვა წლებში დაწერილ ესსეთა კრებულს პირველად ვთავაზობთ ქართველ მკითხველს.
აუგუსტო პერესი რომანის მთავარი მოქმედი პირია, უნამუნო კი მისი შემქმნელი, მაგრამ იქნებ თავად ავტორიც ვიღაცის პროდუქტია, შესაძლოა თუნდაც იმავე პერსონაჟისა? სვამს კითხვას უნამუნო. ვინ უფრო რეალურია, ავტორი თუ პერსონაჟი, დონ კიხოტე და სანჩო, თუ სერვანტესი, სად გადის ზღვარი რეალურსა და ილუზორულს შორის? ამ და სხვა მარადიულ თემებს ეხება მიგელ დე უნამუნოს, როგორც თავად ის უწოდებს, რიმანი (და არა რომანი) "ბურუსი", რომელიც უდაოდ დიდ სიამოვნებას მოგანიჭებთ. გამოქვეყნდა 1915 წელს.
ამ რომანის თემები და პერსონაჟები ზახერ-მაზოხის პირადი ცხოვრებიდანაა აღებული. ქალის დომინირებისა და სადომაზოხიზმის იდეები, ისევე, როგორც ვანდა ფონ დუნაევას პერსონაჟი, რაც შოკისმომგვრელი იყო იმდროინდელი საზოგადოებისთვის, ნაწარმოების პოპულარობის საფუძვლად იქცა. რომანი 1870 წელს გამოქვეყნდა. ქართულად პირველად ქვეყნდება.
პიესის სამი პერსონაჟი საიდუმლო ოთახში ხვდება, ოთახი ჯოჯოხეთს წარმოადგენს. სამნი ერთმანეთს საკუთარ ცოდვებს უზიარებენ, ასე ფიქრობენ ჯოჯოხეთისთვის თავის დაღწევას, მაგრამ აღმოაჩენენ, რომ ერთმანეთზე არიან დამოკიდებულნი, ერთმანეთის ჯალათები არიან. ეს პიესაა წყარო სარტრის ცნობილი, ხშირად მცდარად ინტერპრეტირებული გამონათქვამისა: „ჯოჯოხეთი ეს სხვებია“. პიესა დაწერილია 1944 წელს, პრემიერა იმავე წელს შედგა თეატრში „ვიუ-კოლომბიერ“.
თებეს ციკლის მესამე პიესაში დანაშაულისა და ბედისწერის თემებია პირველ პლანზე წამოწეული. თუმცა ოიდიპოსი სრულად დამნაშავედ არ შეიძლება ჩაითვალოს, რადგან მიუხედავად ჩადენილი დანაშაულისა, მან არ იცოდა, რომ დანაშაულს სჩადიოდა, ის მაინც ვერ აიცდენს იმას, რაც ბედისწერით აქვს განკუთვნილი. ღვთიური კანონის დარღვევა, მიუხედავად დამრღვევის პოზიიციისა, დანაშაულია და იგი ისჯება. დრამა შექმნილია სოფოკლეს სიკვდილამდე მცირე ხნით ადრე, დაახლოებით ჩვ. წ.ა. 406 წელს.
ახალგაზრდა, მაგრამ კარჩაკეტილი მხატვარი მოხუც, აღიარებულ ოსტატთან ინგლისიდან საფრანგეთში ჩადის მის შესახებ წიგნისათვის ცნობების მოსაგროვებლად. მოხუცი ორ ახალგაზრდა ინგლისელ ქალიშვილთან ერთად ცხოვრობს, როგორც თვითონ უწოდებს, „აბანოზის კოშკში“. მოვლენების ელვისებურად ვითარდება, პერსონაჟებს შორის ჩამოყალიბებულ ურთიერთობა ფონზე კი ავტორი მის შეხედულებებს გვთავაზობს, ერთის მხრივ, ხელოვნებისა და მისი დანიშნულების, მეორეს მხრივ კი, სიყვარულის, ღალატისა და ერთგულების, და რაც ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანია, ცხოვრებისა და ხელოვნების ურთიერთმიმართების შესახებ. იკითხება ერთი ამოსუნთქვით (1974).