"ნეტარი სიცოცხლისათვის" არის სენეკა უმცროსის ტრაქტატი, შექმნილი დაახლოებით ჩვ.წ. 58 წელს და ის მიძღვნილია მისი უფროსი ძმის, გალიონისადმი. ნაშრომში გადმოცემულია სენეკას ზნეობრივი შეხედულებები. მისი აზრით, ნეტარებისკენ სწრაფვა ნიშნავს გონივრულობისკენ სწრაფვას, სადაც გონიერება გაგებულია არა მხოლოდ როგორც ლოგიკის გამოყენება, არამედ ბუნების პროცესთა ცოდნაც.
1714 წელს შექმნილი "მონადოლოგია" ლაიბნიცის ფილოსოფიის ქვაკუთხედს წარმოადგენს. 90 პარაგრაფში გერმანელი მოაზროვნე ზოგადი კონტურებით ხაზავს თავისი ფილოსოფიური სისტემის ძირითად დებულებებს და მათ არგუმენტირებას ახდენს. ეს უკიდურესად შეკუმშული ტექსტი ფილოსოფიის ერთ-ერთ შედევრად მიიჩნევა.
უმცროსი ძმის მიერ უსამართლოდ განდევნილი ჰერცოგი არდენის ტყეში გაიხიზნება ერთგულ მიმდევრებთან ერთად, მისი ქალიშვილი კი ამ დროს კარზე რჩება თავისი ბიძაშვილის მხლებლად. როდესაც ცხოვრება რომანტიულ ელფერს იძენს, გოგონები ინიღბებიან და ტყეს აშურებენ, სადაც მეგობრულად განწყობილი ავაზაკებისა და ბრძენი ბრიყვების გარემოცვაში აღმოჩნდებიან. ეს პიესა, რომელიც ერთდროულად მსუბუქი კომედიაცაა და სოციალური პრობლემების უფრო ღრმა ასახვაც, პერსონაჟთა დაუვიყწარ კრებულსა და შექსპირის უმშვენიერეს პოეზიას წარმოგვიდგენს.
"პრაქტიკული გონების კრიტიკა" - მეორეა კანტის ცნობილი სამი "კრიტიკიდან", ეს არის მორალის სამი ძირითადი თეორიის ერთ-ერთი ნაწილი და ფუძემდებლური ტექსტი მორალის ფილოსოფიის ისტორიაში. ნაშრომი პირველად გამოქვეყნდა "ზნეობის მეტაფიზიკის დაფუძნებიდან" სამი წლის შემდეგ (1788) და მასში კანტის მორალური თეორიის ძირითადი თემებია განვითარებული, გადმოცემულია ნების თავისუფლების ერთობ ორიგინალური იდეა და განვითარებულია მისი პრაქტიკული მეტაფიზიკა.
"უინძორელი მხიარული ქალები" პირველად 1602 წელს გამოქვეყნდა. შექსპირის ცნობილი პერსონაჟი, სერ ჯონ ფოლსტაფი, მისი არაერთი პიესის გმირია. ამჯერად ლოთი და მექალთანე ფოლსტაფი სამი მოხერხებული ქალბატონის - მისის პეიჯის, მისის ფორდისა და მისის კუიკლის - მსხვერპლი ხდება. ცდილობს რა სუსტ სქესთან გაარშიყებას, ფოლსტაფი მახვილგონივრულ ინტრიგებში აღმოჩნდება ჩათრეული, რომლებიც ამ ქალბატონების მიერაა მოფიქრებული.
ითვლება რა მსოფლიო ფილოსოფიის ერთ-ერთ ყველაზე ღრმა, გავლენიან და მნიშვნელოვან ნაწარმოებად, "ზნეობის მეტაფიზიკის დაფუძნება" საფუძველია კანტის მთელი შემოქმედებისა. მასში ფილოსოფოსი წარმოადგენს ძირითად კონცეფციას, რომელიც ცენტრალურია მისი მორალური ფილოსოფიისა და, პრაქტიკულად, მთელი თანამედროვე ეთიკური აზროვნებისთვის - ესაა კატეგორიული იმპერატივი, მორალის უზენაესი პრინციპი, რომლის თანახმად უნდა ხდებოდეს ყველა გადაწყვეტილების მიღება.
ამ პიესაში კორუმპირებული კომერსანტის ვაჟი მამის ორპირობას ამხელს, მაგრამ იმავდროულად ანადგურებს ადამიანებს, რომელთა ხსნა აქვს მიზნად დასახული. გრეგერს ვერლე აიძულებს თავის მეგობრებს, ეკდალებს, რომ სიმართლე აღიარონ საკუთარი ცხოვრების შესახებ, თუმცა ეს სიმართლე მხოლოდ დამატებით ჭრილობებს აყენებს მათ. პიესაში დაჭრილი იხვი ამ ოჯახისა და, შესაძლოა, იბსენის ყმაწვილური იდეალიზმის განქარვების სიმბოლოს წარმოადგენს.
გრაფ ალმავივას ახალგაზრდა ობოლი როზინა შეუყვარდება და მზად არის ყველაფერი გააკეთოს, რათა ბართოლოს გამოგლიჯოს ხელიდან, მის მოხუც მეურვეს, რომელსაც ასევე სურს როზინას შერთვა. ცდილობს რა გეგმის ფარულად განხორციელებას, გრაფი ხვდება ფიგაროს, ხუმარასა და მაჭანკალს, რომელიც ჩანაფიქრის განხორციელებაში ეხმარება.
"ახალგაზრდა ვერტერის ვნებანი" - ესაა მგრძნობიარე, არტისტული ახალგაზრდა კაცის ისტორია, რომელსაც მეგობრის საცოლე, ლოტტა შეუყვარდება. ვერტერი მიდის, მაგრამ ბრუნდება, გრძნობს რა საკუთარ თავს უიმედოდ. გაუზიარებელი სიყვარულითა და ცხოვრების სიცარიელის გრძნობით დათრგუნული ვერტერი სიცოცხლეს თვითმკვლელობით ასრულებს.
"რამოს ძმისწული" გახლავთ დიალოგი მთხრობელსა და ჟან-ფრანსუა რამოს შორის, რომელიც ცნობილი კომპოზიტორის ძმისწულია. დიდრო იყენებს პერსონაჟებს, რათა იმსჯელოს იტალიურ/ფრანგული საოპერო ორთაბრძოლის, ბავშვთა განათლების, გენიოსის ბუნებისა და ფულის შესახებ. ხშირად უმიზნო საუბარი მასხრად იგდებს იმ დროის ცნობილ მოღვაწეებს, მათ შორის განმანათლებლებს, როგორებიც არიან მონტესკიე, რუსო და ვოლტერი.