1957 წელს გამოქვეყნებული რომანი თანაგრძნობით აღსავსე ამბავია უბრალო ადამიანებისა, რომლებიც გადარჩენისთვის იბრძვიან ომის პერიოდში. მთავარი გმირები არიან: ჩეზირა, დაქვრივებული მედუქნე რომიდან, და როზეტა, მისი გულუბრყვილო ქალიშვილი, რომელიც რელიგიისადმია ერთგული. როდესაც რომში გერმანელები შევლენ, ჩეზირა დანაზოგსა და მცირეოდენ საკვებს იღებს და ქალიშვილთან ერთად მიდის მშობლიურ პროვინცია ჩოჩარაში, სადაც მათი საბედისწერო თავგადასავალი იწყება.
იბსენის ადრეული პოეტური დრამა მისი მთავარი გმირის, პერ გუნტის, მეშვეობით იკვლევს მთელი კაცობრიობის დამახასიათებელ ღირსებებსა და ბიწიერებას. პიესა ნორვეგიულ ფოლკორსა და იბსენის პირად გამოცდილებას ეყრდნობა. დრამა მოგვითხრობს ყარიბის თაღლითური ცხოვრების შესახებ, რომელიც სახელსა და დიდებას მოიხვეჭს, მაგრამ არა ბედნიერებას, თუმცა საბოლოოდ სიყვარულით გამოსყიდვას აღწევს.
"სიამოვნების პრინციპს მიღმა" იკვლევს ადამიანის ფსიქიკაზე სიკვდილისკენ ლტოლვის გავლენას, რაც მთელი ორგანული ცხოვრებისთვისაა დამახასიათებელი. ფროიდს კვლავაც სწამს, რომ სიამოვნების პრინციპი დომინირებადი ძალაა, მაგრამ იმავდროულად ამტკიცებს, რომ უსიამოვნო განცდები დიდ გავლენას ახდენენ ფსიქიკაზე და ხშირად აკვიატებული გამეორების წყარო არიან.
"შიში და თრთოლვა" 1843 წელს გამოქვეყნდა იოჰანეს დე სილენციოს ფსევდონიმით. ამ ფილოსოფიურ თხზულებაში გადმოცემულია ავტორის პირადი შეხედულება რელიგიაზე, რისთვისაც კირკეგორი იყენებს ამბავს "დაბადებიდან", რომელშიც აბრაამი მსხვერპლად სწირავს თავის ძეს, ისააკს, რასაც ღმერთის ბრძანებით აკეთებს.
"ფარია" - 1888-89 წლებში დაწერილი პიესაა, რომელიც სტრინდბერგის მეგობარ ოლა ჰანსონის მოთხრობის სიუჟეტს ეფუძნება. ესაა ორი ადამიანის ინტელექტუალური შეტაკება, რომელთაგან წარსულში ორივე დამნაშავეა. როდესაც ჭეშმარიტებას ფარდა აეხდება, რჩება კითხვა, რამდენად შესაძლებელია პატიება დროის გასვლის შემდეგ. პრემიერა 1889 წლის 9 მარტს შედგა.