„ძია ვანია“, აღიარებული ჩეხოვის ერთ-ერთ საუკეთესო ნამუშევრად, 1896 წელს კომედიიდან („ოჩოპინტრე“) გადაკეთებული სოფლის დრამაა, რომელშიც ავტორი სხვა თემებთან ერთად ეგზისტენციალურ პრობლემას - მოჩვენებითი კერპისადმი მსახურებას, განიხილავს. მთავარი გმირი აცნობიერებს საკუთარ არარაობას, მაშინ, როდესაც აღარაფრის შეცვლა აღარ არის შესაძლებელი და... ემორჩილება მას. პიესა ასევე ეხება თავად-აზნაურთა სულიერი სიღატაკის საკითხს.
“ონტოლოგიური დასაბუთების სახით ჩვენ გვაქვს იშვიათი მაგალითი აზრთა წყობისა, რომლის უარყოფაშიც ისეთმა ანტიპოდებმა შეუწყვეს ერთმანეთს ხმა, როგორებიც არიან თომა აქვინელი და კანტი. ასეთ პირობებში თითქოს ონტოლოგიური დასაბუთების რეაბილიტაციის მცდელობა საკმაოდ უიმედო წამოწყებაა. და მაინც ჩვენ სწორედ ეს მცდელობა გვსურს აქ ვაქციოთ მკითხველის ყურადღების საგნად.” - ს. ფრანკი.
ეჟენ იონესკოს პირველი პიესა და, იმავდროულად, აბსურდის თეატრის პიონერი - „მელოტი მომღერალი ქალი“ - 1950 წლის 11 მაისს იქნება ნაჩვენები პირველად სცენაზე. პიესა უმთავრესად ორი წყვილის უაზრო და უშინაარსო დიალოგისგან შედგება, რომლებსაც ვერაფერი გაუგიათ ერთმანეთის და საბოლოოდ მათი ურთიერთობა სიტყვებისა და სულაც ასოების წამოძახილად იქცევა, რაც კვლავ და კვლავ უნდა განმეორდეს ამ თანამედროვე აბუსრდულ სამყაროში...
1943 წელს, მეორე მსოფლიო ომის მსვლელობისას შექმნილი პიესა „ბუზები“ ფილოსოფიურ და პოლიტიკურ თემებს ეხმიანება. ორესტეს მიერ დედის, კლიტემნესტრას, მოკვდინების ძველებრძნული მითის საფუძველზე აგებული პიესა ადამიანის პასუხისმგებლობის, თავისუფლების, დანაშაულისა და მონანიების თემებს ეხება. მასში ასევე შესაძლოა ვიშის ხელისუფლების სახეც დავინახოთ. აქედანვეა სარტრის ცნობილი ფრაზა: „ადამიანური ცხოვრება სასოწარკვეთილების მიღმა იწყება“.
წარმოსახულ სოფელ ვალვერდე დე ლუსერნას კათოლიკე მღვდელს, ყველა რომ პატივს სცემს და აღმერთებს, დონ მანუელს, უკვდავების რწმენა დაუკარგავს, მაგრამ დუმს, ვერაფერს ეუბნება ეჭვების შესახებ მრევლს, თვლის რა, რომ ამის აღიარება მათთვის აუცილებელი დასაყრდენის გამოცლა იქნებოდა. „რიმანი“, როგორც თავად უნამუნო უწოდებდა ამ ჟანრის ნაწარმოებს, 1930 წელს გამოქვეყნდა და მყისვე რომის კათოლიკური ეკლესიის „აკრძალულ წიგნთა ნუსხაში“ აღმოჩნდა.
პიესის სამი პერსონაჟი საიდუმლო ოთახში ხვდება, ოთახი ჯოჯოხეთს წარმოადგენს. სამნი ერთმანეთს საკუთარ ცოდვებს უზიარებენ, ასე ფიქრობენ ჯოჯოხეთისთვის თავის დაღწევას, მაგრამ აღმოაჩენენ, რომ ერთმანეთზე არიან დამოკიდებულნი, ერთმანეთის ჯალათები არიან. ეს პიესაა წყარო სარტრის ცნობილი, ხშირად მცდარად ინტერპრეტირებული გამონათქვამისა: „ჯოჯოხეთი ეს სხვებია“. პიესა დაწერილია 1944 წელს, პრემიერა იმავე წელს შედგა თეატრში „ვიუ-კოლომბიერ“.
„ცივილიზებული კაცობრიობის რვა მომაკვდინებელი ცოდვა“ 1973 წელს გამოქვეყნდა, იმავე წელს, როდესაც ლორენცს ნობელის პრემია მიენიჭა. წიგნში ავტორი იკვლევს ფაქტორებს, რომლებიც, მისი შეხედულებით, კაცობრიობის დეჰუმანიზაციას უწყობს ხელს, და ფრიად არასასურველ, შეიძლება ითქვას, შემაშფოთებელ დასკვნებამდე მიდის.
XX საუკუნის ერთ-ერთი უდიდესი მწერლის ყველაზე უცნაური მოთხრობა ადამიანის მწერად გარდასახვისა, რაც აბსურდულ სამყაროში ადამიანის გაუცხოვებისა და ურთიერთობათა ნგრევა-განადგურების სადემონსტრაციოდ იქნა გამოყენებული, დღემდე არ ჰკარგავს თავის მნიშვნელობას და მრავალი დამწყები მწერლისთვის ქრესტომათიულს წარმოადგენს. დაწერილია 1915 წელს. არის არაერთხელ ეკრანიზებული და დადგმული სცენაზე.