რომანის სახელწოდება, „იდიოტი“, ნაწარმოების მთავარ მოქმედ პირზე (თავადი ლევ ნიკოლაევიჩ მიშკინი) ირონიული მინიშნებაა. მისი გულღიობა, სიკეთე და უბრალოება გარშემომყოფებს შეცდომით აფიქრებინებს, რომ ის ჭკუას და გამჭრიახობას მოისაკლისებს. დოსტოევსკი ამოცანად ისახავდა „კეთილი და ყოვლად პოზიტიური“ ადამიანის სახის შექმნას და შეცნობას იმისა, თუ რას გამოიწვევდა ასეთი უნიკალური პიროვნების განთავსება მიწიერი კონფლიქტების, სურვილების, ვნებებისა და ეგოიზმის შუაგულში. შედეგად მივიღეთ ერთ-ერთი უმშვენიერესი რომანი ლიტერატურის ისტორიაში. გამოქვეყნდა 1869 წელს.
დეჰუმანიზებული საზოგადოება, სულიერების დათრგუნვა, მანქანების ბატონობა, ეტატიზმი - ესაა ადამიანის თანამედროვე გარემო მაშინ, როდესაც ბერდიაევი ამ თხზულებას ქმნის და ასევეა დღესაც, თითქოს არაფერი შეცვლილა... ხოლო თუ ახალი სულიერების მოძებნა ვერ მოხერხდება, ავტორისავე სიტყვებით, "ადამიანი ორი მიმართულებით დაიშლება - ცხოველურობის ან მანქანურობის მიმართულებით."
რომანის სახელწოდება, „იდიოტი“, ნაწარმოების მთავარ მოქმედ პირზე (თავადი ლევ ნიკოლაევიჩ მიშკინი) ირონიული მინიშნებაა. მისი გულღიობა, სიკეთე და უბრალოება გარშემომყოფებს შეცდომით აფიქრებინებს, რომ ის ჭკუას და გამჭრიახობას მოისაკლისებს. დოსტოევსკი ამოცანად ისახავდა „კეთილი და ყოვლად პოზიტიური“ ადამიანის სახის შექმნას და შეცნობას იმისა, თუ რას გამოიწვევდა ასეთი უნიკალური პიროვნების განთავსება მიწიერი კონფლიქტების, სურვილების, ვნებებისა და ეგოიზმის შუაგულში. შედეგად მივიღეთ ერთ-ერთი უმშვენიერესი რომანი ლიტერატურის ისტორიაში. გამოქვეყნდა 1869 წელს.
ფრანც კაფკას თხზულებებმა, რომელთა მიხედვითაც მსჯელობენ ამ საკვირველი, თვითმყოფადი, უფაქიზესი ალღოს მქონე, ჭეშმარიტი მწერლის შემოქმედებაზე, წარუშლელი კვალი დატოვა, ყველა ხალხის მკითხველებზე. გარდა ცნობილი რომანებისა: „პროცესი“, „კოშკი“, „ამერიკა“, ეგრეთწოდებული შემზარავი მოთხრობების „ფერიცვალება“, „მსჯავრი“, „გამასწორებელ კოლონიაში", დაწერილი აქვს მცირე ზომის ერთგვაროვანი ნაწარმოებები - პარაბოლები, სადაც მწერლის ნიჭი და შესაძლებლობანი ახლებურად არის წარმოჩენილი. ზოგიერთი პარაბოლა ბიბლიურ იგავს, ზოგიერთ აღმოსავლურ არაკს მოგვაგონებს, ხოლო ბევრი ფორმით, ლაკონურობით, სტილისტური დახვეწილობით პოეზიას უტოლდება და ეს ამოუხსნელი ენერგიით დამუხტული პოეზია გენიოსური სულის გამობრწყინებაა, რომელიც ასე აღელვებს თანამედროვე მკითხველს, დიდი და თავისებური მწერლის ჭეშმარიტ თაყვანისმცემლებს.
დიალოგში „სიცოცხლის მსწრაფლწარმავლობისათვის“ სენეკა არ იზიარებს საყოველთაო ადამიანურ ჩივილსა და საყვედურს ბუნებისადმი სიცოცხლის ხანმოკლეობის გამო და ამის საწინააღმდეგოდ წამოაყანებს თეზას - სიცოცხლე მხოლოდ მაშინაა ხანმოკლე, როცა არ იციან დროის გამოყენება. ესაა ამ მორალურ-ფილოსოფიური ტრაქტატის დედააზრი, რომელიც სხვადასხვაგვარად მეორდება, ილუსტრირებულია მრავალი მაგალითით, განმტკიცებულია ბევრი არგუმენტით და მთელ ნაწარმოებს გასდევს.
თუ უფლებას სხვა მანიჭებს, ეს ჩემი უფლება აღარ არის, ის სხვისია. ჩემი მხოლოდ ის შეიძლება იყოს, რასაც მე მოვიპოვებ, რასაც შევწვდები, შესაბამისად, რისი ძალაც მაქვს - თითქოს პარადოქსულად აზროვნებს მაქს შტირნერი, რთულად გასაგები ფორმულირებებით. ის ვერც იქნა გაგებული სიცოცხლეში, თუმცა მისი იდეები მეოცე საუკუნის ყველაზე ავტორიტეტულ ფილოსოფიურ მიმდინარეობათა ქვაკუთხედად იქცა. ესსეი ნაწილია წიგნისა „ერთადერთი და მისი საკუთრება“.
„შესაძლებელია თუ არა სრულყოფილი ცხოვრება „მიწაზე“ ანუ მიწიერი ცხოვრების არსობრივად არასრულყოფილ პირობებში?“ - ესაა მთავარი კითხვა XIX-XX საუკუნეების რუსი რელიგიური მოაზროვნის ესსეისა. არსებითად, სიმონ ფრანკი უტოპიზმს უწოდებს ყველაფერს, რაც ამქვეყნად სრულყოფილების დამკვიდრების მცდელობას წარმოადგენს, და მას ერთადერთ, ზეციური სამყაროს სრულყოფილებას უპირისპირებს.
ქრისტიანობისა და ანტისემიტიზმის საუკუნებრივ დაპირისპირებაზე ბევრია ცნობილი და ბევრი მოსაზრებაც გამოთქმულა, მრავალი ბრალდებაა ებრაელთა მიმართ სამყაროში, მაგრამ დიდი რუსი ფილოსოფოსის აზრით ეს მრავალი, რაშიც ებრაელებს ადანაშაულებენ, სულაც არ ყოფილა მათი ბრალი. ბერდიაევი, როგორც ყოველვის, ორიგინალურად და განსხვავებულად ჭვრეტს და იაზრებს მოვლენებს.
„მასების ამბოხი“ ხოსე ორტეგა ი გასეტის ყველაზე ცნობილი ნაწარმოებია, რომელიც წიგნად 1929 წელს გამოქვეყნდა (მანამდე სტატიების სახით იბეჭდებოდა გაზეთში El Sol) და ოცზე მეტ ენაზეა ნათარგმნი. ავტორი ევროპის უახლესი ისტორიის განხილვის საფუძველზე აგებს ადამიანი-მასის კონცეფციას, „ბრბოსი“, რომელმაც ადამიანის აქტივობის ყველა სფეროში შეაღწია, ეხება მიზეზებს, რომლებმაც ასეთ ადამიან-მასათა უმრავლესობის მიერ უმცირესობის გაძევება გამოიწვია. წიგნის მეორე ნაწილი ერების წარმოშობის მიზეზებსა და მათი განვითარების გზებს იკვლევს.
ეს სანახევროდ ავტობიოგრაფიული თხზულება ადამიანის დანაწევრების, გაორების თემას ეხება და იმ შედეგებს, რაც ამ გაორებას მოყვება ინდივიდისთვის - მარტოობას, თვითგვემასა და შესაძლო თვითმკვლელობას. რომანი მთავარი პერსონაჟის, ჰარი ჰალერის (იგივე ტრამალის მგელი) დღიურის ფორმითაა კონსტრუირებული. პირველად გამოქვეყნდა 1929 წელს გერმანიაში.
რომანი ლეიტენანტ ფრედერიკ ჰენრისა და მედდა ქეთრინ ბარკლის უაღრესად ამაღელვებელი და ტრაგიკული სიყვარულის ისტორიას მოგვითხრობს პირველი მსოფლიო ომის მოქმედებათა ფონზე. ომი ვერაფერს აკლებს მათ სიყვარულს, მაგრამ იარაღთან გამოთხოვება სიმშვიდეს როდი ნიშნავს. არსებობს კიდევ რაღაც, რაც ომზე უარესია, რაც ყველაფერს ანადგურებს - ეს სიკვდილია!
მიგელ დე უნამუნო - შეუპოვარი და პრინციპული ფილოსოფოსი, რომელიც დროს არ უშინდებოდა და ღიად საუბრობდა მისი თანამედროვე ესპანეთის მანკიერ მხარეებზე. წინამდებარე ესსეი ქართველი მკითხველისთვის უდაოდ საინტერესო იქნება იმ მიზეზით, რომ იმას, რასაც უნამუნო ესპანეთში ამხელდა, თითქოს ჩვენს ქვეყანაში ჰქონდეს ნანახი დღეს.
"პროცესი" კაფკას ერთ–ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწარმოებია. იგი მნიშვნელოვანწილად გადმოგვცემს ადამიანის უმწეობისა და, უხილავ და იდუმალ ძალთა წინაშე უძლურების მწერლისეულ მსოფლაღქმას, რაც კიდევ უფრო მძაფრდება აბსტრაქტული და აბსურდული გარემოთი, რომელშიც მოვლენები მიმდინარეობს. გასათვალისწინებელია ისიც, რომ ნაწარმოებზე დიდია დოსტოევსკის „დანაშაულისა და სასჯელის“ გავლენა. „პროცესი“ მხოლოდ მწერლის სიკვდილის შემდეგ, 1925 წელს, გამოქვეყნდა.