"მამა გორიო" სამართლიანად ითვლება ბალზაკის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან რომანად, რომელიც ვატერლოოში ნაპოლეონის დამარცხების შემდგომი პარიზის სოციალურ ყოფას ასახავს. მოქმედება საფრანგეთის დედაქალაქში მიმდინარეობს, მისი გმირები კი შვილების მოსიყვარულე მამა გორიო, კრიმინალი ვოტრენი და სტუდენტი რასტინიაკი არიან, რომელთაგან სამივე თავისებურად ეპოქის მსხვერპლს წარმოადგენს. გამოქვეყნდა 1835 წელს.
"მკვდარი სულები", რომელიც თავად ავტორმა პოემის ჟანრს მიაკუთვნა, თავდაპირველად სამტომიან ნაწარმოებად იყო ჩაფიქრებული, რომლის პირველი ნაწილი 1842 წელს გამოქვეყნდა. მასში გადმოცემულია ყოფილი მებაჟის, ჩიჩიკოვის სრულიად უცნაური მისწრაფება გამდიდრების მიზნით მკვდარი სულების შეძენისა. ჩიჩიკოვის თავგადასავლის ფონზე ავტორი იმდროინდელი რუსეთის საზოგადოების მენტალობისა და ხასიათის ღრმა წვდომას გვთავაზობს.
თებეს ციკლის მესამე პიესაში დანაშაულისა და ბედისწერის თემებია პირველ პლანზე წამოწეული. თუმცა ოიდიპოსი სრულად დამნაშავედ არ შეიძლება ჩაითვალოს, რადგან მიუხედავად ჩადენილი დანაშაულისა, მან არ იცოდა, რომ დანაშაულს სჩადიოდა, ის მაინც ვერ აიცდენს იმას, რაც ბედისწერით აქვს განკუთვნილი. ღვთიური კანონის დარღვევა, მიუხედავად დამრღვევის პოზიიციისა, დანაშაულია და იგი ისჯება. დრამა შექმნილია სოფოკლეს სიკვდილამდე მცირე ხნით ადრე, დაახლოებით ჩვ. წ.ა. 406 წელს.
„ბუკინისტი მენდელი“ გახლავთ შტეფან ცვაიგის მიერ 1929 წელს დაწერილი მოთხრობა, რომელიც წიგნებით ექსცენტრული, მაგრამ უნიკალური უნარის მქონე რუსი ებრაელი ვაჭრის ტრაგიკულ ბედს მოგვითხრობს. მოთხრობა ასევე შესაძლოა წაკითხულ იქნას, როგორც მეტაფორა პირველი მსოფლიო ომის გავლენისა ავსტრიულ კულტურაზე.
აბსურდის თეატრის აღიარებული ოსტატის, ეჟენ იონესკოს "სკამების" მთავარი მოქმედი პირები, ბერიკაცი და დედაბერი, სრულ უაზრობაში ცხოვრობენ, თუმცა, მიუხედავად ამისა, კეთილდღეობის ილუზორული განცდის შექმნას ცდილობენ, ეს ილუზია კი სკამებია, მათი უკანასკნელი საშუალება ფუჭად განვლილი ცხოვრების შესანიღბად. გამოქვეყნდა 1952 წელს და იმავე წელს შედგა სასცენო პრემიერა.
XX საუკუნის ერთ-ერთი უდიდესი მწერლის ყველაზე უცნაური მოთხრობა ადამიანის მწერად გარდასახვისა, რაც აბსურდულ სამყაროში ადამიანის გაუცხოვებისა და ურთიერთობათა ნგრევა-განადგურების სადემონსტრაციოდ იქნა გამოყენებული, დღემდე არ ჰკარგავს თავის მნიშვნელობას და მრავალი დამწყები მწერლისთვის ქრესტომათიულს წარმოადგენს. დაწერილია 1915 წელს. არის არაერთხელ ეკრანიზებული და დადგმული სცენაზე.
მეცნიერული ფანტასტიკის ეს გამორჩეული ნაწარმოები, რომელიც 1864 წელსაა შექმნილი, გერმანელი მეცნიერის, ოტო ლიდენბროკის, მისი ძმისწულის -აქსელისა, და მეგზურ ჰანსის მოგზაურობაზე მოგვითხრობს დედამიწის ცენტრისაკენ, სადაც მიწისქვეშა სამყაროში მრავალ თავგადასავალს აწყდებიან, მათ შორის პრეისტორიულ ცხოველებსა და ბუნებრივ მოვლენებს, სანამ ლავის ძალით კვლავ დედამიწის ზედაპირზე არ იქნებიან ამოტყორცნილნი.
ბრბოს ინსტინქტური მოთხოვნილება აქვს აირჩიოს ბელადები, რომლებსაც უნდა დაემორჩილოს, თუმცა დღევანდელ დღეს, ავტორის აზრით, ბრბო თავად იქცა დიდი ძალაუფლების მომხვეჭელად, რაც არაერთ სირთულეს უქმნის კაცობრიობას. წინამდებარე ნაშრომი კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია მასების ფსიქოლოგიის შესწავლის გზაზე.
სიკვდილმისჯილი ადამიანი სიცოცხლის ბოლო დღეს თავის გრძნობებსა და შეხედულებებს გადმოსცემს, სასოწარკვეთილი შეწყალებას ითხოვს, მაგრამ ნუგეშს ვერსად ნახულობს, მღვდელიც კი დაზეპირებული ფრაზებით ესაუბრება. მოთხრობა შესაძლოა წაკითხულ იქნას, როგორც ავტორის გალაშქრება სიკვდილით დასჯის წინააღმდეგ (1829).
იბსენის შედევრად მონათლული ეს პიესა, რომელიც 1886 წელს დაიწერა, ერთის მხრივ, სოციალურ-პოლიტიკურ ცვლილებებსა და, მეორეს მხრივ, ღრმა და ფარულ პიროვნულ კონფლიქტს ასახავს, რაც პიესის მთავარი გმირების, როსმერისა და რებეკას სახით ვლინდება. „როსმერსჰოლმი“ ზიგმუნდ ფროიდის საყვარელი პიესა გახლდათ.
დეჰუმანიზებული საზოგადოება, სულიერების დათრგუნვა, მანქანების ბატონობა, ეტატიზმი - ესაა ადამიანის თანამედროვე გარემო მაშინ, როდესაც ბერდიაევი ამ თხზულებას ქმნის და ასევეა დღესაც, თითქოს არაფერი შეცვლილა... ხოლო თუ ახალი სულიერების მოძებნა ვერ მოხერხდება, ავტორისავე სიტყვებით, "ადამიანი ორი მიმართულებით დაიშლება - ცხოველურობის ან მანქანურობის მიმართულებით."
სახელოვანი მწერალი ვენაში ბრუნდება შვებულებიდან და უცნობი ქალის წერილს იღებს, ვინც, როგორც აღმოჩნდება, მის მეზობლად ცხოვრობდა სიყრმის ასაკში და უზომოდ იყო მასში შეყვარებული მთელი ცხოვრების განმავლობისას, თუმცა არაერთი შეხვედრისას მწერალი ქალს ვერც ერთხელ ვერ ცნობს. მოთხრობა ამ ქალის ტრაგიკულ ისტორიას მოგვითხრობს ცვაიგისთვის დამახასიათებელი გზნებითა და აკურატული ფსიქოლოგიური დეტალებით.