თებეს ციკლის მესამე პიესაში დანაშაულისა და ბედისწერის თემებია პირველ პლანზე წამოწეული. თუმცა ოიდიპოსი სრულად დამნაშავედ არ შეიძლება ჩაითვალოს, რადგან მიუხედავად ჩადენილი დანაშაულისა, მან არ იცოდა, რომ დანაშაულს სჩადიოდა, ის მაინც ვერ აიცდენს იმას, რაც ბედისწერით აქვს განკუთვნილი. ღვთიური კანონის დარღვევა, მიუხედავად დამრღვევის პოზიიციისა, დანაშაულია და იგი ისჯება. დრამა შექმნილია სოფოკლეს სიკვდილამდე მცირე ხნით ადრე, დაახლოებით ჩვ. წ.ა. 406 წელს.
აბსურდის თეატრის აღიარებული ოსტატის, ეჟენ იონესკოს "სკამების" მთავარი მოქმედი პირები, ბერიკაცი და დედაბერი, სრულ უაზრობაში ცხოვრობენ, თუმცა, მიუხედავად ამისა, კეთილდღეობის ილუზორული განცდის შექმნას ცდილობენ, ეს ილუზია კი სკამებია, მათი უკანასკნელი საშუალება ფუჭად განვლილი ცხოვრების შესანიღბად. გამოქვეყნდა 1952 წელს და იმავე წელს შედგა სასცენო პრემიერა.
იბსენის შედევრად მონათლული ეს პიესა, რომელიც 1886 წელს დაიწერა, ერთის მხრივ, სოციალურ-პოლიტიკურ ცვლილებებსა და, მეორეს მხრივ, ღრმა და ფარულ პიროვნულ კონფლიქტს ასახავს, რაც პიესის მთავარი გმირების, როსმერისა და რებეკას სახით ვლინდება. „როსმერსჰოლმი“ ზიგმუნდ ფროიდის საყვარელი პიესა გახლდათ.
მე-20 საუკუნის ერთ-ერთ უდიდეს ამერიკულ პიესად შერაცხული ეს ნაწარმოები უბრალო კომივოიაჟერის, ვილი ლომენის ამბავს მოგვითხრობს, ვინც იმდენს ოცნებობდა წარმატებაზე, რომ საბოლოოდ ოცნებაში გადასახლდა... ამერიკული ოცნება კი, მიუწვდომელი ან, უკეთეს შემთხვევაში, მისაწვდომი მხოლოდ სიკვდილის შემდეგ არის. პირველად გამოქვეყნდა 1949 წელს.
პიესა იასონისა და კოლხეთის მეფის ასულის, მედეას, მითის ირგვლივაა შექმნილი. ქმრისგან მიტოვებული მედეა შურს იძიებს იასონზე მისი საცოლისა და მათი საერთო შვილების მოკვდინების გზით. შექმნის პერიოდისათვის ეს შოკისმომგვრელი ნაწარმოები მე-20 საუკუნეშიც ყველაზე ხშირად განსახიერებულ ბერძნულ პიესად დარჩა.
„ყაჩაღები“ ფრიდრიხ შილერის პირველი დრამაა, რომელიც 1781 წელს გამოქვეყნდა და 1782 წელს დაიდგა. მოქმედება ვითარდება ორი არისტოკრატი ძმის, კარლ და ფრანც მოორების კონფლიქტის ირგვლივ. მასში მრავალი წინააღმდეგობრივი საკითხია წამოჭრილი, მაგალითად, ზღვარი პიროვნულ თავისუფლებასა და ვალდებულებას შორის; ავტორი ასევე იძიებს ძალაუფლების პრობლემას და არსებით სხვაობას ბოროტსა და კეთილს შორის.
"ჰამლეტი" ანუ სრული სახელწოდებით "ტრაგედია დანიის უფლისწულ ჰამლეტისა" არის უილიამ შექსპირის ყველაზე პოპულარული და გავლენიანი პიესა, დაწერილი 1599 და 1602 წლებს შორის, რომელშიც დრამატიზებულად არის გადმოცემული დანიის უფლისწულის შურისძიება მისი ბიძის - კლაუდიუსის წინააღმდეგ, რომელმაც საკუთარი ძმა, ჰამლეტის მამა - მეფე ჰამლეტი მოაკვდინა ტახტზე ასასვლელად და ძმის ქვრივი, ჰამლეტის დედა - გერტრუდა შეირთო ცოლად. შემოთავაზებულია ინგლისური ტექსტი.
საზარელი წინასწარმეტყველება, რომელიც მშობლის მკვლელობასა და დედასთან ქორწინებას გულისხმობდა, ახდენილია. თებეს მეფე ოიდიპოსია ის, ვინც მამამისი ლაიოსი მოკლა და დედა -იოკასტე შეირთო ცოლად. მწარე სიმართლის შეტყობამ იოკასტე თვითმკვლელობამდე მიიყვანა. ოიდიპოსი? თუმცა ის სრულებით არ არის დამნაშავე ჩადენილში, იღებს პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე და თვალებს დაითხრის. არისტოტელეს მიერ „ოიდიპოს მეფე“ შედევრად იყო მიჩნეული. ასეც არის.
თანამედროვეობის ერთ-ერთი ყველაზე ამაღელვებელი პიესა, განუხორციელებელი და გადავადებული იმედების რექვიემი, ეგზისტენციალიზმის დრამატურგიული ხორცშესხმა, პიესა, რომლის ამომწურავად წაკითხვა დღემდე შეუძლებელ ამოცანად რჩება. მიჩნეულია "XX საუკუნის ყველაზე გავლენიან ინგლისურენოვან დრამატურგიულ ნაწარმოებად."