„საგალობელნი სიყვარულისა“ უთუოდ გამორჩეული რომანია ფრანგი მწერლისა და მსახიობის, ანა ვიაზემსკის შემოქმედებაში. ნაწარმოებმა გამოქვეყნებისთანავე მიიპყრო კრიტიკოსების ყურადღება და რამდენიმე პრესტიჟული ლიტერატურული ჯილდოც დაიმსახურა. გამოცემისთანავე აღიარეს შედევრად. ფრანგმა რეჟისორმა, ჟან-პოლ სივეირაკმა, წიგნის მიხედვით გადაიღო ფილმი, რომელსაც ჟან ვიგოს სახელობის პრემია გადაეცა. ალბათ, ესაა რომანი, ყველაზე კარგად რომ დაგვანახებს მწერლის შინაგან სამყაროს და ნათელს მოჰფენს მის ცხოვრებას. რომანს უწყვეტ რეფრენად გასდევს ცნობილი ფრანგი მომღერლის, ედით პიაფის ლეგენდარული სიმღერა, „საგალობელი სიყვარულისა“. პიაფმა, ამ გოგონა-ბეღურამ, ერთი საგალობელი უძღვნა ამ დიად გრძნობას, ანა ვიაზემსკიმ და მისმა მშობლებმა – მრავალი. ამიტომაც უწოდა „საგალობელნი“.
გთავაზობთ თურქი კლასიკოსი მწერლის, რეშად ნური გიუნთექინის რომანს ,,ნარჩიტა“. ნაწარმოებში ასახულია ადრე დაობლებული პატარა ფერიდეს ცხოვრება, რომელიც მშობლების გარდაცვალების მერე დეიდასთან იზრდებოდა. დეიდას ფერიდეზე ცოტა უფროსი ვაჟი, ქამურანი ყავდა. მალე დეიდაშვილებს შორის სიყვარულმა იმძლავრა. ყველაფერი ბედნიერი ქორწილით დასრულდებოდა, რომ არა ერთი შემთხვევა. ფერიდე შეიტყობს, რომ მათ შორის სხვა ქალი ჩამდგარიყო. სასოწარკვეთილი ქალი სახლიდან გარბის და არ იცის, რა ელოდება წინ, რა ინტრიგებს უმზადებს ცხოვრება და მოუწევს თუ არა კიდევ ქამურანთან შეხვედრა.
რომანში “ზამთარი სოჰოში” მოქმედება სამხრეთ კორეის პატარა საპორტო ქალაქში ხდება. მთხრობელი, ნახევრად ფრანგი და ნახევრად კორეელი გოგონა, რომელსაც ფეხი არასოდეს დაუდგამს ევროპაში, შთაგონების საძებნელად ჩამოსულ ნორმანდიელ კომიქსების მხატვარს ხვდება. ამ ორი განსხვავებული კულტურის წარმომადგენელს შორის ფაქიზი გრძნობები ისახება, მაგრამ...
„მთარგმნელის საცოლე“ 2015 წელს გამოქვეყნდა, ხოლო 2019 წელს თავად ავტორმა თარგმნა ინგლისურ ენაზე, თან - რამდენადმე სახეცვლილი. წიგნი მოგვითხრობს მთარგმნელის ერთ სევდიან დღეზე, რომელიც საცოლემ მიატოვა და გემით შორეულ ქვეყანაში გაემგზავრა. თუ იგი წიგნის თარგმნის უფლებას მოიპოვებს და პატარა ყვითელ სახლს შეიძენს, იქნებ საცოლე უკან დაიბრუნოს... ეს აკვიატებული აზრი უტრიალებს მთარგმნელს გონებაში, როდესაც უსახელო ქალაქში დახეტიალობს და ცდილობს იპოვოს გზა საცოლისა და ცხოვრების უკან დასაბრუნებლად. გამომცემლები კუთვნილ ჯამაგირს დროულად არ უხდიან, როდესაც მისი დღეები დონა ლუკრეციას სახლის ნაქირავებ ცივ ოთახში ლიტერატურისა და საქმიანი ქაღალდების თარგმანში მიედინება, ცუდად იკვებება და სანთლის შუქზე მუშაობს. ფსიქოზური იდეებით შეპყრობილი მთარგმნელისთვის ყველაფერი აუტანელი ხდება, რადგან ელენა მის გვერდით აღარ არის. „მთარგმნელის საცოლე“ - ეს არის ერთი დღე ერთი მთარგმნელისა, რომლის ტკივილს უთუოდ გაიზიარებთ განურჩევლად იმისა, მთარგმნელი ხართ თუ არა.
ამ წიგნში წარმოდგენილი კრისტიან კრუსატის ექვსი მოთხრობა მკითხველს ამოგზაურებს მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში, დაწყებული ხმელთაშუაზღვის სანაპიროს მშრალი პეიზაჟებიდან, დამთავრებული გენიალური სერბი მწერლის, მილორად პავიჩის წიგნის გვერდებით. წერის განსაკუთრებული სტილის წყალობით მწერალი თავის პერსონაჟებს მიუძღვება შიშის, ეჭვებისა და სურვილების უფსკრულებისკენ, რომლებიც ჩვენს თანამედროვე ყოფას ქმნიან. 2013 წელს წიგნმა ევროკავშირის ლიტერატურული პრიზი მიიღო.
ბავშვთა პროსტიტუციის საკითხი, რომელიც თანამედროვე მონათმფლობელობის უმძიმეს ფორმას წარმოადგენს, დღევანდელი მსოფლიოს ერთ-ერთი ჭირია. „გოგონა და მესიზმრე კაცი“ მოურიდებლად, უშიშრად გვიყვება ამ პრობლემის არაერთ ასპექტზე და, მწერლის არაჩვეულებრივი ლიტერატურული ოსტატობის წყალობით, რომანს დიდი ლიტერატურის მრავალშრიან, წინააღმდეგობრივი შუქ-ჩრდილებით სავსე, დაუვიწყარ ნიმუშად გადააქცევს. თარგმანი მთელ ამ ნიუანსებს ადეკვატურად ასახავს და წიგნი ქართველი მკითხველისთვისაც ორიგინალის სადარი შთაბეჭდილებით იკითხება.
მიყრუებული სოფელი ხეების ჩრდილში... დეიდა, რომელიც წარსულზე არ საუბრობს და სახლი, სადაც ყველაფერი უცხო და უინტერესოა თავის თავში ჩაკეტილი, მარტოსული ობლისთვის - ეს ის სამყაროა, რომელშიც მაია მოულოდნელად აღმოჩნდება... როგორც კი წამოიზრდება, მაია ტოვებს სოფელს და შორეულ ქალაქში გადადის საცხოვრებლად. ერთ დღეს კი პატარა შვილთან ერთად დედის სამშობლოში მიემგზავრება, რათა დაკარგული ფესვები მოძებნოს... „ოდესღაც რბილ ბალახზე დავრბოდი თურმე“ ახალგაზრდა ავსტრიელი მწერლის, კაროლინა შუთის მეორე რომანია, რომელმაც 2015 წელს ევროკავშირის ლიტერატურული პრიზი მიიღო.
წიგნის გმირი 30 წლის ასაკში ლონდონური ხმაურიანი საღამოებისა და ალკოჰოლიზმის საწინააღმდეგო სარეაბილიტაციო კურსის გავლის შემდეგ შინ — ორკნის კუნძულებზე ბრუნდება. იგი ცდილობს თავი დააღწიოს სასმელზე დამოკიდებულების მავნე ჩვეულებას და ჯანსაღ ცხოვრებას დაუბრუნდეს. თუმცა წარსულის დავიწყება იოლი არ არის — ზღვის ტალღების ხმა, კუნძულის კლდოვან ნაპირებს რომ ეხეთქება, მას ისევ ლონდონში აბრუნებს და გადატვირთული ქუჩების ხმაურს აგონებს, ზღვაზე არეკლილი მზის სხივები კი — ღამის კლუბების ნეონებს... მისი ორი სამყარო ერთმანეთზეა გადახლართული. ახალგაზრდა ქალი ცდილობს გაერკვეს, ეს ცხოვრების ორი უკიდურესობაა თუ რეალობასთან ურთიერთობის განსხვავებული გზები...
თავის მთავარ ნაშრომში ირლანდიელი ფილოსოფოსი იმატერიალიზმის შეხედულებას აყალიბებს, რომლის თანახმად არაფერი მატერიალური არსებობს, სანამ რაიმეს ან ვინმეს მიერ არ აღიქმება. განსხვავებით სოლიფსიზმისგან, რომლის შესაბამისად მხოლოდ "მე" არსებობს, ბერკლის შეხედულება იმაში მდგომარეობს, რომ მატერიალური საგნები - იდეებია, რომლებიც ცალკეული ცნობიერი გონების მიერ არის ფორმირებული.
ეს წიგნი ექვსი განაზრებისგან შედგება, რომლებშიც დეკარტი თავდაპირველად ყველაფრის რწმენას უარყოფს, შემდეგ კი თანდათანობით ცდილობს მივიდეს იმის რწმენასთან, რისი რწმენას დაუეჭვებლად არის შესაძლებელი. ეს ნაშრომი ყველაზე დეტალურად განმარტავს დეკარტის მეტაფიზიკურ სისტემას, განავრცობს რა იდეებს, რომლებიც მოცემულია მეოთხე ნაწილში მისი "მსჯელობისა მეთოდის შესახებ".
ძნელათ თუ მოიძებნება ისეთი იდუმალებით მოცული თხზულება როგორიც "დიგენის აკრიტასია". მან თითქოს გაიზიარა ბედი იმ საზოგადოებისა, რომლის წიაღშიც შეიქმნა - ბიზანტიის დაცემის შემდგომ, მრავალი საუკუნის განმავლობაში უკვალოდ დაკარგული, მხოლოდ მე-19 საუკუნის ბოლოს იქნა აღმოჩენილი, რითაც პოემამ თავისი "მეორე ცხოვრება" დაიწყო.
"მედეა" - სენეკას პირველი ტრაგედიაა, რომელიც ქართულად ითარგმნა. სიუჟეტი შემოიფარგლება კორინთოში დატრიალებული უბედურების ერთი დღით, თუმცა ტრაგედიას ფონად გასდევს არგონავტების მითის უმნიშვნელოვანესი ეპიზოდები. ტრაგედიის მოქმედება იწყება მას შემდეგ, რაც მედეა შეიტყობს თავზარდამცემ ამბავს: კრეონს სურს იასონი მედეას დააშოროს და საკუთარი ასული შერთოს ცოლად, ხოლო თავად მედეა კორინთოდან გააძევოს.
ელინური სამყაროს დრამატურგთა დიდებულ სამეულში ევრიპიდე ქალთა სახეების ვირტუოზული წარმოჩენით გამოირჩევა. ამ თვალსაზრისით ,,მედეა" განუმეორებელია, რადგანაც მის ხასიათში მთელი სიმძაფრით აისახა თავად ავტორის მისწრაფება, რაც შეიძლება ღრმად შეეღწია ადამიანის სულიერ სამყაროში და შეეძრა იგი. ქალთა სახეების გალერეაში მედეა დამკვიდრდა არა თავისი სიწმინდითა და სათნოებით, არამედ ხასიათის სიძლიერით.